2026 წელი თოვლით დაიწყო - 2 იანვარს პირველი თოვლი მოვიდა. ნალექი თოვლის სახით იანვარში ისევ მოვიდა და არც ისე მიცერე რაოდენობით. ჯამში კი - იანვარ-თებერვალში მოსული თოვლის რაოდენობამ ყველანაირ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა. შემდეგ პერიოდში ნალექი უკვე წვიმის სახით გაძლიერდა.
რამ გამოიწვია ასეთი ჭარბი ნალექი, ამ თემაზე თამარ პაპაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის პროგნოზების და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, მეხუთე თვე დაიწყო და უნალექო პერიოდი ნაკლებად გვახსოვს. სპეციალისტები როგორ ხსნით ნალექის ასეთ მოჭარბებას და რასთან გვაქვს საქმე?
- ნამდვილად ასეა, თქვენი დაკვირვება სრულიად ზუსტია. იანვრიდან მოყოლებული, მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით, საქართველოში ძირითადად არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება. ხშირია ლოკალური ხასიათის, თუმცა ძლიერი წვიმები და ხანგრძლივი ნალექიანი პერიოდები. ეს ყველაფერი არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა უშუალოდ საქართველოზე ამჟამად ორი ძირითადი პროცესი მოქმედებს: ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი შემოჭრა და ხმელთაშუა ზღვის ციკლონების აქტივობა. სწორედ მათი გავლენა ქმნის ამ არამდგრად გარემოს. თუ გავიხსენებთ იანვარს, თბილისში უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა - მართლაც გახანგრძლივებული თოვა, რომელიც 41 საათს გაგრძელდა. მსგავსი რამ ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურების ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათწლეულების მონაცემებით, არ გვქონია...
- თებერვალიც არანაკლებ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით - თბილისისთვის...
- დიახ, თებერვალში თბილისში კვლავ მოვიდა ძლიერი თოვლი, ოღონდ, უკვე სველი, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა: შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ბოტანიკური ბაღის მცენარეები. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ორ დღეში თვის ნორმაზე ხუთჯერ-ექვსჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ამასთანავე, თებერვალი იმითაც იყო უჩვეულო, რომ საშუალო ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იყო. ასეთი ტემპერატურული ფონისა და ნალექის რაოდენობის თანხვედრა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. შემდეგ იყო ცივი და ნალექიანი მარტი, არამდგრადი აპრილი და ახლა - მაისის პირველი ნახევარი.

- რას უკავშირდება ჰაერის მასების ასეთი ინტენსიური და ხშირი შემოსვლა?
- ეს უკვე უფრო ფართო მეტეოროლოგიური და კლიმატური კვლევის საგანია. არსებობს ე.წ. „შორეული კავშირები“ (Teleconnection), რაც ატმოსფერულ პროცესებს შორის არსებულ გლობალურ ურთიერთქმედებას გულისხმობს. ამის მარტივად ახსნა რთულია, თუმცა შეგვიძლია ვახსენოთ სტრატოსფერული პროცესები და „ჭავური დენები“. "ჭავლური დენები“ ბევრად დაბლაა სტრატოსფეროში, სადღაც 10 კილომეტრის სიმაღლეზე და უშუალოდ ამინდზე მოქმედებს. პოლუსის გარშემო, ძალიან ძლიერი დასავლური ქარები ქრის. როდესაც ეს ქარები ძლიერია, ისინი პოლარულ სიცივეს ზედა განედებზე აკავებენ. თუმცა, როდესაც ეს ქარები სუსტდება, პოლარული სიცივე „იღვრება“ ქვედა განედებისკენ. ზონალური ქარი ცოტა უფრო განსხვავებული მოვლენაა. წელს სწორედ ასეთი სურათი გვქონდა - ამ ქარების პერიოდულმა შესუსტებამ და სტრატოსფერულმა დათბობამ გამოიწვია ის, რომ ცივი მასები უფრო თავისუფლად ჩამოდიოდა სამხრეთით. ეს ფართომასშტაბიანი მოვლენაა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დიდ ნაწილზე მოქმედებს და საქართველოში ასეთი ხანგრძლივი არამდგრადობით გამოიხატა.
- ამ დასკვნებს თქვენს დაკვირვებებზე დაყრდნობით აკეთებთ?
- რა თქმა უნდა, ვეყრდნობით როგორც საკუთარ მონაცემებს, ისე ევროპის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიან მოდელებს. რაც შეეხება უახლოეს დღეებს: კვლავ ნარჩუნდება არამდგრადობა. ხმელთაშუა ზღვაზე ისევ ყალიბდება ციკლონური აქტივობა, რომელიც საქართველოსკენ მოემართება. 9 და 10 მაისს ცოტა დათბება, თუმცა 12 მაისიდან კვლავ ველოდებით ამინდის გაუარესებას. 13-14 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ვინაიდან უკვე მაისია, ეს ის ფაზაა, როდესაც ხშირია სეტყვაც. ეს არამდგრადი პერიოდი, სავარაუდოდ, 18 მაისამდე გასტანს.
- ამინდზე ხალხურ დაკვირვებებზე რას იტყვით? აი, მაგალითად, მთვარეს რომ აკვირდებიან და მსგავსი რამ რომ არსებობს... მეცნიერული კუთხით თუ აქვს ამას რაიმე გამართლება?
- იცით, ეს ძალიან საინტერესო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები გვაქვს, ხალხურ დაკვირვებებს ხშირად აბსოლუტურად რეალური ფიზიკური საფუძველი აქვს. ადრე ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა პროგნოზებზე, აკვირდებოდნენ ღრუბლების ფორმას, ფერს, ქარის მიმართულებას. ღრუბელი ხომ უბრალოდ „ნივთი“ არ არის, ის ატმოსფერული პროცესის ვიზუალიზაციაა. მაგალითად, როდესაც ცაზე ჩნდება ფრთისებრი ღრუბლები (ე.წ. ცირუსები), ეს ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ მოახლოებულია ატმოსფერული ფრონტი და რამდენიმე დღეში წვიმა მოვა. ასე რომ, ხალხური დაკვირვებები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის - ეს ბუნებრივ მოვლენებზე საუკუნოვანი გამოცდილებაა...
- თუ ასეა, მაშინ ამ წლის, ყოველი თვის ახალი მთვარე, ხალხის აღნიშნული დაკვირვებებიდან გამომდინარე, ნალექის მომასწავებელი იყო... საერთოდ, მუდმივად ასეთი ქაოსი რატომ არის ატმოსფეროში?
- ატმოსფერო ცოცხალი და მუდმივად ცვალებადი სისტემაა, იქ სტატიკური არაფერია. განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, რომელიც რთული რელიეფით გამოირჩევა. თუმცა, მაქვს იმედისმომცემი პროგნოზიც: 18 მაისიდან შედარებით სტაბილური პერიოდი გველოდება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, მოიმატებს ტემპერატურა და გვექნება მეტი მზიანი დღე. საერთოდ, მაისის პირველი ნახევარი ყოველთვის არამდგრადობით ხასიათდება, ეს ამ თვის ბუნებაა.
- მაგრამ წელს ხომ ყოველგვარი ნორმა და ზღვარი დაირღვა? ზოგან აპრილის ბოლოსაც კი მოთოვა, როცა ხეხილი უკვე აყვავებული იყო.
- თბილისისთვის წლევანდელი მაჩვენებლები მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. რაც შეეხება მთიან რეგიონებს, ან მაღალმთიან ზონას (2000 მეტრზე ზევით), იქ აპრილის ბოლოს თოვლი დიდი გადახრა არ არის, თუმცა ბარში აყვავებული ხეების ფონზე თოვლის მოსვლა, რა თქმა უნდა, ანომალიად აღიქმება.
- ზაფხულზე თუ გაქვთ რაიმე წინასწარი მონახაზი? როგორი ზაფხული გველოდება?
- ჯერჯერობით კალენდარული გაზაფხული არ დასრულებულა და ზუსტი პროგნოზირება რთულია, თუმცა ზოგადი ტენდენცია ასეთია: ჩვენ ვიმყოფებით სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ ნაწილში. გაზაფხულზე სამხრეთში უკვე ცხელა, ჩრდილოეთში კი კვლავ ცივა. ამ ორ სხვადასხვა მასას შორის იქმნება მკაცრი წარმოსახვითი ხაზი - ფრონტი. სწორედ ამ ტემპერატურული კონტრასტის გამო წარმოიქმნება დაბალი წნევის არეები და ციკლონები. წელს ამ პროცესებმა ძალიან ადრე დაიწყო აქტიურობა. თებერვალში ხმელთაშუა ზღვიდან ერთდროულად შემოდიოდა სითბო და ტენიანობა, რამაც გამოიწვია ძლიერი ნალექი დასავლეთში, ხოლო თვის ბოლოს კასპიის ზღვისა და სამხრეთის ციკლონების ერთდროულმა მოქმედებამ აღმოსავლეთ საქართველოში შექმნა რთული მეტეოროლოგიური სურათი.მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნება თავის კორექტივებს ყოველთვის შეიტანს, თუმცა უახლოეს პერიოდში ნამდვილად ველოდებით უფრო თბილ და სტაბილურ დღეებს.
წაიკითხეთ ასევე: