ავტორი:

"ეზოში თამაშობდა, როცა მოიტაცეს...“ - გოგონას ისტორია, რომელიც, მისი თქმით, ბათუმიდან მოპარეს მშობლებს და ტყუპი ძმები, რომლებიც ბიოლოგიურ დედას ეძებენ

"ეზოში თამაშობდა, როცა მოიტაცეს...“ - გოგონას ისტორია, რომელიც, მისი თქმით, ბათუმიდან მოპარეს მშობლებს და ტყუპი ძმები, რომლებიც ბიოლოგიურ დედას ეძებენ

ქართული სამშობიაროების სკანდალური წარსული და გაყიდული ბავშვები ეს არის უმძიმესი თემა, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღებაც კი მიიპყრო. ambebi.ge უკვე წერდა 22 წლის კვიპროსელი სტუდენტის, პანაგიოტის სორუკლეს ისტორიაზე - მან ორი დღის წინ, ხუთწლიანი რთული ძიების შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.

ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე ambebi.ge ჯგუფის "ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე ესაუბრა, რომელმაც ბათუმში მომხდარი კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ამბის დეტალები გაგვიმხილა.

  • "3 წლის იყო, როცა ეზოდან მოიტაცეს“

თამუნა მუსერიძის თქმით, კვიპროსელი ბიჭის ისტორიის პარალელურად, დღის წესრიგში კიდევ ერთი მძიმე საქმე დადგა, რომელიც ბათუმს უკავშირდება.

თამუნა მუსერიძე:

"ჯერ დაზუსტებით მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ დამიკავშირდა ბიჭი, რომელმაც თავისი შეყვარებულის ისტორია მომიყვა. მისი თქმით, გოგონამ ახალხან გაიგო რომ ნაშვილებია - მას ნათესავმა უთხრა, - 3 წლის იყავი, მშობლებმა (აღმზრდელებმა) ბათუმიდა რომ მოგიტაცესო“.

ბიჭი ჰყვება, რომ გოგონას გამზრდელი მშობლები 2010-2011 წლებში ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები ალბანეთიდან და ბავშვი პირდაპირ საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან მოიტაცეს. მერე, რამდენიმე თვის შემდეგ, მამა დაბრუნებულა ბათუმში, აინტერესებდა ეძებდნენ თუ არა და უნახავს კიდეც გაკრული ფოტოები. ამ გოგოს ახსოვს, რომ თითქოს ჩეჩნურ ენაზე ლაპრაკობდა და სახელი ჰედა ერქვა. ახლა დნმ ტესტს ველოდებით. ბათუმში ვისაც დავუკავშირდი, მსგავსი ამბავი არავის ახსოვს, მაგრამ თუ ტესტს იკეთებენ, არ მგონია, იტყუებოდნენ. შეიძლება ქალაქი აერიათ".

  • კვიპროსელი პანაგიოტისის 5-წლიანი გზა სამეგრელომდე

რაც შეეხება კვიპროსელ პანაგიოტისს, მისი ამბავი ბედნიერად დასრულდა, თუმცა ამის უკან უდიდესი შრომა დგას. თამუნა იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ეს რთული გამოძიება:

თამუნა მუსერიძე:

"როდესაც ეს ბიჭი 5 წლის წინ დაგვიკავშირდა, მაშინვე დავდეთ არაერთი პოსტი, თანხას ვუგროვებდით. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც კი აღიძრა. ამ ბიჭს ჰქონდა საბუთი, სადაც ეწერა ბიოლოგიური მშობლების ვინაობა, მისამართი - ყველაფერი. ოფიციალურად გაშვილებული ჩანდა. იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ნოტარიუსის ცნობა, რომ თითქოს მშობლები სასამართლოში მივიდნენ და უარი თქვეს მასზე.

რეალურად კი გაირკვა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ არსებობდნენ. საბუთი მართლა სტრუქტურებიდან იყო გაცემული, მაგრამ სახელები და გვარები - მოგონილი. სწორედ მაგიტომ ვერ გავდიოდით კვალზე.“

თამუნა აღნიშნავს, რომ ძიების პროცესში 24-მდე დნმ ტესტი ჩატარდა, რაც ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების სალომე კოლმენისა და ელოს დახმარებით გახდა შესაძლებელი. საბოლოოდ, კვალი სამეგრელომდე და ოკუპირებულ აფხაზეთამდე მივიდა.

"ყველაზე მეტად იცი, რა მწყინს? ეს პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ. ძალიან ხშირად ვაწყდებით მსგავს უმადურობას - როდესაც ჩვენ რეალურად არც თანხას ვითხოვთ და საერთოდ არაფერს, მაგრამ მერე დამოკიდებულება იცვლება.

მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი რეგიონებში სიარულს, ამისთვის გვყავდა მაია. ჩვენ თავად ვაგროვებდით ჯგუფში ფულს, რომ მას ევლო და გაეტესტა პანაგიოტისის სავარაუდო ნათესავები სამეგრელოში.

მაგრამ ამ ბიჭს ჰქონდა კონკრეტული მოთხოვნა - მაინცდამაინც მე უნდა მევლო სოფლებში და მე გამეტესტა ყველა. როდესაც ვუხსნიდით, რომ ფიზიკურად არ მქონდა ამის დრო და მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ ჩავიდოდა, მთავარია საქმე გაკეთებულიყო - აი, სწორედ ამაზე გაუჩნდა პროტესტი. ეგონა, რადგან თავად არ დავდიოდი, თითქოს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი, მაშინ როცა მთელი ფინანსები და ტესტირებები ჩვენი მხრიდან იყო ორგანიზებული. საბოლოოდ, ჩვენი და მაიას გზები გაიყო და მან ძიება იქ გააგრძელა".

როგორც აღმოჩნდა, ის ოფიციალურად გაშვილებული არ არის, თუმცა მშობლების თანხმობით არის გაშვილებული. მიუხედავად იმისა, რომ საბუთები სრულად გაყალბებული იყო და სისტემაში არარსებული ადამიანები ეწერნენ, რეალურად ეს მაინც მშობლების თანხმობით გაშვილება აღმოჩნდა და არა მოპარვა.

  • რიზედან ზუგდიდში?!

თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ სისტემური დანაშაულის მასშტაბები ყოველდღიურად აოცებს. ამჟამად ის ნინა თედეევას საქმეს იკვლევს.

თამუნა მუსერიძე:

"ნინას ისტორია ძალიან უცნაურია. აღმზრდელი მშობელი ეუბნება, რომ ის თურქეთში, რიზეში დაიბადა და 26 წლის იყო, როცა აიყვანა. თუმცა, ბავშვი რიზედან ისე ჩამოიყვანეს, რომ დაბადების მოწმობა ზუგდიდში გააფორმეს, თითქოს იქ გაჩნდა. როგორ შეიძლება თურქეთიდან ბავშვი ასე ჩამოიყვანო და საბუთი ზუგდიდში გააკეთო? ისეთ ისტორიებს ვაწყდები, მართლა გაოცდები.“

თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ ძიება კიდევ ასეულობით ადამიანისთვის გრძელდება, მათ შორის იმ ტყუპი ძმებისთვის, რომლებიც ახლა ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის მათი ბიოლოგიური დედა. საბედნიეროდ, ისინი ერთ ოჯახში აღმოჩნდნენ გაშვილებულები.

წაიკითხეთ ასევე: