1-ელ აპრილს ამერიკელი და კანადელი ასტრონავტები მთვარის გარშემო 54 წლის შემდეგ პირველად გაფრინდნენ. ასტრონავტებმა კოსმოსში 10 დღე გაატარეს. დედამიწას ორჯერ შემოუარეს, მთვარეს - ერთხელ. შემდეგ კი წყნარ ოკეანეში დაშვებით დედამიწაზე დაბრუნდნენ.
მისიას "არტემის II“ ეწოდა. კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრები კი არიან: ეკიპაჟის მეთაური - რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი -ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი - კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი პირველი ქალია, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელმაც მთვარის გარშემო იმოგზაურა.
NASA-ს ახალი Space Launch System-ის ტიპის რაკეტა-მატარებელი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი კოსმოსში გაიყვანა, აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გაშვებული - ეკიპაჟის გარეშე საცდელი ფრენა მთვარისკენ 2022 წელს წარმატებით ჩატარდა.
რას ემსახურებოდა მისია, ამ ფაქტით რა დაფიქსირდა - თემის შეფასება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, გიორგი ჯავახიშვილს ვთხოვეთ.

- მთვარეზე გაფრენა 54 წელი შეწყვეტილი იყო. ამის აღდგენას დრო სჭირდებოდა. მას მერე თაობები შეიცვალა და იმ ტექნოლოგიებისთვის ამ გზის თავიდან გავლა, ახალი ტექნიკის გამოცდა აუცილებელი გახდა. საბოლოო ჯამში კი, ამერიკელები ამ მისიებით მარსზე წასვლას აპირებენ. რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უკვე თამამად განაცხადეს, რომ შემდეგი მათი მიზანი არის მარსი.
- ე.ი. ამ მისიების საფუძველზე ამერიკელები მარსზე წასვლას აპირებენ...
- კი და ამისთვის სამზადისს დაიწყებენ. ეს მისია წინასწარი იყო. შემდეგიც, "არტემის 4“-მდე წინასწარი იქნება, რომელიც ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს. ისინი მთვარის გრუნტიდან წყლის მოპოვებას დაიწყებენ.
მიღებული წყლით ეცდებიან, შექმნან შესაბამისი ინფრასტრუქტურა, წყლიდან გამოყონ ჟანგბადი, წყალბადი, საწვავი მიიღონ და მთვარეზე ნელ-ნელა კოსმოდრომი ააშენონ.
- რამდენ ხანში მოხდება ეს?
- სავარაუდოდ, 15-20 წელიწადში, რადგან კოსმოდრომის აშენება პატარა საქმე არ არის. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შემდეგ მთვარეზე გაფრენისთვის შუალედური ეტაპი იყოს. სხვანაირად მარსამდე გაფრენა დედამიწიდან ყოველთვის რთული იქნება და ასეთი დიდი რაკეტა საჭირო იქნება. მთვარიდან აფრენა და მცირე მოდულებით წასვლა შესაძლებელია...
ცნობილია, რომ მთვარეზე აქამდე 12 ამერიკელია ნამყოფი...
- ეს ოთხკაციანი მოდული მთლიანად ახალი იყო?
- ეს "ორიონის“ ოთხკაციანი მოდული ახალი იყო და ის უნდა გამოეცადათ. ამერიკელები აქამდე სამკაციანი მოდულით დაფრინავდნენ. ამასთან, ადამიანებიც თავიდან გამოიცადნენ - ერთგვარი ექსპერიმენტი ჩატარდა. საერთოდ, პრობლემა იცით, რა არის? დედამიწის მაგნიტური ველი ძალიან ბევრ კოსმოსურ ნაწილაკს ამუხრუჭებს. ის სხივები ძალიან საშიშია ადამიანის ორგანიზმისათვის. სულ სხვა სიტუაციაა, როცა კოსმონავტები დედამიწის ახლო ორბიტაზე დაფრინავენ. მათ ისეთი საშიშროება არ აქვთ, ვიდრე მთვარეზე გასულ კოსმონავტებს.
მოკლედ, ეს ყველაფერი შესასწავლი იყო, რამდენად გაუძლებდა აპარატურა, მზეზე ამოფრქვევისას რა მოხდებოდა. საბედნიეროდ მათი იქ ყოფნისას ამოფრქვევა არ მოხდა. მნიშვნელოვანია ისიც, ასეთ დროს, თავს როგორ დაიცავდნენ... ეს და კიდევ ბევრი რამ ჯერ შესასწავლი აქვთ.

- მარსისკენ ფრენა არაა ადვილი...
- კი, ღია კოსმოსში გაფრინდებიან და ოთხიდან ექვს თვემდე აპარატურამ ცალმხრივად უნდა იფრინოს. ადამიანებს ამ გზაზე არანაირი დაცვა არ ექნებათ. ძალიან დიდი და სხვადასხვანაირი რისკი არსებობს და ახლა სწორედ ამას ცდიან.
ამათ რამე რომ გაჰფუჭებოდათ, არანაირი სათადარიგო ვარიანტი არ ჰქონდათ, ამაზეც იფიქრებენ. შეიძლება ორი რაკეტით გაფრენაზეც იფიქრონ და იმაზეც, რომ ადამიანების რისკები მინიმუმამდე დაიყვანონ.
- ასტრონავტები ამ რისკებზე შეგნებულად მიდიან და ფაქტობრივად, ხელს სიკვდილზე აწერენ...
- ცხადია... კოსმოსში აბსოლუტურად დაუცველია გარემო - უზარმაზარ სივრცეში მარტონი არიან. კოსმონავტების ემოციების შესახებ ალბათ მოგვიანებით შევიტყობთ, დაწერენ, იტყვიან. თუმცა, როგორც წესი, ყველა დადებით ემოციებზე წერს, შიშებსა და პანიკურ განცდებზე არავინ გვიყვება. თან მანდ მნიშვნელოვანი დეტალია, ისეთ ხალხს არჩევენ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვთ. ეს ადამიანები ერთმანეთთან თუ კარგად შეწყობილები არ არიან, სხვანაირად არ გაუშვებენ. ფსიქოლოგიური თანხვედრა, ტექნიკური გამოცდილება, ფიზიკური გამძლეობა და ბევრი ასპექტია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ამ მისიის პილოტს აფროამერიკელ ვიქტორ გლოვერს სამი სხვადასხვა ბაკალავრის დიპლომი აქვს, თუმცა ფსიქოლოგიური მდგრადობა მაინც უმნიშვნელოვანესია. 10 დღე ვიღაცებთან ერთად პატარა კაფსულაში უნდა იყვნენ, კაფსულაში, რომლის ფართობი ცხრა კუბური მეტრია.
- მართლაც დიდი გამოწვევაა... კომენტარებში ამოვიკითხე - როგორ და სად ეძინათო?
- საძილე ტომრები ჰქონდათ. კრისტინა კოხის, ქალს შუა ადგილი დაუთმეს, თუმცა ასეთი განლაგებით იყვნენ სხვა კადრებშიც... ეკიპაჟი პოლიტიკურადაც იყო შერჩეული - აფროამერიკელს, კანადელს, ქალს უნდა მიეღო მონაწილეობა. საერთოდ მთვარეზე პირველი კანადელი გაფრინდა.
ისე, ამერიკელებს ერთი ჭკვიანური მიდგომაც აქვთ,
ყველა ამ გაფრენაში თან ფულს აკეთებენ. ამჯერადაც რაკეტაზე მოთავსებული იყო 4 კუბსატი - პატარა სატელიტი. ერთ-ერთი გერმანელების იყო. ეს სატელიტები დაფრინავენ სივრცეში და სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ - ზოგი ატმოსფეროს აკვირდება, ზოგი - რას და ზოგი - რას. შესაძლოა, განსაკუთრებულ თანხას ამაში არ იღებენ, თუმცა როგორც ჩანს, ხუმრობით თუ ვიტყვით, მცირე ხეირის გარეშე არ ყოფილა ეგ ამბავი.

- მარსის შემდეგ სად შეიძლება გაფრინდნენ?
- შესაძლოა უკვე იუპიტერის თანამგზავრებზე იფიქრონ. იუპიტერის თანამგზავრები ძალიან საინტერესოა, რადგან ფიქრობენ, რომ ოკეანეების ქვეშ შეიძლება ელემენტარული სახით სიცოცხლე იყოს...
მარსის კუთხით ერთი კარგი დეტალია, ამერიკელებმა ამ ყველაფერში კერძო კომპანიები ჩართეს - შემდეგი გაფრენებისთვის ტენდერი გამოაცხადეს (კოსმოსური გაფრენების კონკურსს, როგორც ჩანს, ამერიკელები იგებენ)... მოკლედ, ფართო მიდგომებით დაიწყეს მომზადება და თან ძალიანაც არ ჩქარობენ.
- კონკურენტებად ვის მიიჩნევენ?
- ადრე, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა, მაშინ მათთან შეჯიბრების და კონკურენციის გამო გაფრინდნენ პირველად ამერიკელები. ახლა მათ შორის კონკურენცია აღარაა, როგორც ჩანს, ამიტომაც აღარ ჩქარობენ. რუსები არ აქტიურობენ, ბოლო გაფრენებისას რაკეტები ხშირად უვარდებათ... ამჟამად ამერიკელების კონკურენტები არიან - ჩინელები, ინდოელები და ევროკავშირი. ადრე საბჭოთა კავშირი იყო.
- კოსმოსური სხივები ახსენეთ და ამ სხივებმა ეკიპაჟის წევრებზე გავლენას არ იქონია? მოდულის კედლები ამ სხივებისგან შიდა სივრცეს იცავს?
- მათი ჯანმრთელობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, ასტრონავტების სამედიცინო გამოკვლევა კარგა ხანს გაგრძელდება. საფუძვლიანად დააკვირდებიან.
რაც შეეხება მოდულს, გააჩნია როგორი სხივებია. საშიში აფეთქება მზეზე მათი იქ ყოფნისას არ მომხდარა, მაგრამ შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა ფონური სხივები ხომ არის და შეიძლება რაღაც ასეთი მიეღოთ. ამიტომაც მათი სერიოზული გამოკვლევაა საჭირო. დააკვირდებიან, რაიმე გენეტიკური ცვლილება ხომ არ მოხდა. როგორც უკვე ვთქვით, ეს ადამიანები იქ თავისი ნებით მიდიან. საერთოდ ადამიანის გონება ექსპანსიონისტია და მიდრეკილია აღმოჩენებისკენ...
- ყოფითი საკითხების მოგვარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალურ ქსელში ამაზეც არაერთი კომენტარი შემხვდა...
- რაც შეეხება საკვებს - პაკეტები აქვთ - ძირითადად მშრალი საკვები. აქვთ ასევე წყალი. კერძის მომზადებას რამდენად შეძლებენ, არ ვიცი, მაგრამ ელექტრობა არის და ალბათ ღუმელებიც იქნება. შესაძლოა ამზადებდნენ, ათბობდნენ. თუმცა ამ ხომალდზე რამდენად იყო ეს, ზუსტად ვერ გეტყვით. ვეჭვობ, ყოფილიყო, რადგან მაინც პატარა მოდული გახლდათ.
იქ დაბანა, შხაპის მიღება არ შეიძლება. ამიტომ მშრალი შამპუნები აქვთ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ, ისაა, რომ წინდების დაბერტყვა არ შეიძლება. დაბერტყვის შემდეგ ის სივრცე იმ ნაწილაკებით ივსება. ვინაიდან იმ ჰაერს სუნთქავენ, ამიტომ არ შეიძლება. კიდევ არის მთელი რიგი ჩამონათვალი, რაც კოსმოსში არ შეიძლება... ჰო, ვიქტორს ბიბლია ჰქონდა წაღებული... გამოდის, რაღაც კუთხით მორწმუნეებიც არიან.
რაც შეეხება ტუალეტს, ეს ტექნიკურად ყველაზე რთული შესაქმნელი და მოსაწყობია. ასევე საკმაოდ ძვირიც. ამ ეკიპაჟს ცოტა განსხვავებული გაუკეთეს. წინა ეკიპაჟებს არ ჰქონდათ. ალბათ ახლა ქალი რომ იყო მამაკაცებთან და ამიტომ. თან ამ კაბინას პირველ დღეს იქ პრობლემა შეექმნა, მაგრამ მეორე დღეს გამოასწორეს. ტუალეტში მცირე გრავიტაცია მაინც უნდა შეექმნათ, სხვანაირად მას ვერ გამოიყენებდნენ. გრავიტაცია კაბინის ბრუნვით იქმნება.
- როგორც ადრე მითხარით, პამპერსის თემაც ძალიან საინტერესოაო... რას გულისხმობდით?
- წინა ეკიპაჟებს "აპოლონებს“ პამპერსები ჰქონდათ. პამპერსი ამათაც ექნებოდათ, თუმცა, როგორც ვთქვით, ტუალეტიც გაუკეთეს. პამპერსის საკითხი ძალიან საინტერესო რამაა იმ გაგებით, რომ პირველად როცა ნილ ამსტრონგი და "აპოლონ II“ მთვარეზე ჯდებოდა, მაგ დროს ასეთი რამ მოხდა (მოდულში ორნი იყვნენ), ამსტრონგმა დაინახა, რომ პირდაპირ ქვებზე ეშვებოდნენ. ქვებზე რომ დაცემულიყვნენ და თან ცუდად, აპარატურა გაფუჭდებოდა. ამიტომ ხელოვნურ მართვაზე გადაიყვანეს და ცოტათი გადააცდინეს იმ ქვებს და ამაში დამატებითი საწვავი დაიხარჯა.
ამან ის გამოიწვია, რომ უკან ასაფრენად აპარატურის და მთელი რიგი ზედმეტი ნივთის მთვარეზე გადაყრა მოუწიათ. თუმცა მითითება ჰქონდათ, რომ კოსმოსი არ დაებინძურებინათ, იქ ზედმეტი არაფერი დაეტოვებინათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ზედმეტი აპარატურა, რაღაც ნივთები და პამპრესებიც გადაყარეს. პირველი პამპრესი, რომელიც მთვარეზე გაჩნდა, მათი დატოვებულია.
მოკლედ, 25 წამის საწვავი ჰქონდათ და იმ რაკეტაში იმით აფრინდნენ, რომელიც მთვარის გარშემო დაფრინავდა, რომ გამოფრენილიყვნენ.
- კოსმოსის დაბინძურებას რაიმე პრობლემა ხომ არ მოჰყოლია?
- ამ ფაქტმა შემდეგი ეკიპაჟებისთვისაც ეს ტრადიცია დაამკვიდრა, პამპრესებს მთვარეზე ტოვებდნენ.
ალბათ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ პამპერში არის მიკრობები...
56 წლის შემდეგ რომ გაფრინდებიან, იმის დადგენას შეეცდებიან, მიკრობები, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმებია, რამდენ ხანს ცოცხლობენ და შეიძლება თუ არა, რომელიმე მიკრობები ცოცხალი იყოს. ძალიან სერიოზული თემაა, - სიცოცხლის წარმოშობის პანსპერმის თეორია ამბობს, რომ სიცოცხლე კოსმოსიდან არის ჩამოტანილი.

- ანუ თეორია გვეუბნება, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან მიკრობების და მიკროორგანიზმების საშუალებითაა გადმოსახლებული?
- თუ 54-56 წლის წინ მთვარეზე კოსმონავტების მიერ დატოვებული მიკროორგანიზმები შეიძლება გაცოცხლდეს, ე.ი. ეს თეორია მართალი ყოფილა.
ასეთი ექსპერიმენტიც ჩატარდა - კოსმოსში წაიღეს სხვადასხვა შტამი. რაღაც პერიოდის შემდეგ დედამიწაზე რომ დააბრუნეს, მიკრობების გარე შრეები დახოცილი აღმოჩნდა და შიგნით რაც დარჩა, ის მიკრობები მიძინების რეჟიმში გადავიდა. დედამიწაზე ის მიკრობები გაცოცხლდა... ახლა 2028 წელს რომ გაფრინდება მორიგი ეკიპაჟი და მთვარეზე დაჯდება, ბაქტერიების ბედის შესახებაც შევიტყობთ.