ავტორი:

გლობალური ჯილდო ღამურების გადარჩენისთვის - როგორ აქცია ტყის ხანძრის ტრაგედიამ ნიგერიელი მეცნიერი გმირად

გლობალური ჯილდო ღამურების გადარჩენისთვის - როგორ აქცია ტყის ხანძრის ტრაგედიამ ნიგერიელი მეცნიერი გმირად

ნიგერიელი მეცნიერის “პირადი გამოცდილება“ რომელიც ტყის ხანძრის დროს, მის მიერ სულ რამდენიმე დღით ადრე აღმოჩენილი გადაშენების პირას მყოფი ღამურების გადარჩენას ეხებოდა, “გოლდმანის გარემოს დაცვის პრიზის“ (Goldman Environmental Prize) მოპოვების საფუძველი გახდა.

ირორო ტანშიმ, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში, “აფის მთის“ ნაკრძალში, თითქმის 50-წლიანი პაუზის შემდეგ გადაშენებულად მიჩნეული ღამურების სახეობა (short-tailed roundleaf bat) აღმოაჩინა, ამბობს რომ ეს ფაქტი მის ცხოვრებაში “მთავარი ახალი ამბავი“ უნდა ყოფილიყო. თუმცა, “ღამურებთან ერთად ადგილზე ტყის ხანძრებიც დახვდა.“

  • იმ ქვეყანაში, სადაც ღამურებს ხშირად ჯადოქრობასთან აიგივებენ, ტანშიმ მათი დასაცავად, წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია წამოიწყო, რაც იმ ტერიტორიებზე, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ ხანძრების პრევენციას გულისხმობდა.

ტანში, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი მკვლევარია და ღამურების შესწავლით არის დაკავებული, მიიჩნევს, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრები ამ იშვიათი სახეობისთვის ერთ-ერთი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

მისი ვარაუდით, ხანძარი, რომელმაც მას კამპანიის წამოწყებისკენ უბიძგა, ფერმერის მიერ ტყის სიახლოვეს მიწის გასუფთავების მცდელობას მოჰყვა.

“ხანძარი დაახლოებით სამი კვირა მძვინვარებდა, სანამ წვიმა არ წამოვიდა. ხალხი ვერაფერს აკეთებდა უბრალოდ ყოველდღე ვუყურებდით ამ პროცესს,“ - იხსენებს მეცნიერი და განმარტავს, რომ ადგილობრივები მასთან იმიტომ თანამშრომლობენ, რომ თავიანთ ფერმებშიც სურთ ხანძრის პრობლემების მოგვარება.

“გოლდმანის პრიზის’ კომიტეტის მონაცემებით, ტანშიმ და მისმა მოხალისეთა სახანძრო ბრიგადებმა 2022 წლიდან 2025 წლის მაისამდე “აფის მთის“ 24,700 ჰექტარის ფართობის მქონე ნაკრძალსა და მის შემოგარენში მასშტაბური ხანძრების თავიდან აცილება შეძლეს.

ხანძრების პრევენციასთან ერთად, კამპანია მოსახლეობას ბუნებაში ღამურების მნიშვნელობაზეც აწვდის ინფორმაციას. ნიგერიაში ღამურების მიმართ შიში აქვთ, თუმცა ტანშის გუნდი სხვადასხვა მედია საშუალებებით, განსაკუთრებით კი ბავშვებთან მუშაობით, ამ სტერეოტიპების მსხვრევას ცდილობს.

“შიის კარაქი, რომელსაც მთელ მსოფლიოში, კოსმეტიკაში უამრავი ადამიანი იყენებს, სწორედ ღამურების დამსახურებაა, სწორედ ისინი ავრცელებენ ამ ხის თესლს. როდესაც ხედავ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეს ცხოველები ეკოსისტემაში, მათი იგნორირება შეუძლებელი ხდება“ - ამბობს ეკოლოგი.

წყარო

იხილეთ ასევე: