საკრუიზო გემზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან იღებს მგზავრებს, ჰანტავირუსის აფეთქებას ხელისუფლების წარმომადგენლები, წარმოუდგენელი სერიოზულობით ეკიდებიან.
3 მგზავრი გარდაიცვალა უშუალოდ გემზე, რომელიც არგენტინიდან ერთი თვის წინ გამოვიდა. კიდევ 4 ადამიანის სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა გემიდან მკურნალობის მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია იმ პირების მოსაძიებლად, რომლებიც შესაძლოა ვირუსის ზემოქმედების ქვეშ არიან და უკვე გაფრინდნენ შინ მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ნიდერლანდებში, აშშ-სა და შვეიცარიაში.
ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მგზავრს - შვეიცარიელ მამაკაცს, რომელიც ცოლთან ერთად უკვე სამშობლოში დაბრუნდა - ოთხშაბათს ჰანტავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია. მაშ, უნდა ვინერვიულოთ თუ არა?

ხუთშაბათს გაკეთებულ განახლებულ განცხადებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დოქტორმა მარია ვან კერხოვემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის პანდემიის დასაწყისი. მისი თქმით: “ეს არ არის კოვიდი, ეს არ არის გრიპი, ის სულ სხვანაირად ვრცელდება“.
“ისეთი დაავადებებისგან განსხვავებით, როგორიცაა წითელა, რომელიც ძალიან გადამდებია და ადვილად ვრცელდება, ჰანტავირუსის “ანდური“ (Andes) შტამი, რომელიც ამ აფეთქების უკან დგას, არც ისე ინფექციურია. ადამიანიდან ადამიანზე გადადება შესაძლებელია, მაგრამ ინფიცირების რისკი გლობალურად დაბალი რჩება“, - აცხადებს ჯანმო.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ დაიწყო აფეთქება. ჰანტავირუსი, როგორც წესი, მღრღნელებისგან ვრცელდება; ადამიანები ინფიცირდებიან მღრღნელების შარდის, ექსკრემენტების ან ნერწყვის ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით. კრუიზი სტუმრობდა ველური ბუნების შორეულ ადგილებს, ამიტომ მგზავრი შესაძლოა ვირუსთან კონტაქტში სწორედ მაშინ, ან გემზე ასვლამდე მოხვედრილიყო.
ჯანდაცვის ექსპერტებს სჯერათ, რომ გემზე (MV Hondius) დაინფიცირების ზოგიერთი შემთხვევა შესაძლოა სწორედ ადამიანებს შორის გადაცემით მომხდარიყო. საკრუიზო გემებზეც კი არის შედარებით ვიწრო ან შეზღუდული საცხოვრებელი პირობები, სადაც ადამიანები იზიარებენ კაიუტებსა და სასადილო ზონებს - ადგილებს, სადაც ინფექციები შეიძლება გავრცელდეს.
3 დაღუპულს შორის არის ნიდერლანდელი ქალი, რომელმაც ხომალდი 24 აპრილს, წმინდა ელენეს კუნძულზე გაჩერებისას დატოვა. იგი კაიუტას იზიარებდა მეუღლესთან, რომელიც მანამდე, 11 აპრილს, გემზე გარდაიცვალა (თუმცა ამჟამად უცნობია, არის თუ არა ის ჰანტავირუსის ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევა). გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) აცხადებს, რომ ჰანტავირუსი გარე სამყაროში არ ვრცელდება ყოველდღიური სოციალური კონტაქტებით, როგორიცაა სიარული საჯარო სივრცეებში, მაღაზიებში, სამუშაო ადგილებზე ან სკოლებში.

სიმპტომები, როგორც წესი, ვირუსთან კონტაქტიდან ორიდან 4კვირაში ვლინდება, თუმცა შეიძლება ერთი თვის შემდეგაც იჩინოს თავი. ყველა პირი ან “კონტაქტი“, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებულიყო - მათ შორის გემზე, საავადმყოფოში ან იმ რეისებზე, სადაც მგზავრებმა იმგზავრეს, მონიტორინგის ქვეშ იქნება.
“კონტაქტების მოძიების სამუშაოები “საკმაოდ გიგანტური ძალისხმევაა“ და მას გარკვეული დროის განმავლობაში გავაგრძელებთ,“ - განაცხადა პროფესორმა რობინ მეიმ.
ბრიტანელ მგზავრებს, რომლებიც საკრუიზო გემიდან ბრუნდებიან, სიფრთხილის მიზნით მოეთხოვებათ 45-დღიანი თვითიზოლაცია. ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ამ კრუიზთან, რისკი “ნამდვილად უმნიშვნელოა“.
“ანდური“ შტამით დაავადებულებს შეიძლება ჰქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი. ასევე შესაძლებელია სუნთქვის უკმარისობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება ან დიარეა. ინფექციის დიაგნოსტიკისთვის ტესტები არსებობს, თუმცა სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა საავადმყოფოში ადრეულ სამედიცინო დახმარებას შეუძლია გადარჩენის შანსების გაუმჯობესება.
MV Hondius ამჟამად ესპანეთის კანარის კუნძულებისკენ მიცურავს მას შემდეგ, რაც სამი დღის განმავლობაში კაბო-ვერდესთან იყო ღუზაზე გაჩერებული. დაგეგმილია, რომ დარჩენილი მგზავრები და ეკიპაჟი თავიანთ ქვეყნებში გაფრინდნენ. ევაკუაციამდე გემს პროფესიონალური სრული დეზინფექცია (deep cleaning) ჩაუტარდა. კომპანია Oceanwide Expeditions-მა განაცხადა, რომ გემზე მყოფ არცერთ პირს ამჟამად სიმპტომები არ აღენიშნება.
დიდ ბრიტანეთში ორი მოქალაქე, რომლებმაც გემი წმინდა ელენეს კუნძულზე დატოვეს, ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში იმყოფება. აშშ-ში, ჯორჯიისა და არიზონას შტატების ჯანდაცვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მეთვალყურეობას უწევენ სამ მგზავრს, რომლებიც შინ დაბრუნდნენ; ამჟამად არცერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს.
იხილეთ ასევე: