Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ სტუმარი იყო შემეცნებითი მედია პროექტების ავტორი, პროდიუსერი და წამყვანი ოლგა ბაბლუანი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა, რომლის პირველი ნაწილი ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ. ახლა გთავაზობთ ინტერვიუდან დარჩენილ ეპიზოდებს, ხოლო “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
უცნობი:
- როგორია ბაბლუანების კინო და გავიხსენოთ გენიალური “უძინართა მზე“...
- ბაბლუანების კინო არის ძალიან დრამატული, ძირითადად, სოციალური დრამები. ეს არის მაინც, ასე ვთქვათ, სუფთა მასკულინური, კაცების კინო, სადაც ძალიან ცოტაა ქალის ადგილიც. როგორ გამომდის, არა? დღევანდელ სამყაროში ვითომ ქალისა და კაცის ჭიდილიდან თემა, მაგრამ რეალურადაც ასეა. ძირითადად არის სოციალურად დამკვიდრებისთვის ბრძოლა, ცოტა სოციუმიდან გარიყული ადამიანების კუთხით დანახული. ამიტომ ყველა ფილმი მაინც, ასე თუ ისე, ამ ცხოვრებაში თავის დამკვიდრებას, საკუთარი ადგილის პოვნას და ამ თვითგადარჩენაზე არის მაინც აწყობილი, მიუხედავად დიდი ჰუმანურობისა, რაც ამ ფილმებს ყოველთვის დაჰყვებათ... მე ვთამაშობდი “13“-ში და საინტერესო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც, ასე თუ ისე, საკმაოდ მძიმე და რთულია ის, რაც მაინც ბაბლუანების ფილმებში ყოველთვის არსებობს. სოციალური დრამები - ეს ყოველთვის იყო.
რამ გამოიწვია, არ ვიცი, ალბათ, თემურის ცხოვრების სტილმა, ხასიათმა, იმან, რომ მარტო მოუწია ყველაფრის შექმნა, იმან, რომ ალბათ, რასაც ეძახიან, საკუთარ თავის შექმნის ადამიანია, რომელსაც მამა არ ჰყავდა. “უძინართა მზეში“ მამამისის ისტორიაა და ყველაფრის მარტო გაკეთება მოუხდა. სვანეთიდან იყო თბილისში ჩამოსული და ეს არ იყო ადვილი პერიოდი, როცა შეეძლო, ვთქვათ, მარტივად დაემკვიდრებინა თავი. ყოველთვის ძლიერი ხასიათი ჰქონდა. თან ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მახსოვს, სულ ჰყვებოდა, კონსტანტინე გამსახურდია შემხვდა, 53-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი ნაწერი მივეცი და ვუთხარი, რომ ბატონო კონსტანტინე, ეს თქვენ უნდა წაიკითხოთო. როგორ? შენ ჩემი წასაკითხი გაქვს დაწერილი, რომ მე ეს წავიკითხოო. ახლა მე თქვენ სქელ წიგნებს თუ ვკითხულობ, თქვენც შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი პატარა ნაწარმოები, ხომ შეძლებთო?..
ყოველთვის ეს ჰქონდა, რაღაც ამაყი იყო, - ასეთი სვანური ხასიათი ჰქონდა. იყო ძალიან ნიჭიერი... მერე კიდევ შეხვედრია კონსტანტინე, თემურს ჰყავდა სვანეთიდან ჩამოყვანილი პატარა დათვი (მინდა გითხრათ, როგორი მხიარული კაცი იყო) და ის დათვი აჩუქა. მერე კონსტანტინეს კოლხურ კოშკში ჰყავდა. თემურის მეგობრები ჰყვებოდნენ - კონსტანტინემ უთხრა, - ნიჭი გაქვს ისეთი, აი, ცარიელი ნიჭი დადიხარო. მოკლედ, თვითნაბადი ტიპი იყო, თან, ძალიან მგრძნობიარე და ბავშურად სამართლიანი. ეს ყველაფერი მასზე ძალიან მოქმედებდა ემოციურად. ამიტომ მისი შემოქმედებაც - “მზე, მთვარე და პურის ყანაც“ - დაახლოებით ეს არის, რომ ეს ადამიანი სულ თავის დამკვიდრებას ეძებს და თითქოს იმ სიყვარულის ძიებაშია. ეს მისი ხასიათიდან გამომდინარეა, ძალიან ძლიერი და კომპლექსური ადამიანია - ალბათ ამან გამოიწვია.
“უძინართა მზე“ ჩემი ბავშვობის ლეიტმოტივი იყო და ალბათ არა მხოლოდ ჩემი ბავშვობის, მთელი თაობის იმიტომ, რომ ეს იყო ეპოქალური, სოციალური დრამა. რაც ამ ფილმში ხდებოდა, ეს ქართულ კინოში ასე თუ ისე ასახული არ იყო. თემურიმ იმ ტიპებს, ვინც ამ ფილმში იყვნენ, რაღაც ახალი ადგილი მიანიჭა. ისინიც ჰუმანურები, თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში და ასევე ძალიან კარგი “ადამიანური“ ღირებულებრივი თვისებებით იყვნენ, რაც ამ ფილმში ძალიან აღმატებულია. ამიტომ დღემდე ადამიანები, როგორც ხანდახან მესმის, ამ ფილმს როგორც აფასებენ, ეს იყო თითქოს მორალური კოდექსი. “ვერცხლის დათვი“ აიღო ბერლინში. მახსოვს, რამხელა ბედნიერება იყო ჩვენთვის, პატარები ვიყავით და რომ გავიგეთ, სადღაც ბერლინში “ვერცხლის დათვი“ აიღო ამ ფილმა... ინსტიტუტიდან მთელი ჯგუფები ამ ფილმის სანახავად ვიპარებოდით...
სცენარი სახლში განიხილებოდა, ვუყურებდი, როგორ იწერებოდა, ამ ფილმზე 10 წელი მუშაობდა და თითქოს ამ ფილმთან ერთად მეც გავიზარდე. ეს ფილმი რომ გამოვიდა, დარბაზებს ავსებდა - ეს იყო პირველი შემთხვევა და მნიშვნელოვანი ომის მერე... მერე საფრანგეთში წავედით. ამიტომ ჩემთვის ეს იყო გარდამტეხი ფილმი, ჩემი ბავშვობა და არა მხოლოდ ჩემი. ძალიან მიყვარს, მაგრამ საფრანგეთიდან უკვე სხვანაირად დავინახე, რას ნიშნავდა ეს ფილმი, ეს ადამიანები, მათი ცხოვრება - მაშინ დისტანცია არ მქონდა. კი, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე.
ნიკოლოზ ობგაძე:
- გელა ბაბლუაუნის ფილმი “13,“ ორიგინალს ვგულისხმობ, არსად იძებნება. რატომ? ამ ფილმზეც გვითხარით თქვენი აზრი.
- არ იძებნება? ფრანგულ პლატფორმებზე არსებობს, იმიტომ, რომ ეს ფრანგული ფილმია, ფრანგული წარმოება, მაგრამ ალბათ ეს “პირატულ“ საიტებზე არ არსებობს. ფრანგულ საიტებზე არსებობს, ხელმისაწვდომია, გამოწერით... ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ პლატფორმაზე შეიძლება იძებნებოდეს, მაგრამ მაგრამ არსებობს, კი. “13“ ასევე თვითგადარჩენა, თავის დამკვიდრება - ეს სცენარია. ეს იყო პირველი ეტაპი ზუსტად პროფესიონალურად საფრანგეთში თავის დამკვიდრების. გელამ ამ ფილმზე მუშაობა რომ დაიწყო, მამაჩემი აღშფოთებული იყო იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინა თვითონ როგორც უკვე შემდგარ რეჟისორს, რომ მის შვილს შეიძლება რაღაცა იდეა დაეწერა და ეს განხორციელებულიყო ისე, რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. თავიდან არ მოსწონდა აბსოლუტურად, ვერ იგებდა, რაზე ლაპარაკობდა გელა. როცა გელამ დაიწყო მუშაობა, მე ამ ფილმში ვთამაშობდი, თეატრალურ ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა. საინტერესო ის იყო, რომ თავიდან ამ ფილმის დაფინანსება თითქმის არავის არ უნდოდა. ამიტომ გელამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ფილმი დაეფინანსებინა. პირველი გადაიღო ბოლო რინგი, თვითონ თამაში - სროლა - ეს სცენა. მთავარ როლში გიორგი, ჩემი ძმა თამაშობს და როგორც კი ეს გადაიღო და პროდიუსერებს აჩვენა, შემდეგ უკვე წავიდა ამ ფილმის დაფინანსება. ზუსტად ისე იბრძოდა, შინაგანი მდგომარეობა ალბათ ისეთი ჰქონდა, რაც ამ ფილმში იყო. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად უნდოდა, პირველივე სათქმელი საფრანგეთში მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მერე იყო ნომინირებული გიორგი “სეზარზე“, ვენეციაში ამ ფილმმა “ოქროს ლომი“ აიღო - ევროპის საუკეთესო პრიზი. გელამ ამერიკაში გაყიდა უფლებები და ამერიკაში თვითონვე გადაიღო ამერიკული “13“. მინდა გითხრათ, რომ გელა ჰგავს თავის ფილმის პერსონაჟებს, ოღონდ, სხვა ფორმით. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ამ ოჯახის ცხოვრებაში საფრანგეთში. ის, რაც გელამ გააკეთა, ოჯახის დახმარებით, არ ვიცი, ამას რა ჰქვია? რა ნიჭი სჭირდება, მით უმეტეს, ამ ქვეყნიდან წასული ადამიანისთვის. ეს იყო ჩვენთვის “13“.
მაია:
- როგორ ფიქრობთ, პოსტსაბჭოთა გადმონაშთები დღეს ქართულ სინამდვილეში ხელს რაში გვიშლის?
- ძალიან ბევრ რამეში გვიშლის. პირველ რიგში საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენ, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ დღეს დამოუკიდებლები ვართ, როდესაც 30%-მდე შენი ქვეყნის რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული და სხვა ქვეყნის არჩევნებში ერევა რუსეთი, სასაცილო იქნება ვთქვათ, რომ 200 წელი რუსეთი იყო ჩვენი ასეთი “დამპყრობელი“ და რანაირად შეიძლება, რომ დღეს რუსეთზე არ იყო მიბმული. ეს გამორიცხულია. ამიტომ საქართველოს სუვერენიტეტი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას უკვე ძალიან დიდი ხანია. რაში გვიშლის საბჭოთა მენტალიტეტში? ჯერ ერთი 30-იანი წლები რომ გავიხსენოთ, ორი ოჯახიდან ერთი, სტალინის რეპრესიებიდან გამომდინარე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც დახვრეტილი არ ყოფილიყო. ვისაც ოდნავი აზროვნების უნარი და ოდნავი აზროვნების საშუალებაც კი ჰქონდა, ჩვენი გენიოსები ყველა, ვინც დამოუკიდებლობის პერიოდის მერე და მანამდეც საუკუნის დასაწყისში გენიალური ხელოვანები იყვნენ, ყველა დახვრიტეს. ეს ნიშნავდა, რომ საშინელი ტერორის, ჩაშვების და შიშის ქვეშ იყო ქვეყანა და ასე მარტივად არ ივიწყება.
შემდეგ იყო ნეპოტიზმი, მარტივი სახელმწიფოსთან დამოკიდებულება ურთიერთობებით, როგორ ხდებოდა გამდიდრება სახელმწიფოს ხარჯზე. მერე ის, რომ ზემოდან წყვეტდნენ ქვემოთ, ჩაშვების ინსტიტუტი - ეს ქვეყანა უამრავი საშინელი წნეხის ქვეშ იყო. დღეს ამას, რა თქმა უნდა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად თუ ყოველდღიურობაში მაინც ვიმკით. ამიტომ, ეს არ არის ისეთი მარტივი დასასრული, როგორიც ჩვენ გვგონია. ალბათ კიდევ კარგი ის არის, რომ გლობალიზაციის პერიოდია და ინტერნეტ-სამყაროა, საზღვრები გახსნილია და ახალგაზრდებს შეუძლიათ, ნელ-ნელა და უფრო ძლიერად მოერიონ ამ ყველაფერს და გამოვიდნენ ამ რეალობიდან. რა თქმა უნდა, ეს არის საბჭოთა ტრავმები. შიში ყოველთვის ცვლის ადამიანის ფსიქიკას, შეიძლება სულ სხვა ადამიანი იყო და წნეხით და საშინელი გარემოს გამო სულ სხვა გამოჩნდე. ფაქტობრივად ზონა იყო. ზონიდან რომ გადიხარ, შეიძლება სულ სხვა ადამიანი იყო. ამიტომ ძალიან რთულია და დღეს ყოველდღიურად ამის ნაშთს ვიმკით. ეს არის რაღაც პოსტსაბჭოთა კავკასიური, ველური, კაპიტალისტური, რაღაც ნეოფეუდალისტური პოლიტიკური ღერძით - აბსოლუტური სიგიჟეა. ამიტომ რა წყობაა, ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით (წყობას ვეძახი ამას). კი, ძალიან რთულია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან შორს ვართ გეოგრაფიულად ევროპულ ცივილიზაციასთან. ხან აღმოსავლეთის გავლენის ქვეშ ვრჩებოდით და ხან დასავლეთის - უფრო იშვიათად. ამიტომ კიდევ ბევრი აქვს ახალგაზრდებს საბრძოლი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი, ოდნავ მაინც ცხოვრების, აზროვნების და ეკონომიკური სიძლიერის საშუალება.
მზიკო:
- როგორი დედა ხართ? მოგვიყევით შვილებზე და გაგვაცანით ისინი...
- ვერ გეტყვით, როგორი დედა ვარ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ჩემს შვილებს და ახლა უკვე მათთან დისტანცირება ხდება იმიტომ, რომ უკვე დიდები არიან. ერთი 31 წლის არის და მეორე არის - 20-ის. მე ვერ ვიქნებოდი ძალიან მკაცრი და არ შემეძლო აკრძალვები, მით უმეტეს, საფრანგეთში. ამიტომ ვცდილობდი, რომ მათ ყველანაირ ეტაპს, ეს იქნებოდა სიგიჟის თუ სიმშვიდის, გავყოლოდი მეთოდურად და ასე მყარად ვმდგარიყავი. მეცადა, რომ სწორი მიმართულებით, ჩემი ხედვიდან გამომდინარე, მიმეცა გზა და ყველა პერიოდი თავისუფლად მინდოდა, რომ ეცხოვრათ. რამდენად ეს გამომივიდა, ეს არ ვიცი. მაინც გვინდა, რომ ყოველთვის უფრო უკეთესი იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე არის. მერე განსხვავებული ხასიათი აქვთ.
უფროსი შვილი კომუნიკაციების სპეციალისტია და მუშაობდა დიდ კომპანიებში. მერე გადაწყვიტა, რომ არ შეეძლო კომპანიებში მუშაობა იმიტომ, რომ თვითონ დამოუკიდებლად უნდოდა ყველაფრის კეთება. არის გათხოვილი, მისი ქმარი ფრანგი ტურისელი ებრაელი და არის კინოსამყაროში. ლიკუნა ბუნებრივად მიდის უფრო ფოტოგრაფიისკენ და რაღაც ისეთი მხატვრული სთორითელინგისკენ, რაც თვითონ ძალიან აბედნიერებს, მას მოწონს და ძალიან კმაყოფილია. ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი არის მოდელი. მოდელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, პარიზში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ასე ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს და დიდ პოდიუმებზე დგას. მისთვის ეს ყველაფერი ახალია და ძალიან მინდა, რომ იყოს დაცული, ლაღი, ბედნიერი და იყოს იმ სამყაროში. მიუხედავად უდიდესი კონკურენციის და სირთულის ასე თავისუფალ, ლაღ და ბედნიერ ქალად იგრძნობენ თავს ორივე - აი, ეს არის ჩემი შვილების მიმართ სურვილი.
დიდი მადლობა კითხვებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.
იხილეთ ასევე: