16 იანვარს ჩილეს ცენტრალურ ნაწილში, კონსეფსიონის პროვინციაში გაჩენილმა ხანძრების სერიამ რამდენიმე საათში 1750-ზე მეტი სახლი გაანადგურა.
ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ორ დღეში ცეცხლმა 74 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაფარა. მთავრობამ “კატასტროფის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ხანძრის ლიკვიდაციისთვის საერთაშორისო დახმარება მოითხოვა.

ჩილეში ხანძრების გამწვავება უკიდურეს სიცხესა და ძლიერ სიმშრალეს უკავშირდება. თუმცა, ექსპერტების თქმით, კრიზისი მხოლოდ ამინდმა არ გამოიწვია.

ჩილეში განვითარებული ხანძრები, ექსპერტების თქმით, იზოლირებული შემთხვევა არ არის. CNN-სთან საუბარში სპეციალისტები აცხადებენ, რომ კლიმატური კრიზისის გაღრმავებისა და ურბანული მოსახლეობის ზრდის ფონზე, ხანძარი სულ უფრო მასშტაბური, უფრო ცხელი და რთულად კონტროლირებადი ხდება.
მათი შეფასებით, პლანეტა უკვე “ხანძრების ახალ ერაში“ შედის, რომლისთვისაც არსებული ინფრასტრუქტურა და მზადყოფნის სისტემა საკმარისი აღარ არის.

მსოფლიოში ხანძრების დიდი ნაწილი ე.წ. “ველური ტერიტორიისა და ქალაქის ინტერფეისში“ (Wildland–Urban Interface) ფიქსირდება — ეს არის ზონა, სადაც მკვრივი დასახლებები ტყეებსა და ბუნებრივ ტერიტორიებს ესაზღვრება.

ჩილეშიც მსგავსი სურათია: პენკოსა და ლირკენის მსგავსი ქალაქები ბოლო ათწლეულებში სწრაფად გაფართოვდა და საცხოვრებელი ზონები ტყიან ტერიტორიებს ძალიან მიუახლოვდა.
2023 წლის მონაცემებით, ჩილეს ტყის მართვის სააგენტომ დაადგინა, რომ ბიობიოში ხანძრების დაახლოებით 60% განზრახ იყო გაჩენილი, რაც მიუთითებს, რომ ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად ხშირად ადამიანის ჩარევაც ხდება.
იხილეთ ასევე: