ავტორი:

"შვილები ვისთანაც ბედნიერს მხედავენ, მას სცემენ პატივს... ნიშნობის ვიდეოც მალე იქნება" - ძალადობისგან გაქცევა, ბრძოლა მძიმე სენთან და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული: როგორ ცხოვრობს ცნობილი ტიკტოკერი, სალომე მშვენიერაძე

"შვილები ვისთანაც ბედნიერს მხედავენ, მას სცემენ პატივს... ნიშნობის ვიდეოც მალე იქნება" - ძალადობისგან გაქცევა, ბრძოლა მძიმე სენთან და საფრანგეთში ნაპოვნი სიყვარული: როგორ ცხოვრობს ცნობილი ტიკტოკერი, სალომე მშვენიერაძე

თუ ტიკტოკს აქტიურად იყენებთ, შეუძლებელია არ შეგხვედროდათ მისი პოზიტიური ლაივები, ქუთაისური იუმორით გაჯერებული ვიდეოები ან ისტორია "ფარსადანზე“. სალომე მშვენიერაძემ შეძლო ის, რაც ბევრისთვის შეუძლებელია – პირადი ტრაგედია სხვების გასაძლიერებლად ერთგვარ იარაღად აქცია. დღეს მას ტიკ ტოკზე salomejolie7-ე ჰქვია და 105 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მოუთმენლად ელიან საფრანგეთში დაგეგმილ ნიშნობას.

  • Ambebi.ge-სთან ინტერვიუში სალომე გულახდილად საუბრობს ემიგრაციაზე, შვილებთან ურთიერთობაზე, ჟურნალისტიკაზე და იმ გზაზე, რომელიც "ყოფილი ცოლის“ სტატუსიდან თავისუფალ და ბედნიერ ქალობამდე გაიარა

- სალომე, თქვენი გზა ქუთაისიდან საფრანგეთამდე რთული გამოწვევებით დაიწყო. რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ ძალადობრივი გარემო შვილებთან ერთად უნდა დაგეტოვებინათ?

- ძალადობრივ გარემოს საბედნიეროდ საფრანგეთში წამოსვლამდე დავაღწიე თავი. თუმცა ის გარემო, სადაც ვცხოვრობდი მეტ-ნაკლებად სტრესული იყო ჩემთვის, რადგან “ყოფილი ცოლის” ამპლუაში ცხოვრება ჩემს შემთხვევაში არ აღმოჩნდა მარტივი. მუდმივი კონტროლი, საზოგადოების ინტერესი ჩემი პირადი ცხოვრებისადმი გამაღიზიანებელი იყო, თუმცა იძულებული ვიყავი, შევგუებოდი ამ მოცემულობას, რადგან არ მსურდა ემიგრანტი გავმხდარიყავი.

- საფრანგეთში ჩასულს კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა - სიმსივნესთან გამკლავება მოგიხდათ. უცხო ქვეყანაში ორ შვილზე ზრუნვა და გადარჩენისთვის ბრძოლა ერთდროულად გიწევდათ?

- საფრანგეთში კონტროლის გამო ჩამოვედი. პირველ რიგში, ვენდობოდი ფრანგულ მედიცინას და მეორე ის, რომ ჩემი და დიდი ხანია აქ ცხოვრობს და მისი იმედი მქონდა. თავიდან აქ დარჩენას არ ვაპირებდი და მხოლოდ ჩემს უმცროს შვილთან ერთად ჩამოვედი, უფროსი კი ერთი წლის შემდეგ ჩამოვიყვანე. რა თქმა უნდა, რთული იყო. უცხო ქვეყანა, უცხო ენა, მკურნალობა და თან შვილების სწავლა, საბუთების და ბინის საკითხის მოგვარება. თუმცა როგორც აღვნიშნე, ჩემი დის ოჯახი ძალიან მედგა გვერდით და ამან გამიმარტივა ყველაფერი.

სალომე მშვენიერაძე ვაჟთან ერთად

პირველ რიგში უფლის დახმარებით, ლოცვით და მასთან სიახლოვით, აგრეთვე ჩემი ხასიათის წყალობით, რადგან ყველაფერს იუმორით ვუდგები. ოპტიმისტი ვარ, არ მიყვარს წუწუნი და ვმუშაობ ჩემს თავთან, რომ არასდროს მივიდე სასოწარკვეთილებამდე. ჩემთვის არ არსებობს სიტყვა დეპრესია, რადგან არ ვაძლევ მას უფლებას გამიფუჭოს განწყობა.

სალომეს შვილები

- საფრანგეთში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც "ფარსადანი“ შეარქვით. რატომ მაინცდამაინც ეს სახელი და რით მოიგო მან თქვენი გული?

- ფარსადანი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩემი პრობლემების გადამკიდე ნამდვილად არ მქონდა პირადზე ფიქრის დრო. ჩვენ ერთმანეთი სოციალურ ქსელში, კერძოდ "ინსტაგრამზე" გავიცანით. რამდენიმე დღე ვწერდით ერთმანეთს, მალევე შევხვდით, უფრო მეტად დავახლოვდით, დავმეგობრდით.

სალომე შეყვარებულთან, ფარსადანთან ერთად

მან პირველივე დღიდან იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების ისტორია, მიზეზი, რის გამოც ვიყავი საფრანგეთში ჩამოსული, ის რომ ჩემს შვილებს ვერასდროს მივატოვებდი მამაკაცის და სიყვარულის გამო. ფარსადანმა მითხრა, რომ სწორედ ასეთი ერთგული მეუღლე და შვილების დედა სჭირდებოდა. ამის შემდეგ უკვე მეორე წელია ერთად ვართ, სულ ჩემს გვერდით არის და მეხმარება, როგორც შვილების აღზრდაში, ასევე ჩემს პროფესიულ განვითარებაში. რაც შეეხება მის სახელს, ამასაც იუმორისტული თვალით შევხედე, მას ჰქვია Fარზად, რადგანაც ქართულ ანბანში ასო-ბგერა “F’ არ არის, ეს სახელი დავაკავშირე ფარსადანთან. თან ჩემი საყვარელი პოემის, “ვეფხისტყაოსნის”გმირის სახელია და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩემს შვილს ტარიელი ჰქვია, ტარიელის და ფარსადან მეტის ისტორია კი ყველამ ვიცით. უკვე თავადაც შეუყვარდა ეს სახელი.

- როგორ მიიღეს ბავშვებმა თქვენი რჩეული? ვიცით, რომ მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ – რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის, როგორც დედისთვის?

- როგორც აღვნიშნე, ჩემი შვილების გარეშე არანაირი ურთიერთობის დაწყება არ მიღირდა. მათ კი კარგად იციან რაც გამოვიარე, ამიტომ, ვისთანაც ხედავენ თავიანთ დედას ბედნიერს და გახარებულს, იმ ადამიანს სცემენ პატივს. ფარსადანი არა მხოლოდ ჩემი, არამედ მათ მიმართაც იჩენს მზრუნველობას, ამიტომ ჩემი შვილები ამას ხედავენ, აფასებენ და უხარიათ.

- ის არ არის ქართველი, თუმცა თქვენი წყალობით საქართველოს დიდი გულშემატკივარი გახდა. სიმართლეა, რომ მხარზე ქართული დროშის დახატვასაც კი გეგმავს?

- ქართველი არ არის, თუმცა ქართულ სიმღერებს ჩემს გაცნობამდეც უსმენდა, რადგან მელოდია მოსწონდა. უფრო ღრმად კი ჩემგან გაიგო საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, კერძების, კულტურის და წარსულის შესახებ. დროშის ან რუკის დახატვის გადაწყვეტილება კი ბოლო დღეებში მიიღო, როცა ჩვენი პატრიარქის სამძიმარზე მთელი ქვეყანა დაინახა ერთ მუშტად შეკრული სამების ტაძრისკენ მიმავალი, ეს მისთვის აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა.

"დროშის ან რუკის დახატვის გადაწყვეტილება კი ბოლო დღეებში მიიღო, როცა ჩვენი პატრიარქის სამძიმარზე მთელი ქვეყანა დაინახა ერთ მუშტად შეკრული"

- თქვენი ტიკტოკ-გვერდი ერთგვარ მხარდაჭერის პლატფორმად იქცა სხვა ქალებისთვის. როგორ გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი გამოცდილება საჯარო გაგეხადათ?

- რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ საკითხზე საჯაროდ ვისაუბრებდი. ჩემი პირველი ხმამაღალი ვიდეო ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე, სადაც სოლიდარობა გამოვუცხადე ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მეუღლეს, სალტანატს, რომელიც წამებით მოკლა თავისმა ქმარმა, ბიშიმბაევმა. ამ ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მას შემდეგ დღემდე ჩემი პლატფორმა ემსახურება ძალადობის მსხვერპლი ქალების და ზოგადად ადამიანების მოტივაციას. ჩემს შეცდომებზე მსურს რომ დანარჩენებმა ისწავლონ.

- გვესაუბრეთ ცნობილ "ჩელენჯზე“: 100 ათასი გამომწერის შემთხვევაში ფარსადანმა ხელი უნდა გთხოვოთ. ახლა უკვე 105 ათასზე მეტი ადამიანი გგულშემატკივრობთ?

- ეს ჩელენჯიც ქალების მოტივაციისათვის გავაკეთე, რადგან დამემსხვრია სტერეოტიპი რომ გაშორებულ და შვილებიან ქალსაც შეუძლია აიწყოს პირადი ცხოვრება და ამაში შვილები ხელს კი არ უშლის მას და მის პატრნიორს არამედ აძლიერებს. რომ ეს არ არის სირცხვილი. ასეთ გამოხმაურებას კი ნამდვილად არ ველოდი. პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ნიშნობა თარიღი გადავწიეთ და მალე იქნება დაპირებული ვიდეო

- გამორჩეული კონტენტი გაქვთ ტიკტოკზე, ლაივში მუდმივად გიყურებთ რამდენიმე ასეული ადამიანი, წერთ ვიდეოებს პოლიტიკაზე, ევროვიზიაზე, თავის მოვლის რუტინაზე, პირად ურთიერთობებზე ჩვეული ქუთაისური იუმორით. თქვენს ვიდეოებს კი ასიათასობით ნახვა აქვს. როგორ მიხვედით აქამდე, ამდენი ხალხის შეკრება მარტივი არ არის...

- დიდი მადლობა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მართლაც ბევრის სიყვარული დავიმსახურე და მეც ეს უცხო ადამიანები ისე შემიყვარდა, რომ ყავას მათ გარეშე ვერ ვსვამ. ვცდილობ ლაივში დღეში ერთხელ აუცილებლად შევიდე. თუ ვერ მოვახერხე, პირადში მწერენ და მკითხულობენ. მინდა ვისარგებლო ამ მომენტით და ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ გულწრფელი და უანგარო სიყვარულისთვის.

- როგორ დაითანხმეთ თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი: შვილები და ფარსადანი, რომ თქვენი ვიდეოების გმირები გამხდარიყვნენ?

- პირველი ქორწინებიდან იმდენად მიჩვეული ვიყავი აკრძალვებს, მეშინოდა და ფარსადანს გაცნობისთანავე ვუთხარი, რომ ტიკტოკერობა მქონდა დაწყებული. მაშინ ახალბედა ვიყავი და ვერც კი წარმომედგინა ასეთ შედეგამდე თუ მივიდოდი. მოეწონა ჩემი იდეა და მხარს მიჭერს ყველანაირად. გარდა იმისა, რომ ვიდეოებს და ტრენდებს იღებს ჩემთან ერთად, ხელს მიწყობს წინსვლაში. მიყიდა ახალი ტელეფონი, განათება, მიკროფონი რათა უკეთესი ხარისხის ვიდეოები გადავიღო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

- დღეს როგორია თქვენი ცხოვრება საფრანგეთში, საქართველოში თუ ჩამოდიხართ. რა სტატუსი გაქვთ საფრანგეთში. შვილები როგორ გრძნობენ თავს?

- ვცხოვრობ დღევანდელი დღით. ასე ვიყავი საქართველოშიც. ვერ გეტყვით რას ვიზამ, ან სად წარმომიდგენია თავი რამდენიმე წლის შემდეგ. უფალს მივანდე ჩემი ცხოვრება, მან უკეთ იცის რა არის უკეთესი.

დღეს კი, როგორც ყველა ემიგრანტი, მთელი ოჯახი ვართ საქართველოს მონატრებაში. მესამე წელია რაც აქ ვართ და ჯერ არ ჩავსულვართ. ბავშვებს გაუჭირდათ და დღემდე უჭირთ განსხვავებულ გარემოსთან და მენტალიტეტთან შეგუება. თუმცა მიგრაციასაც აქვს დადებითი მხარეები. ისინი გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და მოეხსნათ კომპლექსები. სამომავლოდ ძალიან მინდა ქალაქ ტულუზაში ქართული ორგანიზაციის გახსნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერისკენ და ინტეგრაციისკენ. ვმუშაობ ამ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა

- ბევრისთვის უცნობია, რომ თავადაც ჟურნალისტი ხართ. გეხმარებათ თუ არა პროფესიული გამოცდილება აუდიტორიასთან ურთიერთობაში?

- დიახ, ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული. თუმცა არჩევანის წინაშე დავდექი, ოჯახი თუ კარიერა და მე ოჯახი ავირჩიე. ამიტომ დავეუფლე ახალ პროფესიას და ვიმუშავე ბაღის აღმზრდელად და სპეცმასწავლებლად 17 წელი. აგრეთვე ვამზადებდი მოსწავლეებს დაწყებითების საგნებში და რუსულ ენაში. პროფესიის არჩევაში ნამდვილად არ შევმცდარვარ რადგან ბავშვობიდან ვწერდი და ახლაც ვწერ ჩემს საავტორო წიგნს, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში.

ბავშვობაში ვიდექი სარკის წინ და თითქოს ტელეწამყვანი ვიყავი, ვბაძავდი ჟურნალისტებს. ჩემი ყოფილი ქმრის გამო, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ამ სპეციალობით მუშაობა, სადაც ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს. ამიტომ ტიკტოკზე მომეცა ჩემი ოცნების მცირე ნაწილის ახდენის საშუალება. რა თქმა უნდა, მეხმარება ჩემი პროფესია, რადგან არ მაქვს კომუნიკაციისა და საუბრის კომპლექსი. ასევე ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიებთან რეკლამაზე, რომლის შინაარსს და სიუჟეტს თავად ვქმნი, რაც შევისწავლე ჟურნალისტიკაზე სწავლისას.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა გადიან იმავე გზას, რაც თქვენ წლების წინ გამოიარეთ?

- ვეტყოდი რომ იჩქარონ, რადგან დრო ძალიან სწრაფად გადის. არ შეეშინდეთ, თუ ამდენმა ქალმა შევძელით ისინიც შეძლებენ. გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და უფლისგან ბოძებულ ერთ და განუმეორებელ სიცოცხლეს. უფრო მეტად დააფასონ და შეიყვარონ საკუთარი თავები. რადგანაც ფემინისტი არ ვარ, ამიტომ იმ ქალებსაც მივმართავ, რომლებსაც კარგი მეუღლეები ჰყავთ, სწორედ რომ ჩვენს მაგალითზე დაყრდნობით მოეფერონ და დააფასონ ისინი. მცირედის გამოც შეაქონ და უყვარდეთ. ასევე მინდა მივმართო ქართველ მამაკაცებს, ნამდვილ ვაჟკაცებს, რომლებიც საბედნიეროდ ისეც შემორჩნენ. უყვარდეთ და უერთგულონ თავიანთ ოჯახებს ამით კი კარგი მაგალითი მისცენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას.