ავტორი:

მზის სისტემის მეცხრე პლანეტა: ახლოს ვართ კოსმოსის კიდევ ერთი საიდუმლოს ამოხსნასთან?

მზის სისტემის მეცხრე პლანეტა: ახლოს ვართ კოსმოსის კიდევ ერთი საიდუმლოს ამოხსნასთან?

მას შემდეგ, რაც 2006 წელს პლუტონმა პლანეტის სტატუსი დაკარგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რვაპლანეტიან სისტემაში ვცხოვრობთ. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მეცხრე პლანეტა მაინც არსებობს და რომ ძალიან მძლავრი ახალი ტელესკოპის წყალობით, ჩვენ სულ მალე შევძლებთ მის პოვნას.

ვერა რუბინის ობსერვატორია, რომელიც ჩილეს ჩრდილოეთით მდებარე მთებშია განთავსებული, 2025 წლიდან მუშაობს იმისთვის, რომ რადიკალურად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ შეძლებენ ახსნან ზოგიერთი უცნაური მოვლენა ჩვენს მზის სისტემაში.

2016 წლიდან მოყოლებული, საკითხი მეცხრე პლანეტის შესახებ არის თემა, რომელიც მეცნიერებში დიდ ინტერესსა და უთანხმოებას იწვევს. სწორედ იმ წელს ასტრონომებმა კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკლ ბრაუნმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გამოაქვეყნეს სტატია იმის შესახებ, რომ მზის სისტემის განაპირას არის პლანეტა, რომლის მასა დაახლოებით 10-ჯერ აღემატება დედამიწის მასას.

მათი აზრით, მხოლოდ მასიური ციური სხეულის არსებობას შეუძლია ახსნას ექვსი შორეული ტრანსნეპტუნური ობიექტის (TNO) ქცევა, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ კოიპერის სარტყელში (მათი საშუალო მანძილი ვარსკვლავამდე უფრო დიდია, ვიდრე ნეპტუნის შემთხვევაში). TNO-ების ორბიტები უცნაურადაა დახრილი და გაჭიმული, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს უფრო დიდი “მეზობლის“ გრავიტაციული მიზიდულობა.

პლუტონმა დაკარგა პლანეტის სტატუსი, თუმცა ის ყველაზე ცნობილ ობიექტად რჩება.

“თუ მეცხრე პლანეტა არ არსებობს, მაშინ ჩვენ არ გვაქვს ახსნა ბევრ უცნაურ მოვლენაზე “, - განუცხადა ბი-ბი-სის პროფესორმა ბრაუნმა.

ბრაუნი ამ საიდუმლოებით მოცული ახალი პლანეტის ჰიპოთეზის ერთ-ერთი მთავარი მომხრეა, თუმცა ირონია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ მისი ნამუშევარი იყო საკვანძო საფუძველი იმისათვის, რომ 20 წლის წინ პლუტონისთვის მეცხრე პლანეტის სტატუსი ჩამოერთმიათ.

  • პლუტონი 1930 წელს აღმოაჩინეს და XXI საუკუნის დასაწყისამდე ჩვენი მზის სისტემის ყველაზე პატარა და ყველაზე შორეულ პლანეტად ითვლებოდა.

2005 წელს ბრაუნმა ორ კოლეგასთან ერთად აღმოაჩინა ერიდა - პლუტონის ზომის ობიექტი, რომელიც მზის გარშემო ნეპტუნის ორბიტის მიღმა ბრუნავს. ერიდას აღმოჩენამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (MAC) გადაწყვეტილებაზე, 2006 წელს შეეცვალათ პლანეტის განსაზღვრება და პლუტონისთვის ეს სტატუსი ჩამოერთმიათ. ის ერიდასთან ერთად, ჯუჯა პლანეტამდე “ჩაოაქვეითეს“.

  • უცნაური, მკრთალი და შორეული

მეცხრე პლანეტის არსებობის იდეასთან დაკავშირებული სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის არავის (ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად) არ უნახავს. ბატიგინმა და ბრაუნმა, მაგალითად, თავიანთი სტატიისთვის კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მეცხრე პლანეტა, თუ ის არსებობს — ჩვენგან ძალიან შორსაა.

კალტექის ასტრონომების შეფასებით, ის მზიდან საშუალოდ 20-ჯერ უფრო დიდი მანძილით არის დაცილებული, ვიდრე ნეპტუნი. ეს ნიშნავს, რომ მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის მეცხრე პლანეტას შეიძლება 20 ათასამდე დედამიწის წელი დასჭირდეს. ასეთ მანძილზე მყოფი ობიექტი ძალიან ცოტა შუქს ირეკლავს, რაც მას ძალიან მკრთალს ხდის.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ მეცხრე პლანეტის ორბიტა, ასტრონომთა გამოთვლებით, მეტად უჩვეულოა. მაშინ, როდესაც ჩვენთვის ცნობილი რვა პლანეტა თითქმის წრიულ ორბიტებზე, მინიმალური დახრით ბრუნავს, მეცხრე პლანეტის ორბიტა, სავარაუდოდ, ძალიან გაჭიმული და დახრილია.

მაგრამ, შესაძლოა, მალე შევძლოთ მეცხრე პლანეტის დანახვა.

ყინულის გიგანტი ნეპტუნი მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული პლანეტაა

წარსულის მძლავრი ტელესკოპები, მაგალითად “ჯეიმს ვები“, შექმნილი იყო ღრმა კოსმოსში კონკრეტულ ობიექტებზე დასაკვირვებლად. ვერა რუბინის ობსერვატორია კი ყოველ რამდენიმე ღამეში ასკანირებს მთელ ცას სამხრეთ ნახევარსფეროში. მოსალოდნელია, რომ ობსერვატორია თავისი ტექნოლოგიებით (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერით) 10 წლის განმავლობაში მოახდენს მილიარდობით კოსმოსური ობიექტის კატალოგიზაციას, მათ შორის 40 ათასზე მეტი ახალი TNO-სი.

“რუბინს შეუძლია კოსმოსში იპოვოს უამრავი ობიექტი, რომლებიც გაცილებით ნაკლებად კაშკაშა და გაცილებით შორსაა. თუ მეცხრე პლანეტა არსებობს იქ, სადაც ვვარაუდობთ და მისი ზომა შეესაბამება ჰიპოთეზას... რუბინი მას იპოვის“, — ამბობს ასტრონომი სარა გრინსტრიტი, რომელიც ობსერვატორიაში მუშაობს.

  • შედეგად, მეცხრე პლანეტა შეიძლება გახდეს სიდიდით მეხუთე ჩვენს მზის სისტემაში.

ჯერ კიდევ 1612 წელს გალილეო გალილეი აკვირდებოდა ნეპტუნს ცაზე, მაგრამ მან ობიექტი პლანეტად ვერ დააიდენტიფიცირა: ნეპტუნის მოძრაობა ვარსკვლავების მიმართ ძალიან ნელი და შეუმჩნეველი იყო იმდროინდელი ტელესკოპებისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: