საქველმოქმედო გათამაშებაში მამაკაცმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის, პაბლო პიკასოს ორიგინალი ნამუშევარი მოიგო, რომლის ღირებულება 1 მილიონ ევროზე მეტია.
წლევანდელი მთავარი პრიზი იყო პიკასოს ნამუშევარი - Tête de Femme. ნახატი პიკასოსთვის დამახასიათებელ სტილშია შექმნილი და მასზე გამოსახულია მისი პარტნიორი და მუზა, ფრანგი სიურრეალისტი მხატვარი დორა მაარი.
გათამაშება სახელწოდებით “1 პიკასო 100 ევროდ“ უკვე მესამე წელია ტარდება. პროექტი პირველად 2013 წელს დაიწყო და მისი მიზანი საქველმოქმედო თანხების შეგროვებაა. წელს გათამაშების ფარგლებში 120 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა, თითოეული 100 ევროდ, რის შედეგადაც ალცჰაიმერის კვლევისთვის დაახლოებით 11 მილიონი ევრო შეგროვდა.
ფონდის ხელმძღვანელმა, ოლივიე დე ლადუსეტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია: “პიკასოს ეს პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ერთ დღეს ალცჰაიმერის დაავადება მხოლოდ მოგონებად დარჩეს.“
პირველი ასეთი აქცია 2013 წელს გაიმართა, გამარჯვებული კი ამერიკელი ახალგაზრდა გახდა. მაშინ შეგროვებული თანხა ლიბანში მდებარე ისტორიული ქალაქის, ტვიროსის შენარჩუნებას მოხმარდა.
მეორე გათამაშება 2020 წელს ჩატარდა და იგი იტალიელმა ბუღალტერმა მოიგო. იმ წელს მიღებული თანხა აფრიკის ქვეყნებში - კამერუნში, მადაგასკარსა და მაროკოში სკოლებისა და სოფლების სანიტარული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდა.
იხილეთ ასევე: