ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 100 მილიონი წლის წინ დედამიწის ოკეანეებში შესაძლოა გიგანტური რვაფეხები ბინადრობდნენ.
ზოგიერთი მათგანი, რომლებიც დედამიწაზე დინოზავრების ეპოქაში ბინადრობდნენ, სავარაუდოდ, საშინელი და ძლიერი მტაცებლები იყვნენ: მათ ჰქონდათ მტკიცე საცეცები მსხვერპლის დასაჭერად და ნისკარტის მსგავსი ყბები, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ სხვა ზღვის ბინადართა ნაჭუჭებისა და ძვლების დამტვრევა.
ექსპერტებმა შეისწავლეს ამ რვაფეხების ყბების კარგად შენახული ნამარხები და დაადგინეს, რომ მათი ზომა შესაძლოა 19 მეტრს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ მეცნიერებისთვის ცნობილ უხერხემლოებს შორის ყველაზე დიდები.

მრავალი ათწლეულის განმავლობაში პალეონტოლოგები მიიჩნევდნენ, რომ უმსხვილესი საზღვაო მტაცებლები ხერხემლიანები (ანუ ჩონჩხის მქონე ცხოველები) იყვნენ, როგორებიცაა თევზები და ქვეწარმავლები.
უხერხემლოებს, როგორიცაა რვაფეხები და კალმარები, ამ დროს მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდათ. თუმცა, იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევრები ამ სურათს ეჭვქვეშ აყენებენ.
მათი კვლევის მიხედვით, ამ რვაფეხების სხეულის ზომა 1,5-დან 4,5 მეტრამდე მერყეობდა. გრძელი საცეცების გათვალისწინებით, ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მათი საერთო სიგრძე 7-დან 19 მეტრამდე აღწევდა. დღევანდელი სტანდარტებით, ეს უზარმაზარი ზომაა.
ძველი რვაფეხების კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისებაა ის ფაქტი, რომ მათი გაქვავებული ყბების მარჯვენა და მარცხენა მხარეები არათანაბრად არის გაცვეთილი. ეს მოწმობს, რომ ცხოველები, სავარაუდოდ, უპირატესობას რომელიმე ერთ მხარეს ღეჭვას ანიჭებდნენ.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი კვებითი ქცევა კარგად განვითარებული თავის ტვინის ნიშანია.

თანამედროვე რვაფეხები ცნობილნი არიან თავიანთი გონიერებით, სხვადასხვა ამოცანების გადაჭრის უნარითა და ნადირობის რთული ტაქტიკით. ისინი ასევე განთქმულნი არიან განსაკუთრებული გამჭრიახობითა და მასკირების ოსტატური უნარით.
უმსხვილესი თანამედროვე სახეობის რვაფეხის - გიგანტური რვაფეხის საცეცების გაშლილობამ შეიძლება 5,5 მეტრზე მეტს მიაღწიოს. არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ წარმატებით უპირისპირდებიან ეს ცხოველები ზვიგენებს, რომელთა სიგრძე ერთ მეტრს აღემატება.
„თავიანთი მისაწოვრებითა და საცეცებით მათ შეუძლიათ მყარად ჩაეჭიდონ ამ ცხოველს და ის ვეღარ გაიქცევა“, — განმარტავს ციურიხის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი კრისტიან კლუგი, რომელიც იაპონელი მეცნიერების კვლევას გაეცნო.
ექსპერტებს შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდონ, თუ როგორი იყო გიგანტური რვაფეხების ზუსტი ფორმა, მათი ფარფლების ზომა ან გადაადგილების სიჩქარე. გარდა ამისა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ისეთი ნამარხების პოვნა, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ცხოველების კუჭის შიგთავსზე მსჯელობა - ასეთ შემთხვევაში უფრო კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა მათი რაციონის შესახებ.
ბათის უნივერსიტეტის დოქტორი ნიკ ლონგრიჩი ვარაუდობს, რომ ისინი ძირითადად ამონიტებზე (მოლუსკების სახეობა) ნადირობდნენ.
მაგრამ, ისევე როგორც თანამედროვე რვაფეხები, ეს ცხოველები შესაძლოა იკვებებოდნენ ყველაფრით, რაც კი სიახლოვეს ხვდებოდათ, და შესაძლებლობის შემთხვევაში თავს ესხმოდნენ სხვა ცხოველებსაც.
ჯერჯერობით კი, გიგანტური რვაფეხების გაქვავებული ნაშთები მხოლოდ იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გიგანტი, რომელიც ზღვის სიღრმეებში დაცურავდა, აღჭურვილი მძლავრი ყბებით, ძლიერი საცეცებით და ტვინით, რომელიც მათ სხვა მტაცებლებთან კონკურენციის საშუალებას აძლევდა.
იხილეთ ასევე: