სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გუშინ დაკავებული პირებიდან რამდენიმეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში შუაღამემდე გაგრძელდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, მოსამართლე ნანა დარასელიამ გიორგი ხარაბაძესა და მერაბ ჭიქაშვილს (მოძრაობა "რატომ") 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა; ხოლო აკაკი ჩიქოვანს - 10-დღიანი პატიმრობა.
"შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელს, მსახიობ გია ბურჯანაძეს, აგრეთვე, ოთარ ბექაურს, ბესიკ ტაბატაძესა და ლადო სადღობელაშვილს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრათ. აღნიშნულმა პირებმა ჯარიმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გდაიხადონ.
სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გუშინ პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს ყაზბეგის გამზირის გახსნისკენ მოუწოდებდა, რასაც მოპიკეტეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს საავტომობილო ტრასა მაინც დაატოვებინეს, შეხლა-შემოხლის დროს კი რამდენიმე ადამიანი დააკავეს.