ამ წუთას არაფერი მაქვს სათქმელი. ახლა არის არჩევნები, ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა.
„ჩემი პოზიცია პოზიციაზე რჩება. მე შემიძლია გიპასუხოთ ერთი ლექსით: „იამბე ციხის ნაშალო, რა დრო გაქვს გამავლილიო, ან ვისგან ანაგები ხარ, ან ვისგან ჩამოშლილიო. ერთ სიტყვაი თქვა ციხემა, ძალიან გასაკვირიო: გამტეხა შიგნით ღალატმა, ჯერაც ამაზე ვტირიო, რად მაირიეთ იღბალი იმ რუსის ხელმწიფისანი, მას სთხოვეთ, მარიგეს ღმერთსა, სისხლახვეწილი გმირთანი“.
ჟამთა უთვლელი მყინვარწვერის ფერდობზე აღმართულმა გერგეთის წმინდა სამებამ დაიფაროს საქართველო“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.
წაიკითხეთ ასევე: