წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება.
"დღეს ვირჩევით კათოლიკოს - პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, - აღნიშნავს მეუფე ანდრია.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომელიმე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ჩახსნას, მეუფე ანდრია გვაზავა აღნიშნავს: „არა მგონია, მოხდეს საკუთარი თავის მოხსნა“.
რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.
"ამ კითხვაზე, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მეორე, როგორ გამოდის? ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.
„მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს. „იყავნ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობით გამოცდილება დააგროვა.
"იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. როგორც უფალი განაგებს ისე იქნება. როდესაც პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოირჩა, მეუფე შიოს ხმების უპირატესობა ჰქონდა, დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით.
არჩევანის გაკეთება პოზიციის გამოხატვაა, მაგრამ ეს საიდუმლოა თუ ვინ, ვის მისცა ხმა. მომავალ პატრიარქს გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ახალბედა არავინ არ იქნება. ჩვენი გამოწვევაა, რომ ერთობა იყოს ერში.
ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს, ეს კი რაღაცაზე მეტყველებს. შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა და მისი კურთხევით მოქმედებდა. ამიტომ მეუფე შიომ გარკვეული გამოცდილება მიიღო, პატრიარქთან ურთიერთობით“, - განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გამრეკელმა.
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პატრიარქის არჩევნებისას ადგილი ჰქონდეს ჩარევებს.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ყველა ეპისკოპოსი არის ძალიან პრინციპული.
„ყველა ეპისკოპოსს ვიცნობ, ზოგიერთთან ძალიან ახლობლური ურთიერთობა მაქვს. ვერცერთს ვერ ვაკადრებ პირადად მე, რომ ვიღაცა მივიდა... მეტსაც გეტყვით, ვმეგობრობ ძალიან ბევრთან, ეს მეგობრობაც კი არ მაძლევდა მორალურ უფლებას, რომ მეთქვა, ჩემი სიმპათია გამომეხატა, პირად ურთიერთობებში. ვერცერთ სასულიერო პირს, ეპისკოპოსს, ვერ დავადებ ხელს, რომ ვიღაცა მივიდა და რაღაცა უთხრა. ყველა ძალიან პრინციპული ხალხია“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.
წაიკითხეთ ასევე: