როგორც ფრანგული გამოცემა Nice-Matin იუწყება, ლაჟვარდოვან სანაპიროზე მორიგი ფუფუნების ზეიმი შედგა, რომელმაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქორწილზე, რომელზეც ambebi.ge წერდა, კიდევ ერთხელ გახდა ხმაურის საგანი. საგულისხმოა, რომ ეს მოვლენა დაემთხვა კიდევ ერთ ხმაურიან სიახლეს: სულ რაღაც ერთი კვირით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ოლიგარქმა და მილიარდერმა, საფეხბურთო კლუბ "შახტარის" მფლობელმა - რინატ ახმეტოვმა, მონაკოში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტი შეიძინა, რაშიც 471 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჯერად კი მედიის ყურადღების ცენტრში კანში გამართული „ფარაონული“ ქორწილი მოექცა.
ფუფუნების მწვერვალი "Château de la Croix des Gardes"-ში
შაბათს, 25 აპრილს, კანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ციხესიმაგრეში - Château de la Croix des Gardes-ში, ქართველი ბიზნესმენისა და უკრაინელი მოდელის შეუღლება აღნიშნეს. გამოცემა Nice-Matin-ის ცნობით, ეს არის წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 4,5 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ნეფე - ნიკა ლომია, ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ქონება ონლაინ-კაზინოების ინდუსტრიაში დააგროვა. პატარძალი - ნიკა კუზნეცოვა, 24 წლის მოდელი და "მის უკრაინის" ყოფილი კანდიდატი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მონაკოში ცხოვრობს. ქორწილის დეკორაციისთვის ათასობით თეთრი ყვავილი გამოიყენეს, სუფრებზე კი 1000 ბოთლამდე შამპანური, ხიზილალა და ლობსტერები იყო წარმოდგენილი. საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფეიერვერკი და დრონების შოუ გახლდათ.

რიკი მარტინი და ვარსკვლავური სტუმრები
საღამოს მთავარი მოვლენა მსოფლიო ვარსკვლავის, რიკი მარტინის პირადი კონცერტი იყო. მომღერალმა თავისი ჰიტები, მათ შორის ცნობილი "Un, dos, tres" შეასრულა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მის ჩამოსაყვანად წყვილმა 1,7 მილიონი ევრო გადაიხადა.
სცენაზე ასევე ვიხილეთ:
ვალერი მელაძე – აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარული მომღერალი. მაქსიმ გალკინი – ცნობილი იუმორისტი და შოუმენი, რომელიც საღამოს წამყვანი იყო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მონაკოში მოქმედი სააგენტო "Trust Me", რომელმაც ამ ერთ საღამოში მთელი წლის ფინანსური გეგმა შეასრულა.

"ნადიმი ჭირის დროს"
მიუხედავად ვიზუალური ბრწყინვალებისა, ქორწილმა სოციალურ ქსელებში სკანდალი გამოიწვია. უკრაინელი მომხმარებლებისთვის ეს ფუფუნება მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე.
"ეს არის ცინიზმის მწვერვალი. სანამ ხარკოვი იწვის, მისი ერთ-ერთი შვილი კანში რიკი მარტინთან ერთად ერთობა," – ვკითხულობთ პატარძლის Instagram-ზე დატოვებულ კომენტარებში.
უკრაინულ მედიაში ამ მოვლენას "Pir vo vremya chumy" (ნადიმი ჭირის დროს) უწოდეს, რაც ხაზს უსვამს მკვეთრ კონტრასტს ქვეყნის ტრაგედიასა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებულ ფუფუნებას შორის. ქორწილის მეორე დღეს სტუმრებმა მონაკოში ტრადიციული ქართულ-უკრაინული "ბრანჩით" დაისვენეს, თუმცა კრიტიკის ტალღა ჯერ კიდევ არ ცხრება.
სკანდალს ფართოდ აშუქებს უკრაინული მედიაც, მათ შორის სააგენტო UNIAN. გამოცემის ცნობით, მდიდრულმა ქორწილმა უკრაინულ საზოგადოებაში "ჰეითის" ნამდვილი ტალღა გამოიწვია. პატარძალმა, ნიკა ლომიამ (კუზნეცოვამ), კრიტიკას სოციალურ ქსელში უპასუხა.

მოდელმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი პატრიოტიზმის საფარქვეშ საკუთარ ბოღმას გამოხატავს. "პატრიოტიზმი და აგრესია სინონიმები არ არის. ბედნიერი ადამიანი არასდროს დაუწყებს უცხოებს ლანძღვას ინტერნეტში," - დაწერა მან. პატარძალმა ასევე უპასუხა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ქორწილი რუსულ პროპაგანდისტულ არხზე "Rossiya 1"-ზე აჩვენეს. მან ამ ფაქტს "საგიჟეთი" უწოდა.
მოდელმა ასევე სცადა ბოლო დროს გავრცელებული დეზინფორმაციის გაბათილება და საკუთარი ბიოგრაფიული დეტალები დააზუსტა. ნიკა კუზნეცოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასდროს მოუპოვებია „მის უკრაინას“ ტიტული და მხოლოდ კონკურსის მონაწილე იყო, რასაც თავისი ცხოვრების „შორეულ გამოცდილებას“ უწოდებს. ამასთანავე, მან კატეგორიულად უარყო ხმები პოპულარულ რეალითი შოუ „ხოლოსტიაკში“ (უკრაინული „უცოლო“) მონაწილეობის შესახებ და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ რატომ ცდილობს მედია მისთვის არარსებული სტატუსების მიწერას.
წაიკითხეთ ასევე: