ავტორი:

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის - Washington Post

რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის - Washington Post

“რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ შეტევების განსახორციელებლად სამიზნეებზე აწვდის ინფორმაციას, ეს არის პირველი ნიშანი, რომ აშშ-ის კიდევ ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, თუნდაც არაპირდაპირი გზით, მაგრამ მაინც ჩაერთო მიმდინარე ომში“, - ამის შესახებ Washington Post -ს დაზვერვასთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

გამოცემის თანახმად, რუსეთის დახმარება, რომლის შესახებაც აქამდე ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა, მიუთითებს, რომ სწრაფად მზარდ კონფლიქტში უკვე მონაწილეობს ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ბირთვული კონკურენტი, რომელსაც მაღალ დონეზე განვითარებული სადაზვერვო შესაძლებლობები აქვს.

“გასული შაბათიდან, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ირანს უკვე გადასცა აშშ-ის სამხედრო აქტივების მდებარეობა, მათ შორის სამხედრო გემებისა და ავიაციის პოზიციები“, - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც საკითხის მნიშვნელობის გამო ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, მოსკოვმა კონფლიქტს “არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი“ უწოდა და მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

თუმცა ჯერ კიდევ ნათელი არ არის რამდენად დიდ როლს თამაშობს რუსეთის დახმარება ირანისთვის სამიზნეების განსაზღვრაში, ოფიციალური პირების თქმით, ბრძოლების დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ირანის სამხედრო ძალების შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარკვეულწილად დასუსტდა.

ამ კვირას მიმდინარე ბრიფინგის დროს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტში “რუსეთი და ჩინეთი რეალურ ფაქტორებს არ წარმოადგენენ“.

რუსეთის მხარდაჭერის შესახებ ინფორმირებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა:

“მიუხედავად ახლო ურთიერთობისა, არ ჩანს, რომ ჩინეთი ირანის თავდაცვას ეხმარებოდეს“.

კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩომაც, ოფიციალურმა პეკინმა კი კონფლიქტის დასრულებისკენ მოუწოდა მხარეებს.

ანალიტიკოსების თქმით, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ის ძალებზე ირანის თავდასხმების ხასიათს შეესაბამება, რაც სარდლობისა და კონტროლის ინფრასტრუქტურაზე, რადარებზე და დროებით ობიექტებზე იერიშებს მოიცავს.

ბოლო დღეებში დარტყმის ქვეშ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, აშშ-ის საელჩოში მდებარე CIA-ის რეზიდენციაც მოხვდა.

რუსეთის სამხედრო საკითხების ექსპერტმა დარა მასიკოტმა გამოცემასთან განაცხადა:

“ირანი ადრეული გაფრთხილების ან ჰორიზონტის მიღმა მოქმედ რადარებზე ძალიან ზუსტ დარტყმებს ახორციელებს... ისინი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. მიზანში იღებენ სარდლობასა და კონტროლის სისტემებს”.

"ირანს მხოლოდ რამდენიმე სამხედრო თანამგზავრი აქვს და საკუთარი თანამგზავრული ქსელი საერთოდ არ გააჩნია, ამიტომ რუსეთის ბევრად უფრო განვითარებული კოსმოსური შესაძლებლობებით მიღებული გამოსახულებები ირანისთვის ძალიან ღირებული იქნებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის ომში მრავალწლიანი გამოცდილებით საკუთარი სამიზნეების განსაზღვრის უნარი დახვეწა", - წერს გამოცემა. წყარო

იხილეთ ასევე: