ავტორი:

საწვავით მკვებავი მიკრობები, ქიმიკატები და ცეცხლი წყალზე: მკვლევრები არქტიკაში, გარემოს ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ გზების ეძებენ

საწვავით მკვებავი მიკრობები, ქიმიკატები და ცეცხლი წყალზე: მკვლევრები არქტიკაში, გარემოს ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ გზების ეძებენ

იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთის ყინულოვან წყლებში გემების რაოდენობის ზრდა პროპორციულად ზრდის გარემოს დაცვის რისკებსაც, მეცნიერები სასწრაფოდ ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდები იპოვონ.

გასულ ზამთარს, კანადაში მდებარე “ჩერჩილის საზღვაო ობსერვატორიაში“ მეცნიერებმა ის ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც, მათი იმედით, არქტიკის დაბინძურებული წყლების გადარჩენის მთავარი გზა გახდება.

ყურიდან ამოტუმბული ზღვის წყლით სავსე აუზში 130 ლიტრი დიზელის საწვავი ჩაასხეს და მათ ე. წ. ნავთობის მჭამელი მიკრობები დაამატეს. ეს მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული მექსიკის ყურეში, “Deepwater Horizon“-ის ჭაბურღილზე მომხდარი კატასტროფის დროს და მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა იგი ცივ წყალში.

პროექტის ხელმძღვანელი, მანიტობას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ერიკ კოლინზი ამბობს, რომ “თავდაპირველად მიკრობები დუნედ რეაგირებდნენ და პირველი სამი კვირის განმავლობაში მათ პოპულაციაში ცვლილება თითქმის არ შეიმჩნეოდა. თუმცა, მდგომარეობა შეიცვალა რვა კვირის შემდეგ დავინახეთ, რომ ერთ-ერთი კონკრეტული ბაქტერია საგრძნობლად გამრავლდა და აშკარა იყო, რომ ის “ნავთობით იკვებებოდა“.

მიუხედავად ამისა, რეალური კატასტროფის შემთხვევაში ორი თვე ლოდინისთვის ძალიან დიდი დროა, ასეთ დროს ხომ ყოველი წამი გადამწყვეტია.

  • “ჩრდილოვანი ფლოტის“ საფრთხე

გასულ წელს რუსეთის ჩრდილოეთის საზღვაო გზაზე სულ მცირე 100-მა “ჩრდილოვანი ფლოტის გემმა“ გაიარა. ეს ის ხომალდებია, რომლებსაც ფარულად გადააქვთ სანქცირებული ნავთობი და მათ უმეტესობას უკვე კარგა ხანია ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაციის, “Bellona Foundation’ -ის მონაცემებით, 2025 წელს ამ გემების ნახევარზე მეტი ყინულოვან წყლებში მოძრაობისთვის არ იყო განკუთვნილი.

ეს ფაქტი მკვეთრად ზრდის ეკოლოგიური კატასტროფის რისკს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონში. კვლევებში ჩადებული მილიონობით დოლარის მიუხედავად, არქტიკულ წყლებში ნავთობის გაწმენდის ეფექტური მეთოდები დღემდე მცირე რაოდენობით არსებობს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად არქტიკის დაბალი ტემპერატურებია.

ნავთობი არქტიკაში სხვანაირად იქცევა, ვიდრე თბილ წყლებში. დაბალი ტემპერატურის გამო საწვავი ბლანტი ხდება, წარმოქმნის შესქელებულ მასას, რომელიც ფსკერზე ილექება, ან ყინულს ეკვრის. ზღვის ყინული ხელს უშლის სპეციალური გამწმენდი მოწყობილობების მუშაობას, ხოლო საწვავის სისქის გამო მისი ამოტუმბვა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ნავთობის სწრაფი გაწმენდის ტექნოლოგიებზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა, თუმცა შედეგი მინიმალურია. 2012 წელს ნავთობკომპანიებმა 20 მილიონი დოლარი გამოყვეს ერთობლივი კვლევითი პროგრამისთვის (JIP), რომელიც 2017 წელს დასრულდა დასკვნით რომ “მექანიკური გაწმენდის ეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ახალი მოწყობილობების გამოყენებით ვერ მოხერხდა“.

ამის გამო შემდგომში, ყურადღება გადატანილი იქნა დისპერსანტებზე (ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ნავთობს შლიან) და ადგილზე დაწვის (in situ burning) მეთოდზე. თუმცა, ორივეს თავისი მინუსები აქვს:

დისპერსანტები საზიანოა ზღვის ორგანიზმებისთვის, განსაკუთრებით მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

დაწვა წარმოქმნის ჭვარტლს (შავ ნახშირბადს), რომელიც ყინულზე დალექვისას მის დნობას აჩქარებს

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს დაწესებული ეკოლოგიური სტანდარტების გამო გემები ახალი ტიპის საწვავზე გადავიდნენ. ეს დაბალგოგირდოვანი საწვავი ხშირად პარაფინებს შეიცავს, რაც ნავთობის დაღვრის შემთხვევაში მის გაწმენდას კიდევ უფრო ართულებს, რადგან იგი უცნაურ, “ელასტიურ“ თვისებებს იძენს.

თუმცა რუსეთის გარდა სხვა სახელმწიფოების მიერ არქტიკაში ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია მეცნიერული კვლევების დაფინანსების სტიმული გახდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ინიციატივა “ჩერჩილის ღრმაწყლოვანი პორტის“ აღორძინების შესახებ პირდაპირ კავშირშია ამ კვლევებთან, რაც უფრო მეტი გემი ივლის ჩრდილოეთში, მით უფრო მეტად დასჭირდება მსოფლიოს ნავთობისგან გარემოს დაცვის ეფექტური გზები.

წყარო

იხილეთ ასევე: