ავტორი:

რეზონანსული ამბის მოულოდნელი შემოტრიალება: თამუნა მუსერიძე 22 წლის კვიპროსელი ბიჭის წინააღმდეგ, რომელმაც მშობლები საქართველოში იპოვა - "მემუქრებოდნენ, გაგაქრობო"

რეზონანსული ამბის მოულოდნელი შემოტრიალება: თამუნა მუსერიძე 22 წლის კვიპროსელი ბიჭის წინააღმდეგ, რომელმაც მშობლები საქართველოში იპოვა - "მემუქრებოდნენ, გაგაქრობო"

ჯგუფ „ვეძებ“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებს ბოლო დღეებია სოციალური ქსელი აქტიურად ადევნებს თვალს. ამჯერად, დაპირისპირების მიზეზი კვიპროსელი პანაგიოტისის ისტორია გახდა - საქმე, რომლის ბედნიერ დასასრულსაც 5-წლიანი რთული გამოძიება, ათობით დნმ ტესტი და ემიგრანტების უპრეცედენტო ერთობა უძღოდა წინ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნაპოვნი ბიოლოგიური ოჯახის სიხარულს თან ახლავს უმადურობა, პირადი მუქარები და ფინანსური მაქინაციები.

  • თამუნა მუსერიძე „ლაივ“ რეჟიმში იმ კულისებზე საუბრობს, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გაყალბებული საბუთები, სადაც არარსებული მშობლების ვინაობა ეწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული საქმე და ე.წ. „მაფიოზებით“ მუქარა - ეს იმ სირთულეების მცირე ჩამონათვალია, რისი გადალახვაც ჯგუფის დამფუძნებელსა და მის გუნდს მოუხდათ.

"როდესაც ამ ბიჭისთვის ტესტის ფულს ვმათხოვრობდი და ვაგროვებდი, მაშინ სად იყვნენ ეს “მაფიოზები“ და რატომ არ ედგნენ გვერდში?“ - კითხულობს თამუნა მუსერიძე.

სტატიაში წაიკითხავთ, რატომ გაიყო გზები ჯგუფის ადმინისტრატორსა და პანაგიოტისს შორის და რა რეალობა იმალებოდა წლების განმავლობაში „მოპარული ბავშვის“ სტატუსის მიღმა.

- დაახლოებით რვა თვეა, რაც ჩემსა და ჩემი ჯგუფის ირგვლივ, ასე ვთქვათ, სკანდალები ტრიალებს. დღეს კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, სკანდალის ეპიცენტრში აღმოვჩნდი.

დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩვენს ჯგუფს დაუკავშირდა ბიჭი, რომელიც არის გაშვილებული საქართველოდან კვიპროსზე და ეძებდა ბიოლოგიურ ოჯახს. ხუთი წლის განმავლობაში, მარტო მე პირადად, ჩემი ხარჯებით, ამ ადამიანს ვაჩუქე ექვსი გენეტიკური ტესტი. თითო გენეტიკური ტესტის ფასი როდესაც არის 250 დოლარი, თქვენ ალბათ ხვდებით, რა თანხებზეა ლაპარაკი. ამერიკიდან ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებმა, სალომე კოლმა და ელომ, ათობით ტესტი შესწირეს მისი ბიოლოგიური ოჯახის მოძიებას. ემიგრაცია ისე დაუდგა გვერდში ამ ადამიანს და ისე დაეხმარა, რომ მე ასეთი ერთიანობა, რა ვიცი, ბოლოს როდის ვნახე, არ ვიცი. ტესტების გარდა, ეხმარებოდნენ ფინანსურად ამ ადამიანს, იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა თანხა იმისთვის, რომ ვიღაც წასულიყო სამეგრელოში მისი სანათესავოს გასატესტად.

, პანაგიოტის სორუკლე

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორისთვის ემიგრანტები ყიდულობდნენ ბილეთებს, რომ ჩამოსულიყო გერმანიიდან და წასულიყო სამეგრელოში, ამ ბიჭის შესაძლო ნათესავების გასატესტად. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებდით თანხას, რომ მისთვის მიგვეცა გზის ფული. შემდგომ, სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ჩვენ ცალკე ვაგროვებდით გზის ფულს, ეს გოგოები ცალკე აძლევდნენ გზის ფულს, კიდევ ერთი-ოთხი კაცი აძლევდა გზის ფულს და არ ვიცოდით ამის შესახებ. მოკლედ, ასე ხდებოდა ამ ბიჭის ოჯახის გატესტვა.

გარდა ამისა, ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო ძიება, იმიტომ, რომ მე მისი ამბავი და საბუთები მივიტანე და მერე ჩამოვიყვანე და მივიყვანე პირადად შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სწორედ მისი საქმეებიდან გამომდინარე მქონდა ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, რის გამოც არ მქონდა უფლება, დამესახელებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ მის, ასე ვთქვათ, გაშვილებაში. მირეკავდნენ სხვადასხვა ადამიანები - არა სტრუქტურის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ მე უნდა გავჩერებულიყავი.

განსაკუთრებით ბევრი პრობლემა შეგვექმნა ზაფხულში, იმიტომ, რომ ამ ბიჭს ჰქონდა კონკრეტული მოთხოვნა ჩემთან - მევლო რეგიონებში და მე გამეტესტა მისი ბიოლოგიური ოჯახის წევრები. ვუხსნიდი, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ვინ ივლის, ეს ხარჯი ხომ ჩემი გაღებულია?

გარდა ამისა, არაერთ გადაცემაში, პოდკასტში, არაერთ ინტერვიუში დავდიოდი, ვყვებოდი ყველგან მის ისტორიებს. BBC-საც, ABC-საც, Forbes-საც სულ ვთხოვდი, რომ მისი ისტორიები გაეშუქებინათ.

მას მერე, რაც ფიზიკურად ვერ მოვახერხე, რეგიონებში სიარული და მისი ბიოლოგიური სანათესავოს მოძებნა, ამ ადამიანმა გამოგვიცხადა ყველას - ჯგუფის წევრებსაც, აი ამ გოგოებსაც, რომლებიც ამერიკიდან ეხმარებოდნენ - რომ ჩვენ მისთვის არაფერი არ გაგვიკეთებია, რადგან რეგიონებში არ ვიარეთ. ავუხსენი, რომ სამი შვილის დედა, ამდენი საქმით დაკავებული ადამიანი, ვერ წავიდოდი რეგიონებში. აგვისტოში ხდება ეს ამბავი, რასაც მოჰყვა მამამისის მხრიდან მუქარა, რომ მე ჩარევდა მაფიოზებს და მე გამაქრობდნენ. მაშინაც გავჩერდი, ხმა არ ამომიღია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ვიცოდი, რომ ვერავინ ვერ ჩარევდა და მეორეც - ძალიან მშვიდად მოგვარდებოდა ეს ყოველივე ოფიციალურად, რა თქმა უნდა, სტრუქტურების ჩარევით და არა მაფიოზების.

მაფიოზების ხსენება და მუქარა მისი ამყვანი ოჯახის მხრიდან იმან გამოიწვია, რომ როდესაც მან (პანაგიოტისმა) უმადურობა გამოიჩინა და მითხრა: „შენ ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია, ვიზის საკითხში რას აკეთებო“, თავი ვეღარ შევიკავე. ისე ვიჩხუბე, რომ მართალია, ერთი უზრდელური სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ ბოლო ხმაზე ვყვიროდი - როგორ მიბედავდა ასეთ რამეს ამდენი დახმარების შემდეგ-თქო. ამაზე მამამისმა დამიყვირა: „შენ ვის უბედავ ხმის აწევას, საერთოდ გაგაქრობო“. სწორედ ამ მუქარის გამო დავბლოკეთ ეს ბიჭი ჯგუფიდან.

ადმინისტრატორის თაღლითობა და ჯგუფიდან გარიცხვა

არ ვიცი, მაია (ჩვენი ყოფილი ადმინისტრატორი - მაია ცქვიტაია) ეუბნებოდა თუ არა მას, რომ ტესტებს ჩვენი ხარჯებით ვუკეთებდით, რადგან ბიჭი ახლა ამბობს, არაფერი ვიცოდიო. ამასობაში კი გაირკვა, რომ მაია ჩემი სახელით ჯგუფის წევრებს ბიოლოგიური ოჯახის მოძიებაში 5 000 ლარს სთხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დავდე პოსტი თუ ლაივი და ყველას ვაფრთხილებდი - ჩვენ უსასყიდლოდ ვმუშაობთ და არავის დაუჯეროთ-თქო, თურმე მაია მაინც ატყუებდა ხალხს. ამერიკაში მცხოვრებ ელოს და ბევრ სხვასაც სთხოვდა ამ თანხას. სწორედ ამ თაღლითობის გამო გავუშვით ის ჯგუფიდან.

მაია ცქვიტაია

ახალი მუქარები და უმადურობა

ახლა მაიამ და პანაგიოტისმა საკუთარი ჯგუფი შექმნეს და დღე და ღამე მლანძღავენ. ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე ეს შეურაცხყოფა, როცა 24-ვე ტესტი, რომლის მეშვეობითაც ამ ბიჭმა ოჯახს მიაგნო, ჩვენი და ემიგრანტი გოგოების დაფინანსებულია.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ დავწერე, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილი დიდია, მუქარები ისევ განახლდა. მეუბნებიან, რომ უნდა გავჩუმდე, რადგან მათ ახალ ჯგუფს, რომელიც ახლა უკვე ფულზე მუშაობს, ხელს ვუშლი. ჩემმა მეგობრებმა ეს მუქარა ვერ აიტანეს და მათ გამო ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როცა უახლოეს ადამიანს „გაქრობით“ ემუქრებიან, თავის შეკავება რთულია.

ბოდიში "ბრალდებულ" ოჯახებს და სიმართლის გარკვევა

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც იმ ხალხს მოვუხადე, ვისაც წლების განმავლობაში ბავშვის მოპარვაში ვადანაშაულებდით: პანაგიოტისმა თავად დაწერა საჯარო კომენტარებში, რომ მოპარული არ ყოფილა. ჩვენ ათასობით ოჯახი გვყავს ნაპოვნი და მათი ნებართვის გარეშე ისტორიებს არ ვასაჯაროებთ, მაგრამ რადგან მან თავად დაწერა ეს სიმართლე, მეც მივეცი ჩემს თავს უფლება, მეთქვა.

წლების განმავლობაში გვეგონა, რომ ბავშვი მოპარული იყო, რადგან საბუთებში სხვისი მონაცემები ეწერა და თავადაც სულ ამას გვიმეორებდა: „მოპარული ვარ, თქვით, რომ მოპარული ვარო“. ახლა კი, როცა მაფიოზებით მემუქრებიან, ერთი კითხვა მაქვს მათთან: როცა ამ ბიჭისთვის ტესტის ფულს (250$-ს) ვმათხოვრობდი და ვაგროვებდი, მაშინ სად იყვნენ ეს „მაფიოზები“ და რატომ არ ედგნენ გვერდში?

ვიღაცები წერენ, თითქოს ტროლები დავიქირავე საკუთარი თავის დასაცავად. ტროლების დაქირავება რა ჯდება, საერთოდ თუ იცით? ყველა, ვინც ჩემს მხარესაა, ტროლად გამოაცხადეს. კვიპროსის მოქალაქეს როგორ უნდა ვუჩივლო, რა მუხლით? იმით, რომ მაფიოზებით მემუქრება? ეს ყველაფერი ძალიან აბსურდულია.

წაიკითხეთ ასევე: