ავტორი:

ცეცხლის შეწყვეტა 2 კვირით - ირანში აცხადებენ, რომ ეს მათი "დიდი გამარჯვებაა" - "მტერმა მარცხი განიცადა... ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს"

ცეცხლის შეწყვეტა 2 კვირით - ირანში აცხადებენ, რომ ეს მათი "დიდი გამარჯვებაა" -  "მტერმა მარცხი განიცადა... ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს"

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იმ პირობით დაიდო, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას დათანხმდება.

"პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მოითხოვეს, რომ ირანში გაგზავნილი დამანგრეველი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვთანხმდები, ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირის განმავლობაში შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღეს.

"მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი შეთანხმების საბოლოოდ დასრულების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს შეთანხმება გამარჯვებად გამოაცხადეს ირანში.

ირანის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, ქვეყანამ აშშ აიძულა 10-პუნქტიანი გეგმა მიეღო.

CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის განცხადება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა.

საბჭოს მტკიცებით, გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ყველა პირველადი და მეორადი სანქციის მოხსნას და აშშ-ის საბრძოლო ძალების რეგიონში არსებული ყველა ბაზიდან გაყვანას.

საბჭოს ცნობით, შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა ურანის გამდიდრების აღიარებას და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას. კერძოდ, საბჭო აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლირებადი გავლა ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით განხორციელდება.

"მტერმა, ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში, უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს და მტრის მიერ დაშვებული უმცირესი შეცდომის შემთხვევაში, სრული ძალის გამოყენებით გავცემთ პასუხს“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: