ავტორი:

მასწავლებელი მოსწავლეებს გადაეფარა და სიცოცხლე გაწირა - რა არის ცნობილი თურქეთში სკოლაზე თავდასხმისას მოკლულ პედაგოგზე

მასწავლებელი მოსწავლეებს გადაეფარა და სიცოცხლე გაწირა - რა არის ცნობილი თურქეთში სკოლაზე თავდასხმისას მოკლულ პედაგოგზე

თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაშის ერთ-ერთ სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლემ ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არის სკოლის მასწავლებელი, აილა კარას, რომლის გმირობის შესახებაც დღეს მთელი თურქეთი საუბრობს.

როგორც თურქული მედია წერს, მათემატიკის მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეებს ტყვიებისგან დასაცავად სხეულით გადაეფარა და სიცოცხლე გაწირა.

  • თავდასხმა სკოლაზე - 9 დაღუპული და პანიკა

ტრაგედია 15 აპრილს, "აისერ ჩალიქის“ სახელობის საშუალო სკოლაში, დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. 14 წლის მოსწავლე, ისა არას მერსინლი, სკოლაში ზურგჩანთით შევიდა, რომელშიც 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 7 მჭიდი ჰქონდა დამალული. მან ორ სხვადასხვა კლასში გახსნა ცეცხლი.

სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა 1 მასწავლებელი და 8 მოსწავლე. თავდამსხმელი, ადგილობრივი წყაროების ცნობით, ყოფილი სამართალდამცველის შვილია და მას მამის იარაღი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის დედაც მასწავლებელია.

აილა კარას გმირობა

თურქული მედიის ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელი აილა კარა იმ დროს დაიღუპა, როდესაც კლასში შეჭრილი შეიარაღებული პირისგან ბავშვების დაცვას ცდილობდა. თვითმხილველების თქმით, იმ წამს, როდესაც მოსწავლეების მიმართულებით ტყვიები გაისროლეს, ქალი მათ ზემოდან გადაეფარა. აილა მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კოლეგები და ახლობლები აილას ახასიათებენ, როგორც საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს, რომელსაც მოსწავლეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

"სიცოცხლე გასწირა მათთვის, ვისაც ყოველ დღე ცოდნას უზიარებდა. აირჩია, გამხდარიყო ფარი საკუთარი შვილებისთვის - ასე ეძახდა ის მოსწავლეებს,“ - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მასწავლებლის კოლეგები.

ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა გააერთიანა

თურქეთის განათლების სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მომხდარს გლოვობენ. სოციალურ ქსელებში აილა კარას ფოტოები ვირუსულად ვრცელდება წარწერით - "წამებული მასწავლებელი“.

ამ დროისთვის კაჰრამანმარაშის სკოლაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოებში მკურნალობენ. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა 14 წლის მოზარდის ასეთი აგრესიის მიზეზი და როგორ მოახერხა მან სკოლაში ამდენი იარაღის შეტანა.

წაიკითხეთ ასევე: