2010 წლის 22 ივლისს საქართველო მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. იმ დღეს ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო 3 მცირეწლოვანი ბავშვი. მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი ადგილზე დაიღუპნენ. ავარიისას ასევე დაიღუპა თეონას და - ნათია. თეონას მეუღლის, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და ვაჟი - მამუკა. ტრაგედიას გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ.
თეონას დედამ ანასტასია ხიდაშელ-ქუმსიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ წლების შემდეგ პირველად ისაუბრა საჯაროდ მომხდარზე
- თეონა ჩაკეტილი ბავშვი იყო. მერე საბავშვო ბაღში დასთან, ნათიასთან ერთად რომ შევიყვანე, გაიხსნა. 3 წლის იყო, სიმღერა რომ დაიწყო. მერე ლექსების წერა დაიწყო. მისი ბავშვობის ოცნება იყო, მევიოლინე გამხდარიყო, მაგრამ სოფელში (სიონში) ამის საშუალება არ იყო.
უფროსი ქალიშვილი, ნათია, ანსამბლ „სიონის ზარებში“ მღეროდა და თეონაც წაიყვანა. ის ისეთი ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ მალე ამ ანსამბლის სოლისტიც გახდა. 8 წლის იყო, სოლისტად რომ აირჩიეს. ამის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილმა მიიწვია თავის ანსამბლ „მართვეში“, სადაც სოლისტები იყვნენ ჩემი თეონა და დათო კენჭიაშვილი.
"თეონა 8 წლის იყო, „სიონის ზარებში“ სოლისტად რომ აირჩიეს. ამის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილმა მიიწვია თავის ანსამბლ „მართვეში“, სადაც სოლისტები იყვნენ ჩემი თეონა და დათო კენჭიაშვილი“.
თეონა თბილისში, საჯარო სკოლაში სწავლობდა და მე-11 კლასში რომ გადავიდა, ესპანეთსა და საფრანგეთში მიიწვიეს. 2007 წელს „ჩვენებურების“ ეგიდით ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად თურქეთში ფესტივალზე გამოვიდა.
- მუსიკალური ნიჭი მემკვიდრეობით გამოჰყვათ თქვენს შვილებს?
- დიახ. ჩვენი წინაპარი გახლდათ ოპერის მომღერალი ნიკო ქუმსიაშვილი, რომელსაც ვანო სარაჯიშვილმა დიდი სცენისკენ დაულოცა გზა. ამ ადამიანის ნიჭმა ჩემს შვილებში იფეთქა, ახლა კი - ჩემს შვილიშვილებშიც. ჩემი გოგონები არა მხოლოდ მუსიკალურად იყვნენ განვითარებულები, მათ ბევრი სხვა რამეც იცოდნენ - ქსოვდნენ, ხატავდნენ, ყველაფერს ახერხებდნენ, რაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული.
ახლა მყავს პატარა თეონა ქუმსიაშვილი, ჩემი ვაჟის შვილი. ჩემს შვილს ოთხი შვილი ჰყავს, სამი გოგონა და ერთი ვაჟი. ჩემი შვილიშვილები, თეონა და გვანცა ქუმსიაშვილები, ანსამბლ „სიონის ზარებში“ მღერიან.
ჩემს შვილს, კახაბერს, როგორც გითხარით, ოთხი შვილი ჰყავს, თორნიკე დაოჯახებული არ არის. ისიც იმ ავარიაში მოყვა და, ღვთის წყალობით, გადარჩა. ამ ტრაგედიამ მომკლა, გამანადგურა, მაგრამ შვილიშვილებმა ცოტა გონს მომიყვანეს, ცოტა აქეთ გამოვიხედე. ბავშვების შემყურე დადებითი ემოციით ვიტვირთები.

- თეონას დაოჯახებას როგორ გაიხსენებდით?
- თბილისიდან სოფელში რომ დაბრუნდა, მუშაობა დაიწყო სკოლაში მუსიკის პედაგოგად და კულტურის სახლში. მერე თავისი მომავალი მეუღლე, პოეტი გელა დაიაური გაიცნო, ერთმანეთი მოეწონათ და დაოჯახდნენ. ბევრი საერთო ჰქონდათ. ორივეს უყვარდა მთა, პოეზია, სიმღერა და ასე შემდეგ. კარგი და ლამაზი ოჯახი შექმნეს. ორი შვილი ჰყავდათ. ის ტრაგედია რომ მოხდა, დემეტრე 2 წლის იყო, ჯარჯი - 9 თვის. ჩემი გოგონებიც პატარები იყვნენ. ნათია 28 წლის იყო, თეონა - 26 წლის.
- თუ არის თქვენთვის ცნობილი, ის ავარია რამ გამოიწვია, რატომ გადავარდა მდინარეში ავტომანქანა?
- კი, მდინარეში გადავარდა და ასე დაიღუპნენ. ჩემი ოჯახის ოთხი წევრი ემსხვერპლა ამ ავარიას. მე არაფერს მეუბნებიან, მაგრამ, როგორც ვიცი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო მძღოლი და წყლისკენ აიღო გეზი. ზოგი ამბობს, ცოლმა სიჩქარე გამოურთოო და მანქანა გადაბრუნდაო. არ ვიცი. ჩემი თორნიკე არაფერს მეუბნება, რომელიც ავარიაში მოყვა და გადარჩა.

- თორნიკე როგორ გადარჩა?
- უკან მანქანა მოდიოდა და მათ პირველი თორნიკე გადაარჩინეს. იმ ავარიას გადაურჩნენ ერთი გოგონაც და გელაც. მძღოლიც და მისი მეუღლეც დაიღუპნენ. ჩემს უფროს გოგონას, ნათიას, ერთი ქალიშვილი დარჩა - თამარ ქუმსიაშვილი, რომელიც ახლა უკვე სტუდენტია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
ამ ავარიის შემდეგ მეუღლე და ორი ძმა გარდამეცვალა. სულ სიკვდილს ვებრძვი. სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე კიდეც. ცრემლიც აღარ მაქვს, აღარც მეტირება. ჩემი შვილიშვილი თეონა რომ დაიბადა, ამ პატარამ გამომახედა ცოტა. სხვათა შორის, ნიჭით ჰგავს მათ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილიშვილებში გრძელდება მუსიკის ნიჭი.
- თეონას მეუღლე გელა დაიაური, მოდიოდა თქვენთან, გნახულობდათ, სანამ მეორედ დაოჯახდებოდა?
- კი, ყოველ ზაფხულს მოდიოდა, რჩებოდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, გელა და მისი დები ჩამოვიდნენ, პატივი მიაგეს. რაც გელა დაოჯახდა, აღარ მოსულა.
- როცა შეიტყვეთ, რომ ოჯახი შექმნა, როგორ მიიღეთ ეს ამბავი?
- თან გამიხარდა, თან გული მეტკინა. თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩემმა მეუღლემ ორივე სიძეს უთხრა, დაოჯახდით და ბედნიერები იყავითო, მაგრამ დედის გული ხომ იცით. ნათიას მეუღლეც დაოჯახდა და მეორე მეუღლისგან ბიჭი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემს სიძეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემს შვილიშვილს, თამარს, დედინაცვალიც უყვარს და ძმაც. მე კი ვერ მივდივარ ნათიას ოჯახში ნათიას ოჯახში, ზღურბლს ვერ ვაბიჯებ, რადგან ძნელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი თამარი რომ კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ. ყოველ ზაფხულს ჩამოდის ჩემთან და აქ რჩება.
წაიკითხეთ ასევე: