ავტორი:

"როცა პირველი მგზავრი გარდაიცვალა, კაპიტანმა თქვა, ბუნებრივი სიკვდილიაო, ყველა მის ქვრივს გადაეხვია... ეს გახდა საშინელების დასაწყისი" - როგორ იქცა თავგადასავალი ტრაგედიად

"როცა პირველი მგზავრი გარდაიცვალა, კაპიტანმა თქვა, ბუნებრივი სიკვდილიაო, ყველა მის ქვრივს გადაეხვია... ეს გახდა საშინელების დასაწყისი" - როგორ იქცა თავგადასავალი ტრაგედიად

ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე — MV Hondius — გავრცელებულმა ჰანტავირუსმა რამდენიმე მგზავრი იმსხვერპლა, ხოლო დანარჩენები კარანტინის პირობებში აღმოჩნდნენ.

ამჟამინდელი მძიმე სურათის მიუხედავად, რამდენიმე კვირის წინ გემზე სრულიად განსხვავებული განწყობა სუფევდა. მგზავრებსა და ეკიპაჟს შორის აღფრთოვანება და თავგადასავლების სურვილი იგრძნობოდა...

39-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მგზავრები ერთად სადილობდნენ, ახალ ადგილებს იკვლევდნენ და დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ რეგიონებში დაუვიწყარ გამოცდილებას იზიარებდნენ.

MV Hondius-ის „ატლანტიკური ოდისეა“ თავდაპირველად უნიკალურ ექსპედიციად მიიჩნეოდა. მგზავრებმა, რომლებმაც კაიუტებისთვის 25 000 ფუნტ სტერლინგამდე გადაიხადეს, მოგზაურობა სამხრეთ ატლანტიკისა და ანტარქტიკის ბუნების სანახავად დაიწყეს. ექსპედიციის მონაწილეები აისბერგებს, პინგვინებს, ვეშაპებსა და იშვიათ ფრინველებს აკვირდებოდნენ.

გემზე სწრაფად ჩამოყალიბდა ახლო ურთიერთობები და მეგობრობა — თუმცა ეს მშვიდი და რომანტიკული მოგზაურობა საბოლოოდ ტრაგედიად გადაიქცა.

ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ მღრღნელები ავრცელებენ, იშვიათ შემთხვევებში ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. ექიმების ინფორმაციით, გემზე დაფიქსირებული შტამი განსაკუთრებით საშიშია და მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ს აღწევს.

გემის ერთ-ერთი მგზავრი, ორი შვილის მამა და კინორეჟისორი რუჰი სენეტი, ამჟამად სტამბოლში თვითიზოლაციაში იმყოფება და ამბობს, რომ მგზავრებს თავდაპირველად რეალური საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

სენეტის თქმით, 12 აპრილს კაპიტანმა მგზავრებს აცნობა, რომ 70 წლის ჰოლანდიელი მამაკაცი გარდაიცვალა. მისი თქმით, ეკიპაჟმა მაშინ განაცხადა, რომ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული და ინფექციის საფრთხე არ არსებობდა.

  • რუჰი იხსენებს, რომ მგზავრები გარდაცვლილის მეუღლეს ამხნევებდნენ და ეხუტებოდნენ. მოგვიანებით ქალი თავადაც შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისი თქმით, გემზე ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა — მგზავრები ერთად ჭამდნენ, სვამდნენ, ესწრებოდნენ ლექციებს, ვარჯიშობდნენ და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ.

„იმის გააზრება, რომ ვირუსი ჩვენს შორის იყო და ყველანი ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ძალიან საშიშია,“ — ამბობს სენეტი.

ჰოლანდიელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ მგზავრებს მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალებები დაურიგდათ. როგორც რუჰი სენეტი ამბობს, პირბადეები არავის ეკეთა და გემზე მხოლოდ ერთი ექიმი მუშაობდა. მისი თქმით, თავიდან ბევრი ფიქრობდა, რომ ადამიანები უბრალოდ ზღვის ავადმყოფობას უჩიოდნენ.

მეორე გარდაცვალების შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ ბორტზე ვირუსი ვრცელდებოდა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გემი გზად ტრისტან და კუნიაზე გაჩერდა - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ დასახლებულ კუნძულზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუნძულზე მცხოვრებ ერთ ბრიტანელს ჰანტავირუსის სიმპტომებით მკურნალობდნენ.

ამ დროისთვის გემზე ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული. ავად გახდნენ ექიმი, ექსპედიციის გიდი და სხვა მგზავრებიც. ნაწილი ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

გემზე ექიმის არყოფნის გამო ეკიპაჟმა დახმარებისთვის თავად მგზავრებს მიმართა. ერთ-ერთი მათგანი პენსიაზე გასული ონკოლოგი სტივენ კორნფელდი აღმოჩნდა, რომელმაც სამედიცინო დახმარების გაწევა საკუთარ თავზე აიღო.

"ერთგვარად, გემის ექიმის როლში აღმოვჩნდი,“ — ამბობს კორნფელდი.

სამედიცინო რესურსები შეზღუდული აღმოჩნდა — ძირითადად ხელმისაწვდომი იყო ჟანგბადის ბალონები, დამცავი ნიღბები და პირველადი მედიკამენტები. მოგვიანებით ნიდერლანდებიდან ორი ინფექციონისტი ექიმიც შეუერთდა ეკიპაჟს.

მიუხედავად მძიმე ვითარებისა, დარჩენილი მგზავრები სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობენ.

ამავე დროს, საერთაშორისო ჯანდაცვის უწყებები ცდილობენ დაადგინონ, საიდან გავრცელდა ვირუსი. გამოძიების მთავარი მიმართულება სამხრეთ ამერიკის რეგიონ უშუაიაზეა კონცენტრირებული, სადაც სავარაუდოდ ჰანტავირუსის ანდური შტამის მატარებელი მღრღნელები ბინადრობენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ჰანტავირუსების უმეტესობა ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა ანდური შტამი გამონაკლისია და ახლო კონტაქტის დროს გავრცელება შეუძლია. სწორედ ამიტომ მიიჩნევა საკრუიზო გემი ინფექციის გავრცელებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ გარემოდ.

ექსპერტების თქმით, ეს შემთხვევა ახალი პანდემიის ნიშნებს არ ქმნის, თუმცა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კონტაქტების მოკვლევა და მონიტორინგი უკვე მიმდინარეობს.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: