ჰანტავირუსით დაინფიცირებული პირველი მგზავრი - “ნულოვანი პაციენტი“, რომელიც Hondius-ის კრუიზზე იმყოფებოდა, ორნითოლოგი (ორნითოლოგია - ფრინველების შემსწავლელი მეცნიერება) ლეო შილპერურდი აღმოჩნდა, რომელსაც ფრინველებით გატაცება სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
70 წლის მამაკაცი და მისი 69 წლის მეუღლე, მირჯამ შილპერურდი სამხრეთ ამერიკაში ხუთთვიან მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. ისინი არგენტინაში 27 ნოემბერს ჩავიდნენ, შემდეგ ჩილესა და ურუგვაის გავლით მარტის ბოლოს არგენტინაში დაბრუნდნენ, სადაც მათ ფრინველებზე დაკვირვებაში გაატარეს დრო.

შიპერურდები 27 მარტს არგენტინაში დაბრუნდნენ და უშუიას ქალაქიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით მდებარე ნაგავსაყრელს ეწვივნენ. ამ ადგილს ადგილობრივები ჭირივით ერიდებიან, თუმცა ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის ეს ადგილი რჩეულ ადგილთა ნუსხაშია - ისინი თეთრყელიანი კარაკარას ძიებაში ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ.

არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ჰოლანდიელმა წყვილმა უშუიას ნაგავსაყრელზე შეისუნთქა გრძელკუდა ჯუჯა ბრინჯის ვირთხების განავლის ნაწილაკები, რომლებიც ჰანტავირუსის საშიშ ანდურ შტამს ატარებენ (ერთადერთი ფორმა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის).

ოთხი დღის შემდეგ, წყვილი 112 სხვა ადამიანთან ერთად, რომელთა უმეტესობა ფრინველებზე დამკვირვებელი ან მეცნიერი იყო, Hondius-ის კრუიზზე ავიდა. 6 აპრილს ლეომ განაცხადა, რომ სიცხე ჰქონდა, აწუხებდა თავისა და კუჭის ტკივილი და დიარეა. 5 დღის შემდეგ 70 წლის მამაკაცი გემზევე გარდაიცვალა.
მირიამი გემიდან 24 აპრილს მეუღლის ცხედრის თანხლებით გადმოვიდა ატლანტის ოკეანის კუნძულ სანტა ჰელენაზე. ის სამხრეთ აფრიკის გავლით ნიდერლანდებისკენ მიდიოდა, თუმცა მანაც ვერ მიაღწია სახლამდე: ქალი შეუძლოდ შეიქნა, აეროპორტში გონება დაკარგა და მეორე დღეს ისიც გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გემი არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ლეო შილპერურდი გარდაიცვალა. მისი მეუღლე, მირიამი 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს კი გემზე გერმანელი მგზავრიც გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ გემზე სიმპტომები არავის აღენიშნებოდა, მგზავრები და ეკიპაჟი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავიანთ კაბინებში იყვნენ გამოკეტილები. გემი ტენერიფეში დღეს დილით ჩავიდა. თითოეულ მგზავრს ჰანტავირუსზე შემოწმება ჩაუტარდება.
წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: