ავტორი:

ქალი, რომელიც ერთდროულად ორი მამაკაცისგან დაორსულდა: როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ხდება ასე იშვიათად?

ქალი, რომელიც ერთდროულად ორი მამაკაცისგან დაორსულდა: როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ხდება ასე იშვიათად?

2018 წელს კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებულ პოპულაციური გენეტიკისა და იდენტიფიკაციის ლაბორატორიას მიმართა ქალმა, რომელსაც სურდა ორი წლის ტყუპი ვაჟების მამობის დადასტურება. ლაბორატორიაში ჩაატარეს მამობის სტანდარტული ტესტი, შემდეგ კი გადასამოწმებლად განმეორებითი, რადგან შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა: ბიჭებს ჰყავდათ ერთი დედა, მაგრამ სხვადასხვა მამა.

ეს არის უკიდურესად იშვიათი ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია - სხვადასხვა მამის მიერ კვერცხუჯრედების განაყოფიერება. მთელ მსოფლიოში სამეცნიერო ლიტერატურაში ადამიანებს შორის მხოლოდ 20-მდე მსგავსი შემთხვევაა აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ექსპერტებმა იცოდნენ, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, პრაქტიკაში მსგავს შემთხვევას არასოდეს შეხვედრიან.

  • როგორ გაირკვა ეს

მამობის ტესტის ჩასატარებლად მეცნიერები იყენებენ მიკროსატელიტური მარკერების ანალიზის მეთოდს, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს ბავშვის, დედის და სავარაუდო მამის დნმ-ის მცირე ფრაგმენტების ანალიზსა და შედარებას. ლაბორატორიის დირექტორის, პროფესორ უილიამ უსაკენის თქმით, ისინი თითოეული ადამიანის დნმ-ში იკვლევენ 15-დან 22-მდე უბანს, რომლებსაც მიკროსატელიტები ეწოდება, და მათ სათითაოდ ადარებენ.

ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ დნმ-ის შესწავლა მიკროსკოპის ქვეშ: თითიდან სისხლის აღების შემდეგ მეცნიერები ქიმიური გზით გამოაცალკევებენ დნმ-ს სხვა კომპონენტებისგან. შემდეგ დნმ თავსდება სპეციალურ მოწყობილობაში მისი ამპლიფიკაციისთვის, ანუ დნმ-ის უბნების დამატებითი ასლების შესაქმნელად. მიღებულ სითხეს ურევენ ფლუორესცენტულ საღებავებს საანალიზო უბნების მარკირებისთვის, შემდეგ კი ნიმუშს აანალიზებენ ელექტროფორეზის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა დნმ-ის ფრაგმენტები ზომის მიხედვით დაიყოს. აპარატი აფიქსირებს სიგნალებს და გადაჰყავს ისინი რიცხვით მონაცემებში. ამ რიცხვითი თანმიმდევრობების გამოყენებით მკვლევრები ადგენენ, რამდენად სავარაუდოა, რომ ტესტირებული მამაკაცი ბავშვის მამაა. როდესაც ბავშვის გენეტიკური პროფილის ნახევარი ემთხვევა დედის, ხოლო მეორე ნახევარი - სავარაუდო მამის პროფილს, მამობა დასტურდება.

კოლუმბიელი ბიჭების შემთხვევაში, მეცნიერებმა დედის, ორივე ჩვილისა და ტესტირებაზე მოსული მამაკაცის დნმ-ში 17 მიკროსატელიტი გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის დნმ ემთხვეოდა მხოლოდ ერთ-ერთი ბავშვის დნმ-ს, მეორესი კი - არა.

  • რატომ არის ასეთი შემთხვევები ასე იშვიათი

2014 წელს ბალტიმორის (აშშ) ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 39,000 მამობის ტესტის მონაცემთა ბაზაში მათ ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციის მხოლოდ სამი შემთხვევის გამოვლენა შეძლეს.

ლაბორატორიის დირექტორი, პროფესორი უილიამ უსაკენი განმარტავს, რატომ არის ეს ბიოლოგიური მოვლენა ასე იშვიათი:

“ქალს უნდა ჰყავდეს ორი სქესობრივი პარტნიორი. მას უნდა ჰქონდეს კავშირი ორივე მამაკაცთან ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში. უნდა მოხდეს პოლიოვულაცია - ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ორი ან მეტი კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება. ორივე კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს.

ეს არის იშვიათი მოვლენა, რომელსაც ემატება კიდევ ერთი იშვიათი მოვლენა, პლუს კიდევ ერთი და შემდეგ კიდევ ერთი“, - ამბობს პროფესორი.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მამისგან გაჩენილი ტყუპები არ გამოიყურებიან იდენტურად. უმეტეს შემთხვევაში, თუ ქალს ერთზე მეტი კვერცხუჯრედის ოვულაცია აქვს და მხოლოდ ერთი მათგანი ნაყოფიერდება, დანარჩენები სწრაფად ბერდებიან და კვდებიან. აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის მონაცემებით, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოსვლიდან 24 საათზე ნაკლებს ცოცხლობს, ამიტომ მეორე განაყოფიერება მანამდე უნდა მოხდეს. თუმცა, ანდრეა კასასი განმარტავს, რომ კვერცხუჯრედები ყოველთვის ერთდროულად არ გამოდიან: ხანდახან ერთი საკვერცხე გამოყოფს ერთს, ხოლო ორი ან სამი დღის შემდეგ - მეორეს, რაც ზრდის სხვადასხვა დროს განაყოფიერების ალბათობას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს მოვლენა შესაძლოა ნაკლებად იშვიათი გახდეს მოლეკულური მეთოდების ხელმისაწვდომობისა და მამობის ტესტების მზარდი პოპულარობის გამო. თუმცა, კვლევის ეთიკა მეცნიერებს უკრძალავს კითხვების დასმას იმ ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც ტესტირებას გადიან.

წყარო

იხილეთ ასევე: