19 აპრილს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) მაქარაშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდმივად იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდუმარე ბერი რამდენიმე დღეა ბინაში იმყოფებოდა და ბოლოს კომუნიკაცია მრევლთან 9 აპრილს ჰქონდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ამბობენ, ბოლო დროს ბერ ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მასთან ექიმიც მიიყვანეს, თუმცა კართან მოდარაჯე მრევლმა ის ბინაში არ შეუშვა.
მისი ნათესავის თქმით, მრევლის და ახლობლების გადაწყვეტილებით, ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა და ის სარიტუალო დარბაზში გადაასვენეს.
"ბერია, ბერს არ უნდა ჩაუტარდეს გაკვეთა. ეს არ შეიძლება, ამის გამო მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზა არ გვინდა“, - თქვა მან "ფორმულასთან. მისივე თქმით, ის ხალხი, რომელმაც ბერ ნიკოლოზთან ექიმი არ შეუშვა, არასწორად მოიქცა...
კიდევ ერთი ახლობლის თქმით, "ის გაწირეს". მათივე თქმით, ექიმის შესვლის წინააღმდეგი არა მთელი მრევლი, არამედ სულ რამდენიმე ადამიანი იყო.
სარიტუალო სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილია დასვენებული მრევლი იკრიბება .
იხილეთ ასევე: