ავტორი:

რას ამბობს პრემიერი აბასთუმანში საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე? - "მოვისმინეთ სპეკულაციები..."

რას ამბობს პრემიერი აბასთუმანში საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე? -  "მოვისმინეთ სპეკულაციები..."

აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა აქ არაფერია სასპეკულაციო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს.

"არის კონკრეტული ინტერესები ორი მიმართულებით - პირველი, რაც შეეხება ობსერვატორიას, მიმართვაც იყო ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს შედის ობსერვატორიის ინტერესებში, რომელსაც აქვს საქართველოში არსებობის ძალიან დიდი ტრადიციები, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაციაა ჩვენთვის და მისი მხარდაჭერა არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე კურორტის განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი და აქ არსებობს შესაბამისი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ორი ძალიან მყარი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო, რაც უკავშირდება ფრენის მარშრუტებს და არავითარ ზიანს ეს ქვეყანას არ აყენებს, პირიქით ქვეყნისთვის სწორი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, არაოფიციალური ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აბასთუმნის მიმართ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირდებოდეს.

"რადიო თავისუფლებას" წყაროები სახელმწიფო უწყებიდან და საავიაციო ინდუსტრიიდან ეუბნებიან, რომ აბასთუმნის ცაზე ახალი შეზღუდვები ასტროკლიმატზე მეტად აბასთუმნის კლიმატით ივანიშვილის დაინტერესებას უკავშირდება. ეს დაინტერესება ბიზნესკლიმატსაც ცვლის", - წერს გამოცემა.

იხილეთ ასევე: