მექსიკაში, უძველეს ქალაქ თეოტიუაკანში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ 13 დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადოლფ ჰიტლერის იდეოლოგიით იყო შეპყრობილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, 1500 წლის წინანდელი, მსხვერპლშეწირვის რიტუალის იმიტაციას ცდილობდა.
მისი მსხვერპლი 32 წლის კანადელი ტურისტი ქალი გახდა.


"არ გაინძრეთ, თორემ მსხვერპლად შეგწირავთ", - ყვირის თავდამსხმელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
თეოტიუაკანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქი იყო ამერიკაში. მისი აყვავების პერიოდი დაახლოებით ახ. წ. 600 წლამდე გრძელდებოდა. მთვარის პირამიდის მშენებლობა კი დაახლოებით ახ. წ. 100 წელს დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ თავდამსხმელის მოტივი და ის, თუ როგორ მოახერხა მან ისტორიულ ტერიტორიაზე იარაღით შესვლა.
არქეოლოგიური კვლევებისას თეოტიუაკანიში ადამიანის ჩონჩხები აღმოაჩინეს, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალადობრივი რიტუალების მსხვერპლნი იყვნენ. მკვლევართა ინფორმაციით, ნაპოვნ ჩონჩხებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოკვეთილი, ხოლო სხვებს შუბით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა დაკავშირებული იყო იმდროინდელ რელიგიურ რიტუალებთან, რომლებიც ღმერთების გულის მოსაგებად სრულდებოდა.
იხილეთ ასევე: