ავტორი:

ინდუსის ველი: უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით

ინდუსის ველი: უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით

მრავალსართულიანი აგურის შენობები, სწორი ქუჩები და განვითარებული კანალიზაციის სისტემა - ეს აღწერა თანამედროვე ქალაქს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში ინდუსის ველის ურბანულ ცენტრებს აღწერს, რომლებიც ათასობით წლის წინ არსებობდა.

მეცნიერების აზრით, ეს ცივილიზაცია ძალიან განვითარებული იყო და ძველი ეგვიპტის პარალელურად არსებობდა. მიუხედავად ამისა, მის შესახებ დღესაც შედარებით ცოტა რამ ვიცით. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ინდუსის ცივილიზაციის წერილობითი სისტემა დღემდე გაუშიფრავია. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ მისი საზოგადოება შესაძლოა უფრო თანასწორი და ნაკლებად იერარქიული ყოფილიყო, ვიდრე იმ დროის სხვა დიდი ცივილიზაციები.

  • ვინ იყვნენ ისინი?

"ინდუსის ველის ცივილიზაციამ პიკს ძვ.წ. 2600-დან 1900 წლამდე მიაღწია, თუმცა ის კიდევ უფრო ადრე, დაახლოებით ძვ.წ. 4000 წლით თარიღდება", - ამბობს დოქტორი სანგარალინგამ რამეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი დიდ ბრიტანეთში.

ის მდინარე ინდუსის გარშემო იყო განლაგებული, დღევანდელი პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე და სასოფლო-სამეურნეო თემებისა და 1400-ზე მეტი დასახლებისა და ქალაქისგან შედგებოდა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ჰარაპა და მოჰენჯო-დარო - ასევე ცნობილი, როგორც ჰარაპანის ცივილიზაცია.

  • ინდუსის ველის ცივილიზაცია რამდენიმე მიზეზის გამო ითვლება განსაკუთრებულად:

1. მოწინავე ურბანული დაგეგმარება

ინდუსის ველი ერთ-ერთი პირველი ცივილიზაცია იყო, რომელმაც სახლები აგურისგან ააშენა. მათ ასევე ჰქონდათ ჭები, სახლებში ტუალეტები და კანალიზაციის სისტემა, რომელიც ძველ რომში 2000 წლის შემდეგ გამოჩნდა. არქეოლოგების თქმით, ეს კანალიზაციის სისტემა მიუთითებდა, რომ ცივილიზაცია აცნობიერებდა დაავადებების საფრთხეს და “დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სისუფთავეს“.

2. კოლექტიური მართვა

არსებობდა კარგად ფუნქციონირებული სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქებისა და დაბების ინფრასტრუქტურას. მმართველობის სისტემა უფრო რთული და კოლექტიური იყო, ვიდრე ცენტრალიზებული. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება სასახლეების ან არისტოკრატიის შესახებ.

3. შედარებით თანასწორი და მშვიდობიანი საზოგადოება

ინდუსის ველში გარკვეული სოციალური იერარქია არსებობდა, თუმცა ის ნაკლებად გამოხატული იყო, ვიდრე იმ დროის სხვა ცივილიზაციებში.

“სოციალური სტრატიფიკაცია უფრო თვალსაჩინოა ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. ინდუსის ველში სახლების ზომაში განსხვავებები არსებობს, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია,“ - ამბობს რამეში.

  • რა დაემართათ მათ?

ინდუსის ველის ცივილიზაციის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარემოსდაცვითი ცვლილებებია.

“მათი დასახლებების მიტოვება დაახლოებით ძვ.წ. 1900 წელს დაიწყო, და არქეოლოგები ამას მუსონების ცვლილებას მიაწერენ,“ - ამბობს რამეში.

მოჰენჯო-დაროში ჩატარებული გათხრების შედეგად ასევე გამოვლენილია მტკიცებულება, რომ ადამიანები წყალდიდობის შედეგების შემსუბუქებას ცდილობდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ინდუსის ველის ცივილიზაციის შესახებ ბევრი რამ უცნობია - ეს ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გათხრილი.

“დასავლეთ ინდოეთში ახალი ძეგლების აღმოჩენა კვლავ მიმდინარეობს. ასევე ცნობილია, რომ ცივილიზაცია თანამედროვე ავღანეთის სამხრეთ ნაწილსაც იკავებდა, თუმცა არსებული ვითარების გამო, ამ ტერიტორიაზე გათხრების ჩატარება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - აღნიშნავს რამეში.

გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ინდუსის ველის დამწერლობა ჯერ კიდევ გაუშიფრავია. ძველი მესოპოტამიის ლურსმული დამწერლობისგან განსხვავებით, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ამ ცივილიზაციის წერილობითი მტკიცებულებების სრულად გაგება.

წყარო

იხილეთ ასევე: