პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციას რეალური გზის დანახვას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება მზადაა, ოპოზიციას წაჰყვეს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ხელისუფლება ყოველთვის მზადაა, ამომრჩევლის წინაშე წარსდგეს პირნათლად, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რატომ ჯობია ესა თუ ის პოლიტიკური გუნდი მეორეს და რატომ არის რომ, ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად "შავ-ბნელ ოთახში საარჩევნო სისტემებს გვთავაზობენ".
მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ 2003 წლის ნოემბერში ქვეყანაში იყო მენტალობის პრობლემა და ამ ხელისუფლებას ჰქონდა პრივილეგია იმისა, რომ რაც სხვებმა ვერ შეძლეს, თავად ჩამოეყალიბებინათ ძლიერი სახელმწიფო.
მიხეილ მაჭავარიანმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რაზეც დღეს ოპოზიციამ ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ დებატებში არ იყო ძლიერი, რადგან მათ ვერ ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვები, განსხვავებით მინისტრებისაგან.
"კრიტიკა არ არის გზა, რამაც გამოსავალი უნდა მოგვიტანოს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა და დასძინა, რომ მთელ რიგ სფეროებში არსებობს პრობლემები და ხელისუფლება მზადაა მათ გადასაჭრელად.
"ამ პროცესში ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მარტო, სამშვიდობოზე ბოლომდე ერთად გავიტანოთ, მაგრამ ამას ქილიკის გარდა, ხელებდაკაპიწებული მუშაობა უნდა. თუ გზას დაგვანახვებთ, წამოვალთ", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.