სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობა "რატომ?"-ის ლიდერი მერაბ ჭიქაშვილი დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მთლიანობაში დაკავებულია 5 მომიტინგე.
დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციის თანამშრომლებსა და შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ყაზბეგის გამზირის გახსნისკენ მოუწოდებდა, რასაც მოპიკეტეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.
საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო ტრასა მაინც დაატოვებინეს, შეხლა-შემოხლის დროს კი მერაბ ჭიქაშვილი დააკავეს.
საპროტესტო აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ამჟამადაც გრძელდება. აქციის მონაწილეები ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებას აპროტესტებენ. ისინი სასჯელაღსრულების მინისტრისგან გამოხმაურებას და პატიმრების დედებთან შეხვედრას ითხოვენ. სამინისტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.