პოპულარულ ინტერნეტგვერდ "იუთუბიზე" არაერთ ვიდეოკლიპს გადააწყდებით, სადაც სომხეთის ძლიერ წარსულს, აწმყოსა და მომავალზე ზღაპრებს ჰყვებიან.
ხშირად ჩვენი მეზობლები ამ კლიპებში არც ისტორიის გაყალბებას ერიდებიან და არც სხვისი კულტურული მიღწევების მითვისებას. მათი მთავარი სამიზნე კი საქართველოა.
ეს კლიპები, ერთი შეხედვით, სასაცილოდაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არ ვიცოდეთ სომხეთის არაერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის პოზიცია, როდესაც ისინი ქართული ისტორიული მიწის, ძეგლებისა თუ ბრენდების მითვისებასაც კი არ თაკილობენ. "ყველა სიახლე" წერდა, როგორ გამოაცხადეს ერთ-ერთ კლიპში აფხაზეთი ძირძველ სომხურ მიწად, სახელიც კი შეურჩიეს: "აფხაზეთის სომხური რესპუბლიკა."
ამჯერად ზემოთ ნახსენებ ინტერნეტგვერდზე გამოჩნდა კლიპები, სადაც ლაპარაკია ჯავახეთზე, ნაჩვენებია ჯავახეთის დროშა, ჰიმნი და გერბი. არსებობს რამდენიმე ასეთი ვიდეოკლიპი, სადაც ზოგან სომხურად, ზოგან კი რუსულად გვიყვებიან, რომ ჯავახეთი უძველესი სომხური მიწაა. იქვე მოცემულია რუკები, სადაც ჯავახეთის შემადგენლობაში მონიშნულია ბორჯომი და ბაკურიანი.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ფორმით ორ მეზობელ ერს შორის შუღლის გაღვივებას მესამე ძალა ცდილობს, რაც გამორიცხული არ არის, თუმცა ამ საკითხისადმი განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ დროდადრო როგორ აქტიურდება ეს თემა, ცოტა ხნის წინ როგორ მოითხოვეს რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა ჯავახეთის ავტონომია...
"იუთუბიზე" გადავაწყდით კიდევ ერთ კლიპს, სადაც გვიყვებიან რუსეთის და სომხეთის დიდ მომავალზე - მოცემულია სქემა, როგორ გაიყოფენ რუსეთი და სომხეთი კავკასიას... ამბობენ, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო...
P.S. პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის ერთხელ სომეხ კოლეგას უთქვამს, შოთა რუსთაველი სომეხი იყო და მაგას წყალი არ გაუვაო. რაზეც ბატონ ჯანსუღს უპასუხია: წარმოგიდგენია, მშობლიური ენა როგორ ეჯავრებოდა, "ვეფხისტყაოსანი" ქართულად რომ დაწერაო...
ანა გიორგაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)