ავტორი:

რა შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა და რა თქვა ხვიჩამ გუშინდელი მატჩის შემდეგ? - "ყველაფერი შეგვიძლია..."

რა შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა და რა თქვა ხვიჩამ გუშინდელი მატჩის შემდეგ? - "ყველაფერი შეგვიძლია..."

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ლივერპული“ 0:2 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში კი 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მასპინძელთა გუნდის მეკარის გიორგი მამარდაშვილის და სტუმართა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს.

  • მამარდაშვილი: Whoscored 5.8, Sofascore 5.7, Flashscore 5.8.
  • კვარაცხელია: Whoscored 7.3, Sofascore 7.2, Flashscore 7.3.

საუკეთესო შეფასებები დუბლის ავტორმა უსმან დემბელემ მიიღო (8.6, 8.2, 8.8), რომელიც MVP გახდა. მის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები "პარი სენ ჟერმენის“ მეკარე მატვეი საფონოვმა დაიმსახურა (8.6, 7.4, 8.1).

ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, ინგლისურმა გამოცემებმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (0:2), "ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში უფრო ობიექტურად შეაფასეს, რაც ცოტა არ იყოს გასაკვირია. ქართველზე უფრო დაბალი ქულები "წითლების“ სხვა ფეხბურთელებმა მიიღეს.

Liverpool Echo (6 ქულა): "მთლიანობაში მშვიდ პირველ ტაიმში, დემბელეს შორიდან დარტყმული მოიგერია. შესვენების შემდეგ გარდა კარიდან ბურთის გამოტანისა, არა დარჩენოდა რა“.

This Is Anfield (6 ქულა): "ყურადღებით და ხელებით კარგად თამაშობდა. დამაჯერებლად მოქმედებდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა, როდესაც აუცილებელი იყო, გამოსვლებზე მუშტით იგერიებდა მაღალი ჩაწოდებებისას ბურთს. შეხვედრის ბოლოს დემბელეს გოლისას ბურთი გვიან დაინახა, თუმცა, შესაძლოა, მეტის გაკეთება შეეძლო“.

Rousing The Kop (4 ქულა): "ზაირ-ემერის ერთი-ერთზე გასვლისას დასწრებაზე კარგად გაისარჯა, შემდეგ დემბელეს დამატებაზე არ გაატანინა, მაგრამ ზედმეტად არაზუსტი გახლდათ გადაცემებისას, როდესაც მეტი მოეთხოვებოდა“.

Liverpool World (6 ქულა): "პირველ ტაიმში ერთი კარგი "სეივი“ ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაშისას დამაჯერებლად ვერ გრძნობდა თავს. მეორე ტაიმში ეს კომპონენტი გამოასწორა, თუმცა შეიძლება, მატჩის დასაწყისში ცოტა მეტად თავდაჯერებულობა სჭირდებოდა“.

liverpool.com (7 ქულა): "ორი გოლის გაშვების მიუხედავად, ქართველმა პირველი დაპირისპირება კარგად ჩაატარა. კვლავ ფხიზლად უნდა ყოფილიყო. დიდ სცენაზე თვითდაჯერებულად და "სუფთად“ გამოიყურებოდა, თუმცა გაშვებული გოლებისას ვერაფერი მოახერხა“.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან ეს მატჩიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, პირველ გოლის დროს პასი სწორედ მან მისცა დემბელეს, მეორე გოლის დროსაც მან წამოიწყო შეტევა. ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი.

  • რა თქვა ხვიჩამ მატჩის შემდეგ?

გამარჯვების შესახებ:

"ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმის საწყისი წუთები რთული გამოდგა, მაგრამ გოლის გატანის შემდეგ ყველაფერი გაგვიმარტივდა. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით, მით უმეტეს, რომ "ლივერპული“ მათსავე მოედანზე დავამარცხეთ"

გუნდის ძალაზე:

"ჩვენს თავში ეჭვი არ შეგვპარვია. პსჟ-მ ბევრჯერ აჩვენა, რომ ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი შეგვიძლია - საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და დიდ წარმატებას მივაღწევთ".

უსმან დემბელეზე:

"უსმანი საოცარი ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ მოიგო ოქროს ბურთი. მას შეუძლია ეს პრიზი კიდევ მოიპოვოს და გვიხარია, რომ ჩვენს გუნდშია".

მომავალ მეტოქეზე:

"რეალი" თუ "ბაიერნი" - რომელთან შეხვედრა გვირჩევნია? არცერთს ვანიჭებთ უპირატესობას. ვნახოთ, ნახევარფინალში ვინ გავა. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის კარგად მოვემზადებით. ახლა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ყველას უნდა და ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ".

პსჟ ნახევარფინალში"ბაიერნსა“ და "რეალს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება - 28 აპრილს გასვლაზე და 5 მაისს შინ.

იხილეთ ასევე: