ავტორი:

პოლიტიკური “თამაშები“ - ორბანმა უნგრეთის არჩევნებში წააგო, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის და რა შეიძლება შეიცვალოს?

პოლიტიკური “თამაშები“ - ორბანმა უნგრეთის არჩევნებში წააგო, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის და რა შეიძლება შეიცვალოს?

ვიქტორ ორბანის უნგრეთი ევროკავშირში რუსეთის მთავარი მოკავშირე თუ არა, ნამდვილად ის ქვეყანა იყო, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვისთვის ყველაზე სასარგებლო პოლიტიკას ატარებდა.

თავად ორბანი და მისი მინისტრები არ მალავდნენ კონტაქტებს კრემლთან და ამას “პრაგმატული პოლიტიკით“ ხსნიდნენ. ბუდაპეშტი ღიად აკეთებდა კიევის მმართველთა საწინააღმდეგო განცხადებებს, ყიდულობდა რუსულ ნავთობს და გამოდიოდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

რა შეიცვლება ხელისუფლების სათავეში ოპოზიციის მოსვლით?

  • “თაგვი, რომელიც ლომს ეხმარება“

უნგრეთის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა პუტინისა და ორბანის 2025 წლის ოქტომბრის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა: მასში ორბანმა თავი შეადარა თაგვს, რომელიც ეხმარება ლომს მას შემდეგ, რაც მან სიცოცხლე შეუნარჩუნა - ორბანი არწმუნებდა პუტინს, რომ ნებისმიერ საკითხში, სადაც სასარგებლო იქნებოდა, “მის სამსახურში იყო.“

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჩანაწერმა ორბანი პრაგმატულად წარმოაჩინა, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.

არჩევნების წინა დღეს დასავლური მედია წერდა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობდა ორბანის დახმარებას საინფორმაციო კამპანიებით და მკვლელობის ინსცენირების გეგმითაც კი, რომელიც, ფარული წყაროების მტკიცებით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მიერ იყო შემუშავებული.

  • ოპოზიციის გამარჯვება

მიუხედავად რუსეთის, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერისა, არჩევნებში ოპოზიციამ - პეტერ მადიარმა და მისმა პარტია “ტისამ“ გაიმარჯვა.

კარნეგის ბერლინის ცენტრის მეცნიერი, მაქსიმ სამორუკოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება სჯობს მის 16-წლიან უცვლელობას, რადგან ყოველ განახლებას მოაქვს რაღაც ახალი და შანსს აძლევს ახალ ადამიანებს, თუმცა ამ ცვლილებისგან ზედმეტის მოლოდინი არ ღირს.

  • ორბანი - “ყველაზე ხმაურიანი“, მაგრამ არა ერთადერთი

ორბანის დროს უნგრეთი რეგულარულად იყენებდა ვეტოს უფლებას, რათა დაებლოკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტები, რომელიც უკრაინას უფრო ეხმარებოდა. ამის გამო უნგრეთს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თუმცა, სამორუკოვი მიიჩნევს, რომ ორბანი იყო უბრალოდ “ყველაზე ხმაურიანი“ მოწინააღმდეგე, მაგრამ არა ერთადერთი.

ახლა მის ნაცვლად ევროპულ მეინსტრიმს შესაძლოა ვინმე სხვა დაუპირისპირდეს - მაგალითად, სლოვაკეთის ლიდერი რობერტ ფიცო ან პრორუსული სიმპათიების მქონე ბულგარული პარტიები.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ ორბანის მარცხი რუსეთის ინტერესებზე უკრაინის მიმართულებით ნეგატიურად აისახება, თუმცა არა კარდინალურად.

  • ენერგეტიკული დამოკიდებულება

უნგრეთის დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამჟამად უნგრეთი სხვა ქვეყნებში ყიდის რუსულ გაზს, რომელსაც “თურქული ნაკადით“ იღებს. ასევე შენდება ატომური ელექტროსადგური “პაქშ-2“, სადაც უკვე ჩადებულია რუსეთისგან მიღებული 10 მილიარდი ევროს შეღავათიანი კრედიტი.

ერთადერთი საკითხი, რაც შესაძლოა შეიცვალოს, არის “გაზპრომნეფტის“ მიერ, კომპანია NIS-ის (სერბეთის ნავთობის ინდუსტრია) საკონტროლო წილის მიყიდვა უნგრული MOL-ისთვის. ეს უკანასკნელი პოლიტიკური გარიგება იყო და ორბანის მმართველობის ქვეშ იგეგმებოდა - სავარაუდოდ, ეს შეთანხმება აღარ შედგება.

  • ახალი მთავრობის პრიორიტეტები

უკანასკნელი ოთხი წელია უნგრეთის ეკონომიკა არ იზრდება, ხოლო ბრიუსელთან ორბანის კონფლიქტის გამო ევროპული სუბსიდიების რამდენიმე მილიარდი ევრო “გაიყინა“. ახალი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ევროკავშირის სუბსიდიების განბლოკვა, რაც ასევე ნაციონალური ინტერესია და არა მხოლოდ რუსეთისგან გაზის ფასდაკლებით მიღება.

პარტია “ტისა“ იმავე მმართველი ელიტის წარმომადგენლებისგან შედგება, საიდანაც ორბანი მოდის. ეს პატარა პარტიაა, ამიტომ უახლოეს მომენტში გიგანტური საკადრო ცვლილებები სახელმწიფო აპარატში არ იქნება. გარდა ამისა, მადიარის მომხრეთა მესამედზე მეტი უკრაინას კვლავ საფრთხედ მიიჩნევს უნგრეთისთვის.

კრემლში უკვე განაცხადეს, რომ პატივს სცემენ უნგრელი ხალხის არჩევანს, თუმცა მადიარისთვის გამარჯვება არ მიულოცავთ, რადგან დიმიტრი პესკოვის განმარტებით, უნგრეთი “არამეგობრული ქვეყანაა“.

წყარო

იხილეთ ასევე: