ავტორი:

ეკონომისტი, მუსიკოსი და ფილოსოფოსი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები 3 კანდიდატზე, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს პატრიარქად აირჩევენ

ეკონომისტი, მუსიკოსი და ფილოსოფოსი - ნაკლებად ცნობილი ფაქტები 3 კანდიდატზე, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს პატრიარქად აირჩევენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

  • წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.

გაფართოებულ კრებაზე სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები. ასევე, მათი ეპარქიებიდან თითო წარმომადგენელი. საპატრიარქო კანდიდატებს სიტყვისთვის ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს 3-წუთიანი.

საპატრიარქოში განმარტეს, რომ ღონისძიება ნაწილობრივ გაშუქდება ტელევიზიით, სხდომის ნაწილი უნდა იყოს დახურული - პირდაპირ ეთერში გადაიცემა კარების გახსნა, შემდეგ კენჭისყრის პროცესი და საბოლოოო შედეგის გამოცხადება, ხოლო დათვლის მიმდინარეობა დახურული იქნება.

საპატრიარქოს თანახმად, ბიულეტენებზე შემოსახაზი იქნება სამი კანდიდატი. შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენი იდება კონვერტში და მოთავსდება საარჩევნო ყუთში, რომელიც ცენტრალურ ადგილზე განთავსდება.

მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისთვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს +1 ხმა. ამ შემთხვევაში - 20 ხმა.შესაბამისად, თუ პატრიარქობის რომელიმე კანდიდატს 20 ხმა ექნება, მეორე ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მეორე ტურში კენჭისყრა გაიმართება ორი უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის.

შედეგს დღესვე ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გამოაცხადებს. ასევე, დღესვე ინტრონიზაციის საკითხი გამოცხადდება, რომლის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.

ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც წილად ხვდათ უმძიმესი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა? რა გზა გაიარეს მათ სვეტიცხოვლის საკურთხევლამდე და როგორია მათი ხედვა ეკლესიის მომავალზე?

რატომ არის ეს არჩევანი გადამწყვეტი?

ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება მკაცრად განსაზღვრავს პატრიარქის არჩევის წესს. წინ 17 მაისამდე მოსაწვევი გაფართოებული კრებაა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. მანამდე კი, მოდით, ახლოს გავიცნოთ ის ადამიანები, რომელთა სახელებიც უკვე ჩაიწერა საქართველოს ეკლესიის უახლეს მატიანეში.

"მღვდელმთავრის წოდება მოწამებრივია; ეპისკოპოსი მუდამ განსაცდელის წინაშე დგას." - ილია II

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მუსიკალური ჰანგებიდან პატრიარქის ტახტის მოსაყდრეობამდე

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი ბავშვობა და ახალგაზრდობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან -თბილისის 53-ე სკოლაში სწავლის პარალელურად, იგი მუსიკალურ განათლებასაც ეუფლებოდა.

1988 წელს ელიზბარმა სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვიოლონჩელოს კლასში განაგრძო. მისი ნიჭიერება პირველივე კურსზე შეამჩნიეს, როდესაც ვიოლონჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა. თუმცა, წარმატებული მუსიკალური კარიერის ნაცვლად, მან სულიერი გზა აირჩია და 1991 წელს შიო მღვიმის მონასტერში მორჩილად დაემკვიდრა.

მისი სამონასტრო ცხოვრება 1993 წელს ბერად აღკვეცით დაიწყო, სადაც მას სახელი შიო უწოდეს. თავდაპირველად იგი მონასტრის ტრაპეზრად და ეკონომოსად მსახურობდა. 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1996 წელს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იგი მღვდლად აკურთხა. მალევე მამა შიო თბილისის რამდენიმე გამორჩეული ტაძრის (კლდისუბნის წმ. გიორგის, ილია წინასწარმეტყველისა და ნარიყალას წმ. ნიკოლოზის) წინამძღვრად დაინიშნა. პარალელურად, მან განათლება ბათუმის სასულიერო სემინარიაში მიიღო და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.

მეუფე შიოს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო 2003 წელი, როდესაც სინოდმა იგი ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. სვეტიცხოველში წარმოთქმულ საინტრონიზაციო სიტყვაში მან მღვდელმთავრის მსახურება „სამოციქულო ღვაწლის გაგრძელებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეპისკოპოსი არა მხოლოდ სულიერად წმინდა, არამედ საერო ცხოვრებაშიც ფრიად კეთილგონიერი უნდა იყოს. ილია II-მ კი მას შეახსენა, რომ მღვდელმთავრის წოდება მოწამეობრივია და მას მადლმოსილ, ისტორიულ ეპარქიაში მოუწევდა მოღვაწეობა.

წლების განმავლობაში მეუფე შიოს ავტორიტეტი სულ უფრო იზრდებოდა: 2009 წელს მას მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წელს მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა. ამავე პერიოდში იგი პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 2017 წლის 23 ნოემბერს კი სრულიად საქართველოსთვის მოულოდნელი და ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა - პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტი შიო თავის მოსაყდრედ დაადგინა. დღეს იგი არა მხოლოდ სენაკისა და ჩხოროწყუს, არამედ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლსაც მწყემსავს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, განათლებულ და ავტორიტეტულ იერარქად, რომელსაც პატრიარქმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა.

  • მიტროპოლიტი იობი - ეკონომისტიდან ურბნისის ეკლესიის აღორძინებამდე

მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წლის 25 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. მისი გზა საკურთხევლამდე საკმაოდ საინტერესო საერო გამოცდილებით დაიწყო. 1982 წელს მან სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობისას სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო, პირველი ნაბიჯები საპატრიარქოში სწორედ პროფესიული განხრით გადადგა - იგი ჯერ ეკონომისტად, მოგვიანებით კი საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

სამხედრო სამსახურის მოხდისა და არქივარიუსად მუშაობის შემდეგ, მან საბოლოოდ გადაწყვიტა, ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნა და მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

სამონასტრო გზაზე მისი წინსვლა სწრაფი და ნაყოფიერი გამოდგა. 1988 წლის იანვარში იგი ბერად აღიკვეცა და სახელად იობი ეწოდა, მალევე კი მღვდლადაც აკურთხეს. 80-იანი წლების ბოლოს მეუფე იობი აქტიურად ჩაება მისიონერულ საქმიანობაში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, სადაც სხალთის ახლადგახსნილი მამათა მონასტრის წინამძღვრობა ჩაიბარა. მისი ძალისხმევით აჭარის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიბრუნა ქრისტიანული სარწმუნოება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ კუთხეში სულიერების ხელახალ აღორძინებას - ვკითხულობთ მის ბიოგრაფიაში.

1992 წლის მაისში არქიმანდრიტი იობი მანგლელ ეპისკოპოსად აკურთხეს. სვეტიცხოველში წარმოთქმულ სიტყვაში მან საინტერესო პარალელი გაავლო იოანე კიბისაღმწერლის სწავლებასთან და აღნიშნა, რომ ეპისკოპოსს სჭირდება განსაკუთრებული მზერა, რათა იყოს „დაუნდობელი ცოდვისადმი და შემწყნარებელი ცოდვილისა“. პატრიარქმა ილია II-მ კი მას მიმართა, რომ მანგლისის უძველესი ეპარქიის მღვდელმთავრობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, იმ ტრადიციების აღდგენასაც ავალებდა, რომლითაც ეს მხარე ოდითგანვე ამიერკავკასიის სულიერი ცენტრი იყო.

90-იანი წლების შუა პერიოდიდან მეუფე იობის მოღვაწეობა რუისისა და ურბნისის ეპარქიას დაუკავშირდა. ამ პერიოდში მან პატრიარქის ქორეპისკოპოსის პასუხისმგებლობაც იტვირთა. მისი მმართველობის დროს ურბნისის ეპარქიაში ნამდვილი საეკლესიო რენესანსი დაიწყო: თითქმის ყველა სოფელში აშენდა ახალი ან აღდგა ძველი ნანგრევებიდან ეკლესია-მონასტრები, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. 2000 წელს მას მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა, ხოლო 2007 წელს ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა გიორგის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა. დღეს იგი არა მხოლოდ გამოცდილი მღვდელმთავარი, არამედ საღვთისმსახურო წიგნების შესწავლისა და რედაქტირების კომისიის თავმჯდომარეა, რაც მის ღრმა თეოლოგიურ ცოდნასა და გამოცდილებაზე მეტყველებს.

  • მიტროპოლიტი გრიგოლი - გურიის მრევლის საყვარელი მოძღვარი და ფოთის ეპარქიის აღმშენებელი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში - გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი) დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 2017 წლის მაისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მისი გზა ეკლესიისაკენ 80-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როდესაც თბილისის დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ კი მნათედ მსახურობდა. საღვთისმეტყველო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რასაც 1989 წელს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დიაკვნად კურთხევა მოჰყვა.

მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ნაყოფიერი პერიოდი გურიას უკავშირდება. 1990 წელს მღვდლად კურთხევის შემდეგ, იგი ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვრად დაინიშნა. ეს იყო დრო, როდესაც ათეისტური რეჟიმისგან დაზარალებულ რეგიონში მრევლის შემოკრება დიდ მოთმინებასა და ტაქტს მოითხოვდა. მამა გურამმა შეძლო არა მხოლოდ ხალხის ეკლესიისკენ შემობრუნება, არამედ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობაც - გამოსცა არაერთი წიგნი და დააფუძნა ჟურნალი „წყარო“. სწორედ ამიტომ, როდესაც 1996 წელს იგი ბერად აღიკვეცა (სახელით გრიგოლი) და ფოთის ეპისკოპოსად აკურთხეს, სვეტიცხოველი ვერ იტევდა გურიიდან ჩამოსულ მრევლს, რომელიც საყვარელი მოძღვრის დაწინაურებას ცრემლებითა და დიდი სიყვარულით ეგებებოდა.

თავის საინტრონიზაციო სიტყვაში მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ საეპისკოპოსო ჯვარი არა მხოლოდ პატივი, არამედ სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაა. მან ხაზი გაუსვა ეკლესიის როლს ქვეყნის არა მხოლოდ სულიერ, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღორძინებაში. პატრიარქმა ილია II-მ კი მას უწოდა მოძღვარი, რომელმაც უდიდესი ნდობა დაიმსახურა და დაავალა ფოთის ეპარქიაში სულიერი სიმტკიცის გაძლიერება.

ფოთსა და ხობში ჩასულ მეუფეს საკმაოდ მძიმე ვითარება დახვდა - სულ რამდენიმე მოქმედი ტაძარი და მღვდელი, ყოველგვარი მატერიალური ბაზის გარეშე. თუმცა, ათწლიანი მოღვაწეობის ანგარიშში მან თვალსაჩინო შედეგები წარადგინა: აშენდა და აღდგა ათეულობით ტაძარი (მათ შორის წმ. ნიკოლოზის, ილია მართლისა და ხობის საკათედრო ტაძრები), დაარსდა საღვთისმეტყველო სკოლები, გიმნაზიები და საქველმოქმედო ცენტრები. მისი ინიციატივით ფოთში შენარჩუნდა უფასო სასადილო უპოვართათვის და შეიქმნა სამღვდელოების სოციალური დაცვის ფონდები.

2007 წელს მას მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა. დღეს მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი რჩება მღვდელმთავრად, რომლისთვისაც პრიორიტეტი სულიერი განათლების შეტანაა თითოეულ ოჯახში, რადგან სწორედ რწმენის სინათლეს მიიჩნევს ცრურწმენებისა და სექტანტობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღად.

წაიკითხეთ ასევე: