დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ ემუქრება საფრთხე. სამონასტრო კომპლექსის ახლოს წლების წინ არსებულ და შემდეგ არაერთგზის გაუქმებულ საბჭოთა პოლიგონზე არტილერისტების წვრთნა მიმდინარეობს - უცხოელი ინსტრუქტორები იმ დანაყოფებს წვრთნიან, რომლებიც გეგმური როტაციით გაზაფხულზე ავღანეთში გაემგზავრებიან.
გაუგებარია, რატომ დასჭირდა თავდაცვის უწყებას ამ პოლიგონის კვლავ გამოყენება, მაშინ, როდესაც ორი მოქმედი პოლიგონი კრწანისსა და ორფოლოში სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ქართულ არმიას სჭირდება წვრთნებისათვის.
35 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ, საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე სამხედრო პოლიგონზე, სხვადასხვა ტიპის წვრთნები ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და აზიანებდა VI ს-ის ქართულ ქრისტიანულ სამონასტრო კომპლექსს. თუ რაოდენ ღირებულია საქართველოსთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი თავისი ისტორიითა და არსით, დასკვნა იმითაც შეიძლება გაკეთდეს, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის პირველი პროტესტი შეიძლება ითქვას, ზემოთ აღნიშნული პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით დაიწყო.
თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქალბატონმა თამარ ჩხეიძემ კი თავისი თავალსაზრისი გამოხატა:
- გარდა იმისა, რომ ეს ყოვლად აღმაშფოთებელია და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოური ხელყოფის ტრადიციებს განაგრძობს, არის სრულიად უკანონოც. თავის დროზე ეროვნულმა მოძრაობამ სასამართლოს გზით პოლიგონზე სამხედრო სწავლებების აკრძალვას მიაღწია. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის დროს მაინც განახლდა ამ პოლიგონის გამოყენება. ჩვენ ისევ მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც პირველი დადგენილებისა და ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რომ სამხედრო მოქმედებები აზიანებს დავით გარეჯის კომპლექსს, ისევ აკრძალა ამ პოლიგონის გამოყენება.
- რა ბერკეტის გამოყენებით შეიძლება პროცესის შეჩერება?
- არ შეიძლება ამასთან შეგუება. ვეცდებით, მივმართოთ სასამართლოს, რომ აღსრულდეს წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს, საქართველოში არსებული სასამართლოს პირობებში, თუ მივაღწევთ შედეგს, არ ვიცი.
- რატომ დასჭირდათ პოლიგონის კვლავ გამოყენება, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს?
- ეს ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს არად დაგიდევთ. ალბათ, ამერიკელებთან იწონებენ თავს, აქაოდა, რამხელა პოტენციალი გვაქვსო. მოამზადონ, ბატონო, ავღანეთისთვის სამხედროები, მაგრამ რატომ უნდა გააკეთონ ეს დავით გარეჯის ნგრევის ხარჯზე?
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ წვრთნებით აზერბაიჯანელებსაც აფრთხილებენ, რომ საზღვართან ძალები ჰყავთ გადასროლილი?
- ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ხელისუფლებას რაიმე პატრიოტული და სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებდეს.
ცნობისათვის
დავით გარეჯი - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)