სასჯელაღსრულების სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს -შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი, მსახიობი გია ბურჯანაძე, "რატომ?"-ის ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი, ასევე, ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ხარაბაძე. არსებული ინფორმაციით, გიორგი ხარაბაძის დაკავება აქციის დასრულების შემდეგ მოხდა.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის ცნობით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, კონკრეტულად რომელ იზოლატორში, ადვოკატისთვის უცნობია.
"ეს მათი სამოქმედო ტაქტიკის ნაწილია. სასამართლო პროცესის დანიშვნამდე ადვოკატებს დაკავებულთა ზუსტ ადგილსამყოფელს არ ატყობინებენ. სასამართლო პროცესი კი გვიან ღამით ან ხვალ დილით გაიმართება", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დღეს პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებსა და შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ყაზბეგის გამზირის გახსნისკენ მოუწოდებდა, რასაც მოპიკეტეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო ტრასა მაინც დაატოვებინეს, შეხლა-შემოხლის დროს კი ოთხი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან უკვე დასრულდა.