საქართველოში ჩატარებული ტენდერების შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ.
- ტენდერების ჩატარების პროცესი გაუმჭვირვალეა. თვით საკრებულოსაც კი ზოგჯერ თვეები დასჭირვებია, დოკუმენტაციის მოსაპოვებლად ამა თუ იმ ტენდერზე. ბუნებრივია, ეს იწვევს სერიოზულ ეჭვს. როდესაც იხარჯება სახელმწიფოს ფული, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. მეტიც, მერია ვალდებულია, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა სამუშაოები შესრულდა, რა თანხებია გადარიცხული და სხვა. ამ საკითხით ჩვენი დაინტერესება ერთი კომპანიის საქმიანობამ გამოიწვია.
- რომელი კომპანიის?
- არის ასეთი კომპანია - "ბაზალტი იმპულსი", რომელმაც მოიგო ტენდერი და უნდა შეესრულებინა სამუშაოები ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის მოსაწყობად. საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ამ ერთი ორგანიზაციის მაგალითზეც კი დავრწმუნდით, რომ მერია არ აკონტროლებს ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებს, რადგან "ბაზალტი იმპულსის" ხელმძღვანელობამ თანამშრომლების ხელფასებიც კი არ გაისტუმრა და, სავარაუდოდ, მიითვისა.
ტენდერში გამარჯვებული ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, თვეში ერთხელ გადაუგზავნოს მერიას შესრულებული სამუშაოების სრული ნუსხა, სადაც მითითებულია თანხა, რომელიც დაიხარჯა, რამდენია სახელფასო ფონდი და სხვა ხარჯები. ამ კომპანიას, ანუ "ბაზალტი იმპულსს" სახელფასო ფონდში მითითებული აქვს გამოყოფილი თანხის 21 პროცენტი. ჩვენთან მოვიდა 60-მდე მუშა, ისინი სწორედ ამ კომპანიის თანამშრომლები არიან და გულისტკივილით გვითხრეს, რომ 3-4 თვის ხელფასი არ აუღიათ... ჩვენ ვთხოვეთ საკრებულოს სარევიზიო კომისიას, რომ დაიწყოს ამ თემის გამოძიება.
- თუმცა, მსგავსი ფაქტები მხოლოდ საკრებულომ არ უნდა შეისწავლოს.
- რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის, კონტროლის პალატისა და სამართალდამცავი უწყებების საქმე. სწორედ ისინი უნდა დაინტერესდნენ ამგვარი ფაქტებით, მაგრამ რაღაც ჯგუფი უნდა იყოს მერიაში, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებს. არ შეიძლება მერია იყოს ავტონომიური ორგანო, ეს არ არის რაღაც შპს, ეს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა, რომელიც ვალდებულია, პასუხი აგოს ხალხის წინაშე.
თავის დროზე საკრებულოსაც რომ შეესრულებინა თავისი ფუნქციები, არ მივიღებდით ბევრ უსარგებლო პროექტს, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. კონკრეტული მაგალითები გნებავთ? შუშის ხიდი, მოძრავი ბურთი, რომელიც რიყეზე დაამონტაჟეს და ხალხს კიდევ ერთი სახუმარო თემა გაუჩინეს, ახვლედიანის ქუჩაზე ასფალტის ნაცვლად ქვაფენილი დააგეს, რის შემდეგაც იქ მოქმედ ბარებში წყალი შევიდა და მერე ისევ ასფალტის დაგება გახდა აუცილებელი.
რა მდგომარეობაშია ამ ხელისუფლების მიერ დაგებული გზები, ყველა ვხედავთ... ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი? "ბაზალტი იმპულსმა" ტენდერის დროს ფასი კი დასწია, მაგრამ რა მივიღეთ? - სამუშაო არ არის შესრულებული, საქმე დაზარალდა, პროექტი ჩავარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გაიფლანგა და წყალში ჩაიყარა.
- ბატონო ჯაბა, საუბრის დასაწყისში თქვით, რომ დოკუმენტაციის მოპოვება საკმაოდ რთულია. "ბაზალტი იმპულსის" შემთხვევაშიც ასე იყო?
- სამწუხაროდ, ასეა. როდესაც საკრებულოს წევრი ვერ იღებს თვეების განმავლობაში ამა თუ იმ დოკუმენტაციას, უბრალო მოქალაქეზე რაღა უნდა ითქვას? თუმცა უნდა ვაღიარო, რომ "ბაზალტი იმპულსთან" მე პრობლემა არ მქონია. მოვითხოვე და ზეპირი ინფორმაცია თავის დროზე მომაწოდეს, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს სასამართლოშიც კი მოუხდათ მისვლა იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც ინტერნეტში უნდა იდოს. "ბაზალტი იმპულსის" მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორ არის ეს სისტემა დახავსებული. მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში ედო ამგვარ საქმეებს გრიფი - "საიდუმლო". ეს საჯარო ინფორმაციაა და არავის აქვს უფლება, გაასაიდუმლოოს.
- რა პოზიცია აქვს თბილისის მერიას ამ საკითხში?
- ამბობენ, რომ თანხა კომპანიას გადაურიცხავს. ეს მედლის ერთი მხარეა, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც: მათ უნდა იცოდნენ ჩატარებული სამუშაოს ხარისხი, მოცულობა, უნდა შეძლონ იქ დასაქმებული ადამიანების დაცვა. მათთვის მთავარია, ვიზუალურად რა ჩანს, მაგრამ იქ დასაქმებული ადამიანები მივიწყებული ჰყავთ. როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია ტენდერს იგებს, ვალდებულია, სამუშაო მთლიანად შეასრულოს, თითოეული თეთრის დახარჯვა უნდა გაკონტროლდეს, რადგან ეს თანხა არც გიგი უგულავასია და არც "ბაზალტი იმპულსის", ეს ხალხის ფულია.
- საინტერესოა, რას ამბობენ "ბაზალტი იმპულსის" ხელმძღვანელები?
- კომპანიის ხელმძღვანელი არჩილ გორდულაძეა, რომელმაც ჩვენთან კონტაქტს თავი აარიდა, ვერც მე მოვახერხე მასთან დაკავშირება. ახლა ვცდილობთ, მოვიწვიოთ საკრებულოს სხდომაზე და მოვისმინოთ მისგან ახსნა-განმარტება, რატომ არ გადაუხადა მუშებს კუთვნილი ხელფასი. იმის გამო, რომ საქართველოში სამუშაო არ არის, ხალხი იძულებულია, ყველაფერი აიტანოს და დღედაღამ იმუშაოს. უბედურება არის ის, რომ მილიონები იყრება წყალში, როდესაც ამ თანხით უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება შეიძლებოდა.
P.S. ვცადეთ დავკავშირებოდით კომპანია "ბაზალტი იმპულსის" ხელმძღვანელს, არჩილ გორდულაძეს, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)