თურქეთში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ - ქაჰრამანმარაშსა და შანლიურფაში სკოლებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა - ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, თურქული საზოგადოება და ხელისუფლება კვლავ დაუპირისპირდა ტელეინდუსტრიას. ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია NOW TV-ის რეიტინგული სერიალი "Yeraltı“ (იატაკქვეშეთი), რომლის დახურვის შესახებაც სერიალის ფანების სენსაციური ცნობები ვრცელდება.
"სერიალი, რომელიც ბავშვებს იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს, მაფიოზურ დაჯგუფებებს ქარიზმატულად წარმოაჩენს, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტებს მათ ფონზე მეორეხარისხოვნად აქცევს - დასრულებულია! თურქეთში ვერცერთი სერიალი ვეღარ გაბედავს კრიმინალებისა და განგსტერების გმირებად გამოყვანას. ვინც ამას შეეცდება, სახელმწიფო მას ძალიან მძიმე ფასს გადაახდევინებს“, - აცხადებს ქუთაჰიალი.

ჟურნალისტის თქმით, იარაღის ტარების უფლება მხოლოდ სახელმწიფო პირებს აქვთ და ტელევიზია არ უნდა ახდენდეს იმ ადამიანების რომანტიზებას, რომლებიც კანონს არღვევენ.
სერიალის გარშემო ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის პოლიტიკური კონტექსტი. სერიალში მთავარ როლს პოპულარული მსახიობი ურაზ ქაიაროღლუ ასრულებს, რომელიც ეკრანზე ბოზქურთ ჰანოღლუს (მეტსახელად "ბოზო“) განასახიერებს.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი, დევლეთ ბაჰჩელი, პირადად დაუკავშირდა ურაზს, მიულოცა როლის წარმატებით შესრულება და სერიალის მიმართ სიმპათია გამოხატა. ახლა კი, როდესაც სერიალის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი, ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება გავლენიანი პოლიტიკოსის რეაქცია მისი ფავორიტი პროექტის გაჩერებაზე.
მაყურებლებში დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ "Yeraltı“-სთან ერთად ეთერიდან გაქრა კიდევ ერთი პოპულარული პროექტი - "Eşref Rüya“ (ეშრეფის სიზმარი) თურქული მედია ვარაუდობს, რომ ეს არ არის შემთხვევითობა. სკოლებზე თავდასხმის შემდეგ, თურქეთის ტელევიზიისა და რადიოს უმაღლესმა საბჭომ (RTÜK) დაიწყო მასშტაბური შემოწმება ყველა იმ სერიალის, სადაც აქცენტი კრიმინალზე, იარაღსა და ძალადობაზეა გაკეთებული.

რას ელოდება მაყურებელი?
ამ დროისთვის NOW TV-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თურქული პრესა ორ ვერსიას განიხილავს: ან არხი იძულებული გახდება სერიალი საერთოდ გააუქმოს, ან სცენარი ძირეულად შეიცვლება - "ბოზოს“ პერსონაჟი ნაკლებად აგრესიული გახდება და აქცენტი კრიმინალური სამყაროდან სხვა თემებზე გადავა.
თურქეთში ტელეინდუსტრია დიდი ცვლილებების ზღვარზეა, "Yeraltı“-ს ბედი კი სხვა მსგავსი ჟანრის პროექტებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდება.