ავტორი:

პუტინისადმი მწვავე მიმართვის შემდეგ, სოლოვიოვმა ვიქტორია ბონიას "მეძავი" უწოდა -  ბლოგერი მას და კრემლის სხვა პროპაგანდისტებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

პუტინისადმი მწვავე მიმართვის შემდეგ, სოლოვიოვმა ვიქტორია ბონიას "მეძავი" უწოდა -  ბლოგერი მას და კრემლის სხვა პროპაგანდისტებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

რუსეთში სკანდალი გრძელდება - შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ Instagram-ის ვარსკვლავმა ვიქტორია ბონიამ ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა გამოაქვეყნა: მან განაცხადა, რომ ხალხს მისი ეშინია, "ჩინოვნიკები" კი პრეზიდენტს რეალურ პრობლემებს უმალავენ. კრემლის თავშეკავებული რეაქციის მიუხედავად, პროკრემლისტურმა მედიამ და ბლოგერებმა ბონიაზე იერიში მიიტანეს. ბონიას მთავარი საჯარო ოპონენტი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი გახდა, რის შემდეგაც ბლოგერი მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

  • ვინ არის ბონია?

ბონიამ პოპულარობა 2006-2007 წლებში რეალითი შოუში "დომ-2 მონაწილეობით მოიპოვა. მოგვიანებით ის სხვადასხვა გასართობ პროექტებში მონაწილეობდა და ავითარებდა პირად ბლოგს "ინსტაგრამზე". ამჟამად, რუსეთში ამ სოციალური ქსელის ბლოკირების მიუხედავად, მონაკოში მცხოვრები ბონიას ცხოვრებას 13 მილიონზე მეტი გამომწერი ადევნებს თვალს. მედია სივრცეში ბლოგერმა სახელი გაითქვა, როგორც სხვადასხვა კონსპირაციული თეორიებისა და ბიუთი-პრაქტიკების მომხრემ. ის ასევე ავრცელებდა კონსპირაციულ თეორიებს, კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის პიკში, ის 5G ანძების მავნებლობისა და ვაქცინების საშუალებით "ჩიპირების“ იდეებს პოპულარიზაციას უწევდა.

  • რას თქვა მან მიმართვაში?

გასულ ორშაბათს ბონიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა მიმართვა პუტინისადმი, რომელშიც "ხალხის სახელით“ განაცხადა, რომ რუსეთის მცხოვრებლებს პრეზიდენტის ეშინიათ.

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენი ეშინიათ ბლოგერებს, არტისტებს, გუბერნატორებს... თქვენ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ხართ. მგონია, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს“, - განაცხადა ბლოგერმა.

ასევე, ბონიამ ჩამოთვალა პრობლემები, რომლებსაც, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს უმალავენ. მათ შორის - წყალდიდობა დაღესტანში, მაზუთის დაღვრა ანაპაში, საქონლის განადგურება ნოვოსიბირსკის ოლქში, ინტერნეტის ბლოკირება და ეკონომიკური სირთულეები.

ბონიამ აღნიშნა, რომ პუტინსა და ხალხს შორის "კედელია აღმართული“, მას კი ამ კედლის გარღვევა სურს. ამასთან, მან დააზუსტა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტს და მას "ძლიერ პოლიტიკოსად“ მიიჩნევს. ერთ კვირაში ბონიას მიმართვამ თითქმის 30 მილიონი ნახვა დააგროვა და 116 ათასზე მეტჯერ გააზიარეს.

ბონიას შემდეგ პუტინს მსგავსი ვიდეოთი მიმართა Instagram-ის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, რეპერ გუფის ყოფილმა ცოლმა აიზა დოლმატოვამ, თუმცა რამდენიმე დღეში მან პოსტი წაშალა.

  • რა უპასუხეს ბონიას კრემლიდან?

ხუთშაბათს, 16 აპრილს, ბონიას მიმართვაზე ჟურნალისტების თხოვნით კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან, ბონიას სახელის ხსენების გარეშე, განაცხადა, რომ მის მიერ წამოჭრილი თემები ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

"ის, რომ ამ მიმართვის ავტორმა დიდი ინტერესით აღნიშნა ეს საკითხები - დიახ, ეს მართლაც რეზონანსული თემებია, მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მათზე დიდი მუშაობა მიმდინარეობს, ჩართულია უამრავი ადამიანი და ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა არ რჩება“, - თქვა პესკოვმა.

იმავე დღეს ბონიამ კიდევ ერთი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ცრემლიანი თვალებით მადლობა გადაუხადა კრემლს გამოხმაურებისთვის. ბლოგერმა აღნიშნა, რომ არ იცის, რა ბედი ელის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ "ეს ამად ღირდა“. ბონიამ დაარწმუნა აუდიტორია, რომ პუტინისადმი მიმართვისთვის მას არავინ გადაუხადა, ხოლო ეს რომ არ გაეკეთებინა, "რუსული სულის ღალატი იქნებოდა“.

  • როგორ რეაგირებენ პროკრემლისტური მედია და ბლოგერები?

პროკრემლისტურმა მედიამ და ბლოგერებმა მიმართვის გამოქვეყნებისთანავე დაიწყეს იერიში ბონიაზე, მას ადანაშაულებდნენ მოსყიდვასა და დასავლურ რიტორიკაში.

კერძოდ, Z-ბლოგერმა იური პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ბონიას მიმართვა "რუსეთის შერყევის დიდი გეგმის ნაწილია“, ხოლო სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა ბონიას "ცუდად განათლებული ბლოგერი“ უწოდა და მისი განცხადებები მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა. ბონიას მიმართვაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების ბოტებსაც.

თუმცა, ბონიას მთავარი საჯარო ოპონენტი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი გახდა. მან თქვა, რომ ბლოგერის მიმართვა "ეგრევე შეამჩნიეს დასავლეთში“ და ამას "სპეცოპერაცია“ უწოდა. თავად ბონიას კი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის "ჩანერგილი აგენტი“, "შელახული მეძავი“ და "მოსყიდვებით ცნობილი პერსონაჟი“ უწოდა.

გარდა ამისა, სოლოვიოვმა განაცხადა, რომ მიმართა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს და გენერალურ პროკურატურას მოქალაქე ბონიას საქმიანობისთვის "სამართლებრივი შეფასების მიცემის“ თხოვნით, ასევე დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროთი, თუ რატომ არ არის ბლოგერი გამოცხადებული "უცხოეთის აგენტად“.

  • როგორ უპასუხა ბონიამ?

შაბათს, 18 აპრილს, ბონიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ ამზადებს კოლექტიურ სარჩელს სოლოვიოვის, მილონოვისა და ბლოგერ არტემი ლებედევის წინააღმდეგ.

"ახლა ბევრს ლაპარაკობენ ტრადიციულ ღირებულებებზე. განა ესაა ტრადიციული ღირებულებები, როდესაც პირდაპირ ეთერში, ფედერალურ არხებზე, ზრდასრული მამაკაცები თავს უფლებას აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ქალებს?“, - განაცხადა ბონიამ.

კვირას ბონიამ ასევე გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო, რომელშიც ის სუპერგმირის ფორმაში ებრძვის სოლოვიოვს, ლებედევსა და მილონოვს. "ყელში ამომივიდა“, - ამბობს ბონია ვიდეოში.

  • კიდევ ვინ მიაქცია ყურადღება ბონიას მიმართვას?

ბონიას მიმართვას ყურადღება მართლაც მიაქციეს არა მხოლოდ რუსულმა, არამედ დასავლურმა მედიასაშუალებებმაც. მასალები ექსპერტების კომენტარებით გამოაქვეყნეს ბრიტანულმა The Guardian-მა, ამერიკულმა CNN-მა და ესპანურმა El Pais-მა.

მათ ბონიას მიმართვაში დაინახეს ნიშნები იმისა, რომ რუსულ საზოგადოებაში "რაღაც იცვლება“, ხოლო ბლოგერი - "აცნობიერებს ის ამას თუ არა“ - "აძლიერებს ოპოზიციურ რიტორიკას“.

"ბონიას ოპოზიციურ ბანაკში პრინციპულად ახალი აუდიტორია მოჰყავს, რომელიც ადრე იქ არ ყოფილა“, - მოჰყავს The Guardian-ს პოლიტოლოგისა და პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის, აბას გალიამოვის სიტყვები.

ბონიამ არც დასავლური და ოპოზიციური მედიის ყურადღება დატოვა პასუხის გარეშე. მას შემდეგ, რაც კრემლმა მის მიმართვაზე რეაგირება მოახდინა, ვიქტორიამ ახალი ვიდეო ჩაწერა. მან აღნიშნა, რომ ნახა ბი-ბი-სისა და ტელეკომპანია "დოჟდის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები და ჟურნალისტებს სთხოვა, მისი სახელი ამ კონტექსტში აღარ ახსენონ....

წყარო

წაიკითხეთ ასევე: