ავტორი:

ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა მისი გავლისთვის საჭიროა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ნებართვა - შეთანხმების კიდევ რა დეტალებზე წერს Reuters -ი?

ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა მისი გავლისთვის საჭიროა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ნებართვა - შეთანხმების კიდევ რა დეტალებზე წერს Reuters -ი?

Reuters -ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რაც ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებას ეყრდნობა, ჰორმუზის სრუტე უკვე ყველა სამოქალაქო ხომალდისთვის არის ღია, თუმცა თავად ცურვის პროცესი ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC) უნდა იყოს კოორდინირებული. ამავე ინფორმაციით სამშვიდობო გარიგების “განუყოფელ“ ნაწილს ირანული აქტივების განბლოკვაც წარმოადგენს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებული განცხადების თანახმად, სრუტე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ გაიხსნა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანთან ომის დასასრულებელი შეთანხმება ასევე “მალე“ შედგება, თუმცა მისი ზუსტი ვადები კვლავ უცნობი რჩება.

ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში ასობით გემი და 20 000 მეზღვაური რჩება ბლოკირებული. ისინი იმ საკვანძო საზღვაო მარშრუტის საბოლოო გახსნას ელიან, რომელზეც მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის დაახლოებით 20% მოდის.

  • შეთანხმების პირობები და უსაფრთხოება

ირანელი მაღალჩინოსნის განმარტებით: ტრანზიტი მხოლოდ იმ დერეფნების გამოყენებით მოხდება, რომელთაც ირანი უსაფრთხოდ მიიჩნევს.

სამხედრო გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გავლა კვლავ აკრძალულია.

სამშვიდობო შეთანხმება 30 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული ირანული აქტივების (რომელიც ძირითადად ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან არის მიღებული) გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ნებართვა ამერიკულ სამოქალაქო გემებზეც გავრცელდება, რომლებიც კოორდინაციას ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციასთან გაივლიან. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეეხება თუ არა ეს შეზღუდვები საერთაშორისო ნაოსნობისთვის 1970-იანი წლებიდან დადგენილ მოძრაობის გამიჯვნის სქემის (TSS) ზოლებს.

ირანის განცხადებას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გაკეთებული პოსტით გამოეხმაურა, რომელშიც წერს:

“სრუტე უკვე სრულად ღიაა და გემების მისაღებად მზად არის", თუმცა აქვე დასძინა რომ აშშ-ის მიერ ირანული პორტებისკენ მიმავალი ხომალდების სამხედრო ბლოკადა, რომელიც გასულ უქმეებზე პაკისტანში უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა, კვლავ ძალაში რჩება.

საპასუხოდ ირანის სახელმწიფო მედიამ გავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ “თუ აშშ ბლოკადას გააგრძელებს, თეირანი ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს და სრუტეს კვლავ ჩაკეტავს“.

მიუხედავად დაპირისპირებული მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებებისაა, გემთმფლობელები და სადაზღვევო კომპანიები სრუტის გახსნას მაინც სიფრთხილით ეკიდებიან და ამის მთავარ მიზეზს ირანის მიერ სრუტის შესაძლო დანაღმვა წარმოადგენს. წყარო

იხილეთ ასევე: