76 წლის ასაკში მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას "ახმეტელის თეატრი" ავრცელებს.
"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი.
ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში - ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“
მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა.ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის.
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ნუგზარ ყურაშვილი 1949 წელს სოხუმში დაიბადა, 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1972-1980წწ. მოღვაწეობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1980 წლიდან ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია. 1985-1987წწ. გამოდიოდა "მეტეხის თეატრის" სცენაზე. მუშაობს კინოში, მთავარი და ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: "ძმა" (თ. ბაბლუანი, 1981), "სერაფიტა" (. ხონელიძე, 1981, მირიანი), "წიგნი ფიცისა" (გ. ლორთქიფანიძე, 1983, დავით ვეზირი), "ზღვის მაშვრალნი" (ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986, რანტენი), "ფესვები" (ყ. მგელაძე, 1987, ანრი), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987, ზორბეგი), "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988, შავდია), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989, ლომების მომთვინიერებელი), "ჩაკლული სული" (ყ. მგელაძე, 1994, სუკის თავმჯდომარე), "ატრაქციონი" (ო. შამათავა, 1995, გურამი), "ჟამი" (ზ. ილურიძე, 1996, ხეცინა) და სხვ. მონაწილეობს ტელესერიალებში.
წაიკითხეთ ასევე: