ცოტა ხნის წინ ფრანგულ "Voice“-ში გამოჩნდა მონაწილე, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა მისი გამორჩეული შესრულებითა და ქარიზმით.
მომღერალ ვლადიმერ კორნეევს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, ატირებულმა ლარა ფაბიანმა კი მასთან ერთად იმღერა.
როგორც 38 წლის ვლადიმერმა ჟიურის წევრებს განუცხადა, ის ქართველია, რომელიც სამშობლოდან ომს გამოექცა. მაშინ ძალიან პატარა იყო, თუმცა მანგლისში დაბადებულ ბიჭს, დღემდე თან სდევს სამშობლოს მონატრების სევდა.
ვლადიმირ კორნეევი საქართველოში, მანგლისში 1987 წელს ქართულ-რუსულ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს დაემთხვა. მამამ, რომელიც ავღანეთის ომში მძიმედ იყო დაჭრილი, ვეღარ შეძლო უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება და ოჯახი იძულებული გახდა, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში გაქცეულიყო. იმჟამად ვლადიმირი სულ 5 წლის იყო.
"იმ დროს ლაპარაკი არ შემეძლო, რადგან ენაბორძიკობა მქონდა. პიანინოზე დაკვრა და სიმღერა ყოველთვის მეხმარებოდა პატარა ბიჭობისას", - იხსენებს მომღერალი.
მასთან ინტერვიუ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ჩაწერა.
“საქართველოსთან ემოციური კავშირი არასდროს გამიწყვეტია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ქართულად ვერ ვლაპარაკობ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ემიგრაციაში წავედით, თუმცა მამამ სუფთად იცოდა ქართული, ისევე როგორც საქართველოში ჩვენმა ოჯახმა. ამ დანაკლისის შევსებას ქართული სამზარეულოთი ვცდილობ.
ქართული სამზარეულო ჩემი ცხოვრებაა, დედა ძალიან გემრიელად ამზადებს ხინკალს, ხაჭაპურს, ფხალს, ჩახოხბილს... მე თვითონაც ძალიან გემრიელად ვამზადებ მეგობრებისთვის. შრომატევადია, მაგრამ მაინც. აქ ბევრი ქართული რესტორანია, როცა მეკითხებიან რომელია საუკეთესო, ყოველთვის ვპასუხობ,- ჩემი სამზარეულო-მეთქი,“ - აღნიშნა მომღერალმა.
“ეს არის პირველი შოუ სადაც ჩემი ცხოვრების გზას მუსიკასთან ერთად მოვყვები.

ძალიან ბევრი ისტორიაა საქართველოზეც. ისტორია მანგლისიდან იწყება, სადაც მე დავიბადე. იქაური ფიჭვების საოცარი სურნელი მახსოვს... მახსოვს ჩემი დიდი ბებია, რომელიც მედდა იყო. სწორედ მელო ბებომ მომავლინა ამ ქვეყანას. საღამოს პირველი ნაწილი მთლიანად საქართველოზეა, ჩემს ბავშვობაზე, ვიდრე ომის გამო ემიგრაციაში წავიდოდით.
შემდეგ იმ რთულ წლებზე, რომელიც ემიგრაციაში გავატარე. “საქართველო ლამაზო“ ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა. სპეციალურად ამ შოუსთვის მისი ახალი ვერსია შევქმენი რახმანინოვისეული ჟღერადობით. მე ფორტეპიანოზე ვუკრავ, ჩემი ბენდის წევრები კი ჩემთან ერთად, ქართულად მღერის.
საქართველოში დაბრუნება ჩემთვის დაუვიწყარი იყო. განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრების გაცნობა. ქართული მთები და ეკლესია შემიყვარდა.
ძველი ეკლესია მახსოვს მცხეთაში. იქ ერთი ქალი საქართველოს ისტორიას სამ ენაზე გვიყვებოდა. ყველაზე მეტად ხალხის სითბომ იმოქმედა. იმ მოსიყვარულე, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხის ბუნებამ.
მე გერმანიაში სრულიად მარტო გავიზარდე, დედმამიშვილების გარეშე და საქართველოში პირველად ვიგრძენი დიდი ოჯახის ცა - ეს ერთიანობა. თითქოს ფესვებს დავუბრუნდი და ვგრძნობ, რომ მას შემდეგ ჩემი ხმაც შეიცვალა. თითოეული ბგერა, რომელსაც ვმღერი, უფრო თბილი გახდა,“ -ჰყვება კორნეევი სიუჟეტში.
იხილეთ ასევე: