თურქეთი, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის გამო, შოკშია. 16 წლის ისა არას მერსინლის მიერ მოწყობილი სასაკლაოს საქმეში ახალი, შემზარავი დეტალები იკვეთება.
გამოძიების ფაილებიდან ირკვევა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება, შესაძლოა, შესაძლებელიც ყოფილიყო, თუმცა მკვლელი საკუთარ გეგმას "მანიფესტს" უწოდებდა და მას ცივსისხლიანად ამზადებდა.
პოლიციის მაღალჩინოსანი მამა და საბედისწერო ვიზიტი ტირში
ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დეტალი მკვლელის მამას უკავშირდება. უღურ მერსინლი, რომელიც პოლიციის მთავარი ინსპექტორია, საკუთარი ხელით მიიყვანა შვილი ტირში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე. ორშაბათს მამამ მოზარდი იარაღიდან სროლაში ავარჯიშა, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, ისამ ეს ცოდნა სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ გამოიყენა.
"მანიფესტს დავასრულებ და დავიძინებ" - მკვლელის ბოლო მესიჯები
სასაკლაომდე ერთი ღამით ადრე, ისამ პლატფორმა Discord-ზე შემაძრწუნებელი შეტყობინებები დატოვა. ის პირდაპირ ასახელებდა სამიზნეებს - მე-5 და მე-6 კლასელებს:
"ჯანდაბა! ეს შეიძლება დღესვე გავაკეთო. დღეს სრულიად გამოფიტული ვარ... მამაჩემი ჩემს დახრჩობას და მოკვლას ცდილობდა. სახლში მარტო ვარ. ჩემს მანიფესტს სასწრაფოდ დავასრულებ, ცოტას დავიძინებ და მერე ამ სამყაროს ვაჩვენებ, რამდენად დავიღალე."
გამომძიებლებმა მისი კომპიუტერის შემოწმებისას 11 აპრილით დათარიღებული დოკუმენტიც იპოვეს, რომელიც თავდასხმის დეტალურ გეგმას წარმოადგენდა.

საიდუმლო ჯგუფი "PKK4" და "სკოლის მონადირე"
გამოძიებამ კვალს Telegram-ზეც მიაგნო, სადაც შექმნილი იყო ჯგუფი სახელწოდებით „PKK4“. თუმცა, ამ ეტაპზე ჯგუფში აქტიური მიმოწერები არ ფიქსირდება.
თანაკლასელები ისას ახასიათებენ, როგორც უკიდურესად ჩაკეტილ, უცნაურ და აგრესიული გამოხტომების მქონე მოზარდს. ის საკუთარ თავს ინგლისურად "School Hunter"-ს (სკოლის მონადირე) უწოდებდა.

მასწავლებლების თქმით, ისა გაკვეთილებზე არასდროს აქტიურობდა, სულ რაღაცას ხატავდა რვეულებში და არავისთან კონტაქტობდა. "მას ჰქონდა არაბუნებრივი, განსხვავებული აურა. თითქოს სულ დაძაბული იყო და ცდილობდა, სხვებზე გავლენა მოეხდინა," - იხსენებენ პედაგოგები.
ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, ჰყავდა თუ არა მოზარდს თანამზრახველები ვირტუალურ სამყაროში და რა როლი ითამაშა ოჯახურმა კონფლიქტმა მის რადიკალიზაციაში.
წაიკითხეთ ასევე: