უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მაღალი რანგის სარდალი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ინტერნეტში უკიდურესად გამოფიტული უკრაინელი ჯარისკაცების ფოტოები გავრცელდა.
ფოტოები ერთ-ერთი ჯარისკაცის მეუღლემ, ანასტასია სილჩუკმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ოთხ ფერმკრთალ და აშკარად დაუძლურებულ ჯარისკაცს შიმშილისგან ნეკნები ეტყობა.
ნათესავების თქმით, ჯარისკაცებმა ტერიტორიის დაცვაში 8 თვე გაატარეს. საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება ამ პოზიციებზე მხოლოდ დრონებით იყო შესაძლებელი, თუმცა ეს ძალზედ იშვიათად ხდებოდა.
“როდესაც ბიჭები ფრონტის ხაზზე მივიდნენ, ისინი 80–90 კგ-ზე მეტს იწონიდნენ. ახლა კი დაახლოებით 50 კგ-ს იწონიან“, - დაწერა სილჩუკმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიწოდების შემდეგ საკვები 10 დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილა, რის გამოც ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ წვიმის წყალი დაელიათ და თოვლი გაედნოთ გადასარჩენად.
„ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საკვების გარეშე 17 დღე იყო. მათ რაციაზე არავინ უსმენდა, ან შესაძლოა არავის სურდა მოსმენა. ჩემი ქმარი ყვიროდა და ევედრებოდა მათ, ეუბნებოდა, რომ საკვები და წყალი არ ჰქონდათ“, - განაცხადა ქალმა და დასძინა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ერთ შემთხვევას არ ეხება.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ გაათავისუფლა სარდალი, რომელიც ჯარისკაცების კვებაზე იყო პასუხისმგებელი.
ბრიგადამ აღიარა, რომ არსებობდა ლოგისტიკური პრობლემები და მიწოდება მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი, რადგან მათი ადგილმდებარეობა მტრის ხაზებთან უკიდურესად ახლოს იყო.
უკრაინის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
იხილეთ ასევე: