თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ (RTÜK) მორიგი სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ აისახება როგორც პოპულარულ სერიალებზე, ისე გლობალურ ციფრულ გიგანტებზე. მარეგულირებელმა ორგანომ ძალადობის შემცველი კონტენტის გამო უმკაცრესი სანქციები დააწესა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„Eşref Rüya“ და „Yeraltı“ დარტყმის ქვეშ
ადგილობრივ ტელეარხებზე მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სერიალი "Eşref Rüya" (Kanal D) და სერიალი „Yeraltı“ (NOW TV) თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს "შავ სიაში" მოხვდნენ. საბჭომ მიიჩნია, რომ ორივე პროექტი შეიცავს სცენებს, რომლებიც ძალადობის წახალისებასა და მის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს, რის შედეგადაც არხებს შემოსავლის 2%-იანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ. მედია მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს სანქცია აიძულებს სცენარისტებს, სერიალის შინაარსი რადიკალურად „შეარბილონ“, რათა პროექტები ეთერიდან მოხსნას გადაურჩეს.
Netflix-ი და HBO Max-ი აიძულეს, ფილმები წაშალონ!
ყველაზე რეზონანსული მაინც საერთაშორისო პლატფორმების დასჯა გამოდგა. RTÜK-მა არა მხოლოდ დააჯარიმა ციფრული გიგანტები, არამედ კატეგორიულად მოითხოვა კონკრეტული პროექტების თურქული კატალოგიდან ამოღება.
Netflix: სერიალი „Trigger“;
Prime Video: ფილმი „Gangs of Lagos“;
HBO Max: პროექტი „Altın Çocuk“.
მარეგულირებლის განცხადებით, ეს ნამუშევრები ეწინააღმდეგება მაუწყებლობის პრინციპებს, რომლებიც კრძალავს ძალადობის ტირაჟირებას. პლატფორმებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმები და დაევალათ აღნიშნული კონტენტის სასწრაფოდ წაშლა.

პოლიტიკური დაჯარიმებები და მკაცრი კონტროლი
სხდომაზე მხოლოდ სერიალები არ განხილულა. სანქციები შეეხო საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებსაც. Halk TV და SZC TV დაჯარიმდნენ ეთერში გაჟღერებული მწვავე პოლიტიკური რეპლიკებისა და სახელმწიფო უწყებების მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო, რაც საბჭომ „ეთიკური ზღვრის გადაკვეთად“ შეაფასა.
RTÜK-ის წევრის, ილჰან თაშჩის განცხადებით, მარეგულირებელი არ აპირებს დათმობას და გააგრძელებს ბრძოლას ნებისმიერი შინაარსის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის.
როგორც ჩანს, თურქულ მედია-სივრცეში ცენზურა და კონტროლი ახალ ეტაპზე გადადის, რაც მაყურებელსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ტრაგედია, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო: რა კავშირშია სკოლაზე თავდასხმა სერიალებთან?
მიუხედავად იმისა, რომ RTÜK-ის გადაწყვეტილებაში ძირითადი აქცენტი „ძალადობის ნორმალიზებაზე“ კეთდება, თურქულ მედიაში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ამ მკაცრ სანქციებს წინ უძღოდა რეალური და შემზარავი ფაქტი.
საუბარია კაჰრამანმარაშის სკოლაზე მომხდარ თავდასხმაზე, სადაც მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა და სისხლიანი დაპირისპირება მოაწყო. ამ შემთხვევამ მთელი თურქეთი შეძრა და საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური კითხვა: საიდან მოდის ეს აგრესია მოზარდებში?
სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ ისეთი სერიალები, როგორიცაა „Eşref Rüya“ და „Yeraltı“. ექსპერტები და მშობლები აცხადებენ, რომ როდესაც ეკრანზე მთავარი გმირები პრობლემებს იარაღითა და სისასტიკით აგვარებენ, მოზარდებისთვის ეს ქცევის მოდელად იქცევა.
კაჰრამანმარაშის შემთხვევის შემდეგ, RTÜK-ზე ზეწოლა გაძლიერდა. საზოგადოება ითხოვდა, რომ მარეგულირებელს აღარ დაეხუჭა თვალები იმ სცენებზე, სადაც იარაღის ტარება და მისი გამოყენება „ვაჟკაცობად“ ან „გამოსავლად“ არის წარმოჩენილი.

სკოლაში მომხდარმა ინციდენტმა პოლიტიკურ ველზეც გადაინაცვლა. სწორედ ამ თემაზე განათლების სამინისტროს მისამართით გამოთქმული მწვავე კრიტიკის გამო დაჯარიმდა Halk TV-ის გადაცემა „Sansürsüz“, სადაც სტუმრები ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების დაუცველობასა და მედია-კონტროლის არარსებობაში ადანაშაულებდნენ.
ამრიგად, „Eşref Rüya“-სა და სხვა პროექტების დაჯარიმება მხოლოდ ბიუროკრატიული ნაბიჯი არ არის - ეს არის რეაქცია იმ მძიმე რეალობაზე, რომელმაც სკოლის კედლებში გადაინაცვლა. სახელმწიფო ცდილობს აჩვენოს, რომ ეკრანულ სისასტიკესა და რეალურ დანაშაულს შორის ზღვარი უნდა გაივლოს.
წაიკითხეთ ასევე: