ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია - აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. "უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მათ შესაძლო გავლენაზე სამხრეთ კავკასიაზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როგორ ან რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები - ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს.თუ ყველაფერი შედარებით მოკლე ან საშუალო პერიოდში დასრულდა, ვფიქრობ, მსოფლიო დალაგდება ისე, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იდეალური არ იქნება, მაგრამ ცივილიზებული სამყარო დაიბრუნებს დომინაციას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, თანასწორობისა და თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებით. შესაბამისად, ახალი გლობალური წესრიგი უფრო უკეთესი იქნება. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ამოსუნთქვის საშუალება მიეცა ირანსა და მის ავტორიტარული რეჟიმის მქონე პარტნიორებს, მაშინ შესაძლოა გაჩნდეს დამატებითი სირთულეები. იმედია, საქმე აქამდე არ მივა.
დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად პოზიტიური ამ დრამატულ ისტორიულ მომენტში არის ის, რომ რუსეთი ამ დიდ გლობალურ პროცესებში საკუთარ პოლიტიკურ იმპოტენციას აჩვენებს. მას მოუწია თავისი პარტნიორი ვენესუელა ისე დაეთმო, რომ ვერაფერი გააკეთა. ახლაც პრაქტიკულად პარალიზებულია ირანთან დაკავშირებულ პროცესებში. შესაძლოა კულუარებში რაღაცას ცდილობს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ირანს, თუმცა რეალურად მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამით მსოფლიო კარგად ხედავს, რომ რუსეთის პრეტენზია ზესახელმწიფოს სტატუსზე და მისი იმპერიული ამბიციები რეალურ საფუძველს მოკლებულია. ასე რომ, ერთი მხრივ, რთული პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს ის გარკვეულ იმედსაც იძლევა.
რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ის, რასაც ვხედავთ, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამ ყველაფერს, მათ შორის ირანშიც. ჩვენ ამ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობასაც უნდა თანავუგრძნოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სასტიკია რეალობა.
- ამ კონფლიქტის ჭრილში სამხრეთ კავკასიაზეც მინდა ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოთხი დრონი თავს დაესხა აზერბაიჯანს - ერთი ნახიჩევანის აეროპორტთან ჩამოვარდა, მეორე კი სკოლასთან. აზერბაიჯანმა პირდაპირ დაადანაშაულა ირანი, თუმცა თეირანი ამას უარყოფს. უკვე მეორე დღეს აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დააკავეს ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ტერორისტულ აფეთქებებს გეგმავდა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმ გლობალური დაპირისპირების ფონზე, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, რამდენად რეალურია, რომ სამხრეთ კავკასიაც აღმოჩნდეს ჩათრეული? ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად საქართველოს ბედი გვაშფოთებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, რამდენად მზად ვართ?
- ირანი ამ მძიმე ომში ერთგვარ ტერორისტულ ტაქტიკას მიმართავს. მათ, ფაქტობრივად, 12 ქვეყანა გახადეს ამ ომის მონაწილე. თითქოს ომის მხარეები ცნობილია, მაგრამ ირანი ცდილობს გააფართოოს კონფლიქტის მასშტაბი და მძევლად აიყვანოს მთელი რეგიონი. ამას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით ამართლებენ, თუმცა ეს კლასიკური ტერორისტული ქცევაა - როდესაც მძევლებს აიყვან იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო.
სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეგიონში ვართ. მართალია, ირანთან პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს, მაგრამ არსებობს ლოჯისტიკური ხაზები. თქვენ ახსენეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ნავთობი ისრაელსაც მიეწოდება და სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ირანის სამიზნედ იქცეს. აზერბაიჯანის განცხადებით, ეს მათ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ საქართველოშიც. ეს რისკები ნამდვილად არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ირანის რეჟიმისგან - და არა ირანელი ხალხისგან - მომდინარე პოტენციური საფრთხეები სათანადოდ არც გაანალიზებულა და არც გაუთვალისწინებიათ, მით უფრო, რომ ირანი რუსეთის პარტნიორიც არის და თავადაც რეგიონული იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო იმას ვხედავთ, როგორ არის უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების თვალთვალით, დევნითა და შიდაპოლიტიკური პროცესებით დაკავებული. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში ქვემო ქართლში, სადაც ირანული გავლენა ძალზე გაიზარდა. როგორც ამბობენ, ბევრი ჩვენი ახალგაზრდა მუსლიმანი მოქალაქე მიჰყავდათ ირანში და ამზადებდნენ თითქოს სასულიერო მოღვაწეებად. რეალურად რა ხდებოდა იქ, ზუსტად არ ვიცით და ეჭვი მაქვს, ეს არც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ სრულად შესწავლილი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში ფუნქციონირებდა სანქცირებული და ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ირანული უნივერსიტეტის ფილიალები. ამ დაწესებულებებში რა ხდებოდა, არ ვიცით. იგივე ითქმის ირანელების დაფინანსებულ მეჩეთებზე, მედრესეებსა და საკვირაო სკოლებზე - რას ასწავლიან იქ, ხომ არ მიმდინარეობს იდეოლოგიური მომზადება? თუ ეს ყველაფერი არ კონტროლდებოდა, ბუნებრივია, ეს რისკებს უფრო ზრდის და შესაძლოა საქართველოში გაჩნდნენ ფანატიკური ჯგუფები, რომლებიც ერთ დღეს გააქტიურდებიან.
შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარები? - ამ თემაზე დასმული კითხვები სავსებით ლეგიტიმურია. ჩვენ ეს კითხვები უნდა დავუსვათ სპეცსამსახურებს, რომლებიც ვალდებული არიან იმოქმედონ და უპასუხონ საზოგადოების კითხვებს, რამდენად დაცულია ქვეყანა ირანის იდეოლოგიური გავლენებისგან, რაც მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი, აზერბაიჯანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ჩვენ მარტივად გავუხსენით საზღვრები ირანს. ისინი შეშფოთებული იყვნენ, რომ საქართველოში შეიძლებოდა ირანული გავლენის პლაცდარმი შექმნილიყო და გვთხოვდნენ, ეს პროცესი უფრო მკაცრად ყოფილიყო გაკონტროლებული. აზერბაიჯანი მაშინვე ხედავდა იმ საფრთხეებს, რომელთა რეალიზაციასაც ახლა ვხედავთ.
მას შემდეგ, რაც ეს კითხვები დაისვა და ამ პრობლემაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი, სუს-ი დაინტერესდა. როგორც გვითხრეს, გამოკითხვაზე დაიბარეს ის პირები, რომლებმაც საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება - თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე. არადა, ის ინფორმაცია ღია წყაროებით კარგა ხანია ვრცელდება. უცნაურია, რომ სუს-ი ამ საკითხით მხოლოდ ახლა დაინტერესდა, მაშინ როდესაც მათი მთავარი ფუნქცია სწორედ სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. სინამდვილეში ეს უწყება გადაქცეულია პარტია "ქართული ოცნების" უსაფრთხოების რგოლად. ახლა სუს-ი რის გარკვევას ცდილობს და რატომ დაიბარა ისინი? ალბათ, ისევ საზოგადოების დასათრგუნად და გასაჩუმებლად. თუ სუს-ს დღეს სწორედ ხიდაშელისა და სანიკიძისგან სურს გაარკვიოს, რეალურად რა ხდებოდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვართ. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ისრაელის საელჩოს განცხადებაც. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: