ავტორი:

საფეხბურთო თრილერის მოლოდინში - რატომ არ შეუშვეს პსჟ-ს ფეხბურთელები მიუნხენში სასურველ სასტუმროში: "ბაიერნი" VS პსჟ-ს მატჩამდე ტემპერატურა იმატებს

საფეხბურთო თრილერის მოლოდინში - რატომ არ შეუშვეს პსჟ-ს ფეხბურთელები მიუნხენში სასურველ სასტუმროში: "ბაიერნი" VS პსჟ-ს მატჩამდე ტემპერატურა იმატებს

ფეხბურთის გულშემატკივარი მორიგი დიდი მატჩის მოლოდინშია. ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგაზე, "ბაიერნსა" და პსჟ-ს შორის განმეორებითი მატჩი გაიმართება. პარიზში ჩატარებული თამაშის შემდეგ, რომელიც საფეხბურთო თრილერი იყო, მოლოდინი რა თქმა უნდა, დიდია.

  • შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში პარიზელებმა ანგარიშით 5-4 გაიმარჯვეს. იმ თამაშში პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი მიითვალა.

მოედნის მიღმა უკვე შეიმჩნევა მცირე დაძაბულობა. როგორც ირკვევა, პარიზულ გუნდს სასტუმრო Infinity-ში უნდოდა დაბინავება, სადაც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალისას იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, რადგან ამ სასტუმროში "ბაიერნის" ფეხბურთელები დაბინავდნენ.

  • "ბაიერნის“ მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ და სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა განაცხადეს, რომ ეს მათი საშინაო მატჩი და მათი ქალაქია.

"ჩემი ერთადერთი თხოვნაა: თუ ვინმე ბილეთს შეიძენს და თავს შეუძლოდ იგრძნობს, სახლში დარჩეს და ბილეთი ყველაზე ჯანმრთელ ადამიანს მისცეს, რომელიც ჩვენი ციხესიმაგრის დაცვაში შეიტანს წვლილს. უნდა გავიმარჯვოთ და 75 ათასი ფანის თანადგომა გვჭირდება“, - ასე მიმართა კომპანიმ გულშემატკივარს.

საინტერესოა, რომ გასულ შაბათ-კვირას "ბუნდესლიგასა" და "ლიგა 1"ში ვერც ბაიერნმა და ვერც პსჟ-მ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ორივე გუნდმა ფრე ითამაშა. მწვრთნელებმა ძირითადის ფეხბურთელები დაასვენეს და სხვა მოთამაშეებს მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

  • კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, ის არის, რომ "ბაიერნმა" საშინაო კედლებში, "ალიანც არენაზე" პსჟ-სთან გამართული 6 შეხვედრიდან 5მოიგეს და ჯამში 15 გოლის გატანა მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ მოედანზე აშრაფ ჰაკიმის გარეშე გამოვა - ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს.

  • ორივე გუნდის შეტევის ხაზი დაუნდობელია - ასე აფასებენ სპორტული გამოცემები "ბაიერნისა" და პსჟ-ს შეტევით შესაძლებლობებს და პარიზელების მხრიდან განსაკუთრებით გამოყოფენ ხვიჩა კვარაცხელიას როლს, როგორც ინდივიდუალური შემსრულებლის.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 43 გოლი გაიტანა, ბაიერნმა კი - 42, ორივე გუნდი კი უახლოვდება "ბარსელონას" დიდი ხნის რეკორდს - "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის" ერთ სეზონში 45 გოლი აქვს გატანილი.