ავტორი:

"მხოლოდ ერთს ვისურვებდი, პატრიარქის არჩევნებში სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს" - ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილის, დეკანოზ დავით ციცქიშვილის "სახალხო ინტერვიუ"

"მხოლოდ ერთს ვისურვებდი, პატრიარქის არჩევნებში სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს" - ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილის, დეკანოზ დავით ციცქიშვილის "სახალხო ინტერვიუ"

"მე გახლავართ დეკანოზი დავით ციცქიშვილი, თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი“, - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის მორიგი "სახალხო ინტერვიუ“. სტუმარი გარდა იმისა, რომ სასულიერო პირია, ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის შთამომავალია, კონკრეტულად კი, შვილთაშვილი.

დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას სტატიის ბოლოს.

გიორგი:

- მამა დავით, რატომ გახდით სასულიერო პირი. მოგვიყევით ამის შესახებ.

- როდესაც შენ ჯვარს ატარებ, აქ ალბათ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ გამოიყოფა, რამდენიმეა. ჩემ თავთან მიმართებით, რამდენიმეს გამოვყოფდი. ერთი ისაა, რომ სასულიერო გვარს ვეკუთვნი - წინაპრებში ბევრი სასულიერო პირი გვყავდა. მეორე ფაქტორი, რაც, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში შეიძლება დავასახელო, ისაა, რომ ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. როდესაც დამამთავრებელ კურსებზე ვიყავი, მივხვდი, ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ფსიქოლოგებს წარმოუდგენიათ. აქ რაღაც სხვა ძალებია ჩართული, კერძოდ, მივხვდი, რომ უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე ღმერთია და მოწინააღმდეგე ღვთის საწინააღმდეგო ძალა... ბოროტი ძალა ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგიური პრობლემებით, ბრძოლებით მოდის. ეს კარგად გავაცნობიერე, გავითავისე და მივხვდი, რომ ღუზა სხვაგან უნდა ჩამეშვა იმისთვის, რომ, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი შევმდგარიყავი... ამანაც განაპირობა... ფსიქოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და ღუზა სხვადასხვა სფეროში ჩაუშვი. მიუხედავად ამისა, სრული შეგრძნება მქონდა, რომ ის ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. გული ვერც ერთ ადგილს ვერ დავუდე. ამანაც მიბიძგა, აქეთკენ წამოსულიყავი. ალბათ ადამიანი თავისი მისიით იბადება და აი, ამას უნდა მიაგნოს.

მახსოვს, ჩვენს უწმინდესს, ილია II-ეს ჰქონდა ასეთი ჩვეულება: როდესაც ეპისტოლეებს წერდა, ზოგჯერ მოსახლეობის გარკვეულ წარმომადგენლებს ეძახდა, რომ მათი აზრი გაეგო საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. ასეთ შეხვედრას ერთხელ მეც დავესწარი. ვთქვი, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი უბედურებაა ისაა, რომ ადამიანი საკუთარ თავს ღალატობს, - პროფესიად ირჩევს არა იმას, რაც მისთვის საინტერესოა და რისთვისაც არის მოწოდებული, არამედ იმას, რაც ფულს მოიტანს, რაც კარიერის გაკეთებაში ხელს შეუწყობს. ამით საკუთარ თავს ღალატობს-მეთქი... მეც ბევრი ნაკლი მაქვს და ცხოვრებაში შეიძლება ბევრი შეცდომაც მომსვლია, მაგრამ ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის არ მეღალატა. ის შინაგანი განწყობა, რისკენაც მიბიძგებდა, ის საქმე მეკეთებინა...

დოდო:

- რას გვეტყვით ტაძარზე, რომელშიც მოღვაწეობთ? რა ისტორია აქვს მას?

- ჩვენი ტაძარი, სადაც ახლა ვწირავთ, ვმსახურობთ, კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობისაა. მე-16 საუკუნეშია აგებული, მაგრამ 2007 წელს იქ გათხრები ჩატარდა და აღმოჩნდა V-VII საუკუნის ტაძრის საძირკვლის ნაშთები. როგორც ამბობენ, ვახტანგ გორგასლის დაარსებულია, რაც ძველი წყაროების მიხედვით დასტურდება და დედაციხის ეკლესიის სახელწოდებით არის ცნობილი. ასე რომ, ერთ-ერთი უძველესი ტაძარია.

იქ ყოფნისას ასეთი განცდა გაქვს - თითქოს თბილისში ხარ და თბილისშიც არ ხარ. შედარებით მაღლობზეა - ზემოთ, გარკვეული მანძილი კიბეებით უნდა აიარო. ერთია, როდესაც ტრასიდან უცებ შედიხარ ეკლესიაში და სულ სხვაა, როცა ცოტა ოფლს გამოიდენ, გზა ოდნავ გრძელდება და ტაძარზე, ღმერთზე ფიქრობ. მერე რაღაც სხვა განწყობით შეაბიჯებ ღვთის სახლში.

უცნობი:

- რატომ თავდაპირველად ფსიქოლოგია და ლექციების კურსი, მღვდლობის პარალელურად, სად მიგყავთ?

- ლექციების კურსი ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში თბილის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ასევე სეუ-ში მიმყავს... რაც შეეხება თავიდან პროფესიის არჩევას, - ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებდა ადამიანის ფსიქოლოგია. სხვათა შორის, იმ დროს ეს პროფესია კაცისთვის პრესტიჟულად არ ითვლებოდა, რადგანაც ასე მიაჩნდათ, რომ ამ საქმიანობით "ფულს ვერ გააკეთებდი,“ კარიერას ვერ გაიკეთებდი, მაგრამ იმდენად მინდოდა, იქ ჩამებარებინა, მივყევი ჩემს შინაგან მოწოდებას... მერე როდესაც მღვდელი გავხდი, ათწლეულების შემდეგ მივხვდი, რომ არ ვუღალატე ჩემ თავს და ეს არჩევანი გავაკეთე, ძალიან წამადგა. მღვდლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება სჭირდებოდეს, ეს ადამიანის ფსიქოლოგიური კანონების ცოდნაა.

ვაჟა:

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილი ხართ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? მოგვიყევით თქვენს დიდ ბაბუაზე...

- ეს ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული... ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ნიჭიერი ვარ მართლმადიდებლური სარწმუნოების გათავისების, აღქმის თვალსაზრისით. მღვდელი რომ ვარ, უკვე აღვნიშნე, რომ ალბათ იმის დამსახურებაა, რომ თუნდაც წინაპარი მყავდა პატრიარქი. ეს სხვანაირი პასუხისმგებლობაა. რაიმე რომ დავაშავო, არასწორად მოვიქცე, უცოდველი, უშეცდომო არავინაა, იტყვიან, პატრიარქის შთამომავლი რას აკეთებსო?! ერთი დიდი რუსი წმინდანის - სერაფიმე ვირიცელის შვილს რაღაც კუთხით ცხოვრება აერია. ზოგჯერ ბოროტი რომელიმე სულიერ მოღვაწეს რომ ვერაფერს დააკლებს, ცდილობს, მის შვილებს გადაუხადოს სამაგიერო. გაალმასებული ეკვეთება მის შთამომავლებს. ეს ძნელად გასაგები კანონზომიერებაა, მაგრამ ეს მომენტი არის. ბრძოლები დიდია, მაგრამ შეწევნაც დიდია იმიტომ, რომ ქრისტიანული გაგებით თუ წინაპარი ხვდება სამოთხეში და იქ კარგ ადგილებში დაივანებს, ის მიწაზე დარჩენილთათვის მლოცველი ხდება. აი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა...

ურთულეს პერიოდში მოუწია კათოლიკოს პატრიარქის ჯვრის ზიდვა. ეს იყო გასული საუკუნის 20-იანი წლები, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ და წითელი ტერორი მძვინვარებდა. ეკლესიებს ანგრევდნენ, სასულიერო პირებს ხვრეტდნენ, აწიოკებდნენ. 1922 წელს უწმინდესი ამბროსი ხელაია, მისი წინამორბედი, დაიჭირეს. მისი კურთხევით კი, 1923 წლის დასაწყისიდან ქრისტეფორე უკვე მართავდა, ფაქტობრივად, ეკლესიას მოსაყდრის სტატუსით. ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ეკლესიის საჭეთმმპყობელის მისია. 1927-დან 1932 წლამდე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ, ფაქტობრივად, როგორც ვთქვი, 1923 წლიდან მესაყდრე გახლდათ. მიხვდა, რომ ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში მოხვდა. უმძლავრესი სატანური ძალა მოევლინა კაცობრიობას. აშკარა წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა... მიმართულება, რომელიც მან განსაზღვრა, ამ გზას ყველა შემდგომი პატრიარქი დაადგა. ეს გზა საკმარისად ეკლიანი იყო. ბევრს არ ესმოდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მის მოღვაწეობაში რაღაც მედროვეობის ელემენტებს ხედავდა, მაგრამ გადარჩენის ერთადერთი რეალისტური გზა ეს იყო.

იმდენად უჭირდა, რომ თვითონ დადიოდა, მაგალითად, საჭმლის ჩამოსატანად. ერთი ჩილელი მიტროპოლიტის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც მაშინ თბილისში მის პერიოდში ჩამოვიდა. ამბობდა, რომ საპატრიოქეოში კი არ მიგვიღეს, სადღაც ქალაქის გარეუბანში, ინკოგნიტოდ, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდათო... წარმოიდგინეთ, სტუმრის მიღებისაც კი ეშინოდათ. პატრიარქი ქრისტეფორე რომ გარდაიცვალა, მაინტერესებდა ამას როგორ აშუქებდა მაშინდელი პრესა. გავეცანი საარქივო მასალებს და იცით, რა ეწერა - მიცვალებულების გრაფაში - გარდაიცვალა ქრისტეფორმე მურმანის ძე ციცქიშვილი... პატრიარქი არ იყო ნახსენები. იმის ღირსიც კი არ გახადეს, მიეთითებინათ, რომ პარტრიარქი გარდაიცვალა. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ რთულ ჯვარს ატარებდა.

ვახო:

- ახალგარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია II-ეზე რა მოგონებები გაქვთ. პირადად ხშირად გქონიათ მასთან შეხვედრის საშუალება?

- ხშირად მქონია მასთან შეხვედრის საშუალება. ბევრი ითქვა, დაიწერა და მეც აღვნიშნავ, რაც მრავალმა აღნიშნა. მას განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა. ის ქარიზმა, სამწუხაროდ დღევანდელ მღვდელმთავრებთან მაინცდამაინც არ შეინიშნება. სიბრძნე ჰქონდა, ჰქონდა შეცდომებიც, გაიდეალების მომხრე არ ვარ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან შთამბეჭდავი პიროვნება იყო.

როდესაც ქრისტეფორეზე იყო საუბარი, ჩემთან არაერთხელ უთქვამს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი პატრიარქი, რომელმაც ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეკლესია. რამდენჯერაც არ შევხვედრივარ, ამას ხაზს სულ უსვამდა. არადა, დღეს ზოგიერთი ზედაპირულად მოაზროვნე ისტორიკოსი ამ ღვაწლს, როლს აკნინებს... იმდენად რთული იყო მისი მისია, რომ ბევრს არ ესმის, ზედაპირულად, საკმაოდ სუბიექტურად სჯის მის მოღვაწეობას და არასიღრმისეულად აფასებს.

თეა:

- საქართველოს მომავალი პატრტიარქად, ილია II-ის საქმეების ღირსეულ გამგრძელებლად ვის მიიჩნევთ?

- თავს შევიკავებ დასახელებისგან. რა თქმა უნდა, მყავს ჩემი კანდიდატები. მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს. ახლა რეალისტურად რომ მივუდგეთ და არამიამიტურად, - სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა, გაეკონტროლებინა ეკლესია და დღესაც ვამჩნევ ამ ხაზს. ეს დასამალი არ არის, თავს ვერ მოვიტყუებ და სხვასაც ვერ მოვატყუებ. მინდა, რომ პატრიარქი აირჩეს ეპისკოპოსების მხრიდან და ეს ღვთის ნებით მოხდეს...

მკითხველი:

- რა არის ფარისევლობა და როგორ უნდა დაიძლიოს ის?

- დიდმარხვის მოსამზადებელი კვირაა მეზვერისა და ფარისევლის... ეკლესიური გაგებით ფარისევლობა ისაა, როდესაც შენი მორწმუნეობით და სათნოებებით ყელყელაობ. სინამდვილეში ღვთისთვის სათნო იყო, ეს კიდევ სხვა პილოტაჟია... ფარისევლობაა, როდესაც სულიერ, სამართლიან ადამიანს კარგად თამაშობ და სინამდვილეში სულ სხვა ბუნება გაქვს. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასეთი ადამიანი ისეთი ეგოისტი ხდება, ისე გაგწირავს, ისე ანგარებით მოიქცევა, რომ მისი კეთილი დიდი "ადამიანობისგან“ არც არაფერი ჩანს. ყალბია თავისი სახით. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ? ერთ-ერთი სულიერი კანონი გეუბნება, რომ "იყო ის, რაც ხარ“. ეს ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ არის ბიბლიაში ასეთი ეპიზოდი - მოსეს გამოარჩევს უფალი და ეუბნება, წავიდეს ფარაონთან, რომ ფარაონმა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გაუშვას, რადგან ძალიან ავიწროებდა ფარაონი, მაშინდელი ხელისუფლება. მოსე ჯერ უარს ამბობს და მერე დახვდება და ეკითხება - ვინ ხარ შენ? - მე ვარ ის, რომელიც ვარ. ჩვენ ღვთის სახედ და მსგავსად შეგვქმნეს, ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ ის, რაც ვართ. ერთ-ერთი ბრძენი მოძღვარი მეუბნებოდა, იყავი ის, რაც ხარ ანუ გამარტივდი. "კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. სოციალურ ფსიქოლოგიაში არის ასეთი მიდგომა, ადამიანი სხვადასხვა როლს თამაშობს. ამ როლებს რაც ნაკლებად ვითამაშებთ, ვიქნებით ის, რაც ვართ, ვიქნებით უფრო ქრისტიანული და ღვთისთვის სათნო, თუმცა ეს ძალიან რთულია.

დიმიტრი:

- ახალგაზრდებს რა რჩევას მისცემდით?

- მიხვდნენ, რომ "ამაოება ამაოებათა“... ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. ხანში შესულ ადამიანს რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ ცხოვრება უცებ გაიპარა... ადამმა 930 წელი იცოცხლა (მაშინ დიდხანს ცოცხლობდნენ). მამა კლეოპასთან (დიდ რუმინელი ბერი) წავიკითხე, რომ ადამთან მიდის ურიელ მთავარანგელოზი და ეუბნება, - დამთავრდა შენი მიწიერი ცხოვრების ხანა, ზეცაში უნდა აგიყვანო და თან ეკითხება, როგორ მოგეჩვენა ეს ცხოვრება? თითქოს ერთ კარში შევედი და მეორიდან გამოვედი - იყო მისი პასუხი. წარმოგიდგენთ, 930 წელი იცხოვრა და ასეთი განცდა ჰქონდა... ჩვენ გენიალური გამონათქვამი გვაქვს - "წუთისოფელი“... მართლაც, წლებს რომ მოიტოვებ, გეჩვენება, რომ ეს ყველაფერი წუთისოფელი იყო. ჰოდა, მინდა, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ ეს. წლები უცებ გაივლის. რაც ახალგაზრდობაში გიზიდავთ, გაინტერესებთ, ასაკთან ერთად, ამაოდ მოჩანს. დიდად არაფრად. რჩება ღმერთთან ურთიერთობა. ჰოდა, ამას რაც უფრო ახალგაზრდულ ასაკში გაითავისებთ და უზენაესს თავისას მიაგებთ, ძალიან კარგი იქნება. შესაძლოა, დრო და გარემოება ამისთვის ხელს არ უწყობთ, მაგრამ ვფიქრობ, ჭკუა დაატანონ და მიხვდნენ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ამაზე დადის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მადლობთ, რომ გვისმენდით.

იხილეთ ასევე: