თურქეთში, სულ რაღაც 48 საათის ინტერვალით, ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში მდებარე სკოლებში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შედეგად დაღუპული და დაშავებულია ათობით ადამიანი.
სამართალდამცავებმა კი მასშტაბური დაკავებები დაიწყეს.
2026 წლის 15 აპრილს, კაჰრამანმარაშში მდებარე აისერ ჩალიქის საშუალო სკოლაში 14 წლის მოსწავლემ, ისა არას მერსინლიმ, ნამდვილი სასაკლაო მოაწყო.
14 წლის მოზარდი სკოლაში კბილებამდე შეიარაღებული მივიდა. მას თან ჰქონდა 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 7 სავსე მჭიდი. გამოძიების ინფორმაციით, მან ორ საკლასო ოთახში შეაღწია და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის დასრულების შემდეგ, ისა არას მერსინლიმ იარაღი საკუთარი თავისკენ მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მოგვიანებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს მოზარდის არაადეკვატური ქცევა გაკვეთილის მსვლელობისას. თანაკლასელები იხსენებენ, რომ ის ხშირად იმუქრებოდა: "მან ჩვენს მეგობარს უთხრა - “მე შენ მოგკლავ“. ჩვენ ეს გვესმოდა, რადგან ერთ კლასში ვსწავლობდით", ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.
მსხვერპლთა იდენტიფიცირება
სასამართლო ექსპერტიზამ უკვე დაასრულა მუშაობა და დაღუპული 9 ადამიანის ვინაობა დაადასტურა. მათ შორის არის ერთი პედაგოგი და რვა მოსწავლე:
ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 9 დაშავებული, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

თურქეთის უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა (EGM) თავდამსხმელის ციფრული მოწყობილობების შემოწმებისას შოკისმომგვრელი დეტალები აღმოაჩინა. მოზარდს WhatsApp-ის პროფილზე განთავსებული ჰქონდა ელიოტ როჯერის ფოტო - ადამიანის, რომელმაც 2014 წელს აშშ-ში, კალიფორნიაში, მოაწყო შეიარაღებული თავდასხმა და 6 ადამიანი მოკლა. გამოძიება ვარაუდობს, რომ 14 წლის თურქი მოზარდი სწორედ ამერიკელი მკვლელის იდეოლოგიით იყო შთაგონებული.
დადგინდა, რომ თავდამსხმელის მამა, უღურ მერსინლი, ყოფილი პოლიციელია. სწორედ მისი კუთვნილი იარაღებით განხორციელდა თავდასხმა. უღურ მერსინლი 15 აპრილს დააკავეს, ხოლო დღეს, 16 აპრილს, მას ოფიციალურად შეეფარდა პატიმრობა. ამოღებულია ციფრული მასალები როგორც სახლიდან, ისე მამის ავტომობილიდან.
კაჰრამანმარაშში მომხდარ ტრაგედიამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე, 14 აპრილს, ანალოგიური ტრაგედია დატრიალდა შანლიურფას პროვინციის სივერეკის რაიონში.
19 წლის ყოფილი მოსწავლე, ომერ ქეთი, აჰმედ ქოიუნჯუს სახელობის პროფესიულ და ტექნიკურ ლიცეუმში შეიჭრა. მან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაშავდა 16 ადამიანი. კაჰრამანმარაშის შემთხვევის მსგავსად, თავდამსხმელმა აქაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღეს, თურქეთის სამართალდამცავებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შანლიურფას თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 16 ეჭვმიტანილი. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ომერ ქეთს კავშირი რაიმე დაჯგუფებასთან ან ხომ არ დაეხმარა ვინმე იარაღის მოპოვებაში.
ორივე შემთხვევა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუსტაფა ჩიფთჩის განცხადებით, ფასდება როგორც "ინდივიდუალური თავდასხმები" და არა ტერორისტული აქტები. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უპრეცედენტო ზომებს მიმართა.
აკრძალვები და კონტროლი:
პოლიტიკური შეფასებები
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "ამ ტრაგედიის პოლიტიზება დაუშვებელია". თუმცა, ოპოზიციის ლიდერმა ოზგურ ოზელმა და სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ მომხდარს "უსაფრთხოების სისტემის კრახი" უწოდეს.
ამ დროისთვის კაჰრამანმარაშში სწავლა ორი დღით შეჩერებულია. ქვეყანა შოკშია, რადგან ორივე თავდამსხმელმა - 14 წლის ისა არას მერსინლიმ და 19 წლის ომერ ქეთმა - იდენტური სცენარით იმოქმედეს: შეიჭრნენ სკოლებში, დახოცეს და დაჭრეს უდანაშაულო ადამიანები და საბოლოოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ თავდასხმას შორის.