ავტორი:

"ღარიბაშვილი ივანიშვილის ანაბარაა" - რატომ არ მოეწონათ ექსპრემიერის ოჯახის წევრებს ევროპარლამენტის ჩანაწერი და ითხოვს თუ არა ის შეწყალებას?

"ღარიბაშვილი ივანიშვილის ანაბარაა" - რატომ არ მოეწონათ ექსპრემიერის ოჯახის წევრებს ევროპარლამენტის ჩანაწერი და ითხოვს თუ არა ის შეწყალებას?

დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეწყალების თხოვნით არავისთვის მიუმართავს. ამის შესახებ ინტერესების დამცველმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ამასთან, მიხეილ შაყულაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა შეწყალება ითხოვოს. მისი თქმით, ექსპრემიერი თავს მხნედ გრძნობს და იმავე პოზიციაზე, რაც სასამართლოზე გააჟღერა.

"არც ბატონ ირაკლის მიუმართავს, არც მის დაცვას და არც ოჯახს. მოლაპარაკებები როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ახლა, თუ არის ოფიციალური განცხადება... და ასე, მოლაპარაკებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. სამომავლოდ მომავალში გადავწყვეტთ და ახლა, ამ ეტაპზე არავის არავისთვის მიუმართავს. თუ საჭირო გახდა, მოიხდის (ბოლომდე). ამ ეტაპზე, ვინაიდან არ ვარ არავისთან არაფერზე შეთანხმებული და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი, შესაბამისად, მაგიტომ ვერ ვამბობ.

თავს გრძნობს მხნედ. პოზიცია ისეთია, რაც სასამართლოზე დააფიქსირა, შესაბამისად, აღიარა დანაშაული", - ამბობს მიხეილ შაყულაშვილი. აღნიშნული კითხვით "პირველებმა" ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილსაც მიმართა, თუმცა კითხვის გაგონებისთანავე მან ტელეფონი გათიშა.

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ევროპარლამენტის ანგარიშში ყოფილი პრემიერის შესაძლო პატიმრობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხმაურებიან და მას "პროვოკაციულ ნაბიჯს“ უწოდებენ. ექსპრემიერის ცოლის ძმის ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ხსენება ევროპარლამენტის დოკუმენტში "ბინძური პროვოკაციაა“, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

  • შეგახსენებთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშში შევიდა შესწორება ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ.

"ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.

  • ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების რიტორიკა "კრებსითი ქოცის“ მაგალითია.

"ამ ურა პატრიოტიზმს ამოფარებული ოჯახის წევრები, რომლებიც თბილად არიან ახლა და ასე რომ ვთქვათ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რაც ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მიიღეს, და ახლა დაფრთხნენ, რომ ემანდ ჩვენც რამე არ მოგვივიდესო და ის ჩალპეს თუ უნდა ციხეში... და, პატრიოტიზმს ეფარებიან და ასეთ ურა პატრიოტულ, ყოვლად ამაზრზენ განცხადებებს აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ აი, ლექსო თამაზაშვილის მაგალითზე შეიძლება კრებსითი ქოცი ძალიან კარგად დავინახოთ. რომელი ნორმალური სამყარო მიიღებს ისეთ ადამიანს, როგორიც ღარიბაშვილია? ისევ ივანიშვილის ანაბარა უნდა იყოს და ივანიშვილმა ზუსტად ასეთი ხალხი შემოიკრიბა, რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ", - ამბობს ხუხაშვილი.

იხილეთ ასევე: